14
სექ
2018

სტარტაპი, რომელიც ბავშვების ნახატებს სამკაულებად აქცევს – მოგონებების მატერიალიზების გზა „დროის კაფსულასგან“

14 სექ 2018

Startauperi
Startauperi


3 თვეა, ქართულ ბაზარზე ბრენდი – „კაფსულა“ გამოჩნდა და ამ საკმაოდ მოკლე დროში, მან შეძლო მომხმარებლის ინტერესისა და კეთილგანწყობის მოპოვება. მიზეზი კი, შესაძლოა, არის შემდეგი – „დროის კაფსულა“ არის ბრენდი, რომელიც სამახსოვრო და ექსკლუზიურ სამკაულს პატარების ნახატებისგან ქმნის. პროდუქტის შექმნის იდეა ორ მეგობარს – ნინო ბუჟგულაშვილსა და ნინო გიგინეიშვილს ეკუთვნით, რომლებსაც ჰქონდათ ერთად მუშაობის გამოცდილება და ეძებდნენ ბიზნეს იდეას, საერთო ბრენდის ჩამოსაყალიბებლად:

 

ერთ-ერთი შეხვედრისას, შვილებთან ერთად ვიყავით. გოგონებმა – ლიზამ და ელენემ  ნახატების ხატვა დაიწყეს. ამაზე საუბრისას მოვიდა შთაგონება: რა მაგარი იქნებოდა ეს ნახატები ცხოვრების მანძილზე შეინახო და არ დაგავიწყდეს მათი არსებობა. სწორედ ეს გახდა პირველი შთაგონების წყარო – 10 წლის ლიზას და 8 წლის ელენეს ნახატები“, – გვიყვება ნინო ბუჟგულაშვილი.

ლიზა და ელენე

„დროის კაფსულას” ავტორები ამბობენ, რომ კომპანიის დაარსების მთავარი იდეაა, შეძლოს მოგონებების მატერიალიზება – მშობლებს, ნათლიებს, მეგობრებს, ნებისმიერს მისცენ საშუალება, ბავშვების ნახატები შეინარჩუნონ ისეთი ცოცხალი მოგონებების სახით, რომლებიც დროს გაუძლებს და ასე საუკეთესო საჩუქარი შექმნან.

კაფსულას კონცეპტი იდეალურად ერგება ბრენდს და მნიშვნელოვანი სენტიმენტების მატარებელია. Time Capsule – დროის კაფსულა ითვალისწინებს აწმყოს შენახვას, მოგონებების შენარჩუნებას, რაც ამ შემთხვევაში ზუსტად ის სერვისია, რასაც ბრენდი სთავაზობს მომხმარებელს. კაფსულა ემოციური და კონცეპტუალური ეკვივალენტია ბრენდის იდეის და მომავალში იძლევა ახალი პროდუქტების ქვებრენდებად დამატების საშუალებასაც“.

ბრენდის სახელზე ქეთა ვაშაყმაძემ, ხოლო ლოგოს შექმნაზე – ნანიკო შიხაშვილმა იმუშავეს. ქეთას თქმით, მუშაობის პროცესში სახელის რამდენიმე ვარიანტს განიხილავდნენ, მაგრამ მუდმივად კაფსულას უბრუნდებოდნენ.

M: რა მასალასა და ტექნოლოგიას იყენებთ „დროის კაფსულას“ პროდუქციის შესაქმნელად?
ქართულ ბრენდ „დროის კაფსულას“ პროდუქცია მზადდება ინდივიდუალურად და უნიკალურად ყველა ნახატისთვის. არ არსებობს 2 ერთნაირი ნივთი, თუ თვითონ შემქმნელს არ სურს ის რამდენიმე ჰქონდეს. „დროის კაფსულას“ სამკაული მზადება უმაღლესი ხარისხის ვერცხლის სინჯით (925). პროდუქტის შექმნაზე მუშაობს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი, სამკაული მუშავდება თანამედროვე აპარატურით, რაც პროდუქტის უმაღლეს ხარისხს განაპირობებს.

M: რა სახის პროდუქციის დამზადებაა შესაძლებელი „კაფსულას“ დახმარებით და როგორია შეკვეთის პროცესი?
ამ ეტაპზე, შესაძლებელია კულონის, ბროშის ან საყურის დამზადება. დამზადების ვადაა შეკვეთის მიღებიდან 7 სამუშაო დღე. მომხმარებელს თანამედროვე და ინოვაციური პროდუქტის შეკვეთა უმარტივესი გზით, ელექტრონულად შეუძლია. ბრენდის სოციალური ქსელები და ვებგვერდი www.capsule.ge ორიენტირებულია მომხმარებელს გაუმარტივოს პროდუქტის შეკვეთის პროცესი. მომხმარებლებს კომპანიის კურიერი ნივთს ბრენდირებული შეფუთვით მიუტანს, ნებისმიერ მისამართზე.

M: როგორია „კაფსულას“ სამომავლო ხედვა?
სასიამოვნო სიახლე გვაქვს. სულ რაღაც 3 თვეა, რაც ჩვენი სტარტაპი დაიწყო და ინტერესმა ყველა ჩვენ მოლოდინს გადააჭარბა. ამ ეტაპზე ჩვენი სიახლეა ფერადი ხაზის დამატება. უკვე სექტემბრიდან ვქმნით ფერად ნივთებს. უახლოეს მომავალში კი შესაძლებელი იქნება ოქროს დროის კაფსულის შექმნა. შესაძლებელია ნივთების არჩევა ზომების მიხედვით და ფასიც ამაზეა დამოკიდებული.

„ბავშვების შემოქმედება მნიშვნელოვანი ფასეულობაა ყველა მშობლისთვის, რადგან იდეალურად წარმოაჩენს მათ შინაგან, ფერად სამყაროს და გულწრფელ განცდებს. პატარები სწრაფად იზრდებიან, იცვლება მათი ემოციებიც, თუმცა მათი პირველი ნაბიჯები, სიტყვები, ნახატები ყოველთვის გამორჩეულად ახსოვთ მშობლებს“, – „კაფსულა“.

განხილვა