Covid-19-ის პანდემიამ ბევრი რამ გარდაქმნა. ცვლილება ჟურნალ TIME-ის ბოლო 100 ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის გამოცემასაც შეეხო, რომელიც საკმაოდ განსხვავებული ფორმით ჩატარდა. მარტის გარეკანზე მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავს, მარკუს რეშფორდს იხილავთ, რომლის ფოტოსესიაც ჩვეულებრივ სტუდიაში არ ჩატარებულა.
ფოტოს ნახვის დროს შესაძლოა იფიქროთ, რომ ის პროფესიონალური აღჭურვილობის გამოყენებით არის გადაღებული, თუმცა ცდებით! როგორც რაშფორდი ამბობს, მან უბრალოდ “აიფონით”, თავის ოთახში გადაიღო ფოტო.
ალბათ გიჩნდებათ კითხვა, გარდა იმისა, რომ რეშფორდი წარმატებული ფეხბურთელია, კიდევ რით დაიმსახურა TIME-ის ჟურნალის გარეკანზე მოხვედრა? მარკუს რეშფორდი მისი საქველმოქმედო მცდელობებით საკმაოდ აღიარებულია. ის გამუდმებით ცდილობს, დაეხმაროს უსახლკაროებსა და მიუსაფარ ბავშვებს. სწორედ მან უბიძგა დიდი ბრიტანეთის მთავრობას უფასო სასურსათო კვების აღდგენისკენ, რომელიც დაბალშემოსავლიან ოჯახებს მოხმარდება. ასევე, ფეხბურთელი კვების საქველმოქმედო ორგანიზაცია FareShare-ს შეუერთდა.
“ეს არ ეხება პოლიტიკას. ეს კაცობრიობას ეხება. საკუთარ თავს სარკეში ვუყურებთ და ვგრძნობთ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ მათ დასაცავად, ვისაც გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, საკუთარი თავის დაცვის ძალა არ შესწევს. პოლიტიკური დამოკიდებულების გარეშეც ხომ ვთანხმდებით, რომ არც ერთი ბავშვი არ უნდა იძინებდეს მშიერი?” – ამბობს მარკუს რეშფორდი.
რაშფორდის თქმით, უსახსროდ დარჩენილი ოჯახებისთვის ძალიან რთულია და შეიძლება ითქვას, ფსიქიკურ დაბრკოლებას უტოლდება დახმარების სხვისთვის თხოვნა… “თქვენ იცით, რამხელა გამბედაობა სჭირდება მოზრდილ კაცს, რომ თქვას: “მე ვერ ვუმკლავდები”, ან “მე ვერ შევინარჩუნებ ჩემს ოჯახს”? კაცები, ქალები, მომვლელები დახმარებას ითხოვენ და ჩვენ არ ვუსმენთ”.