in

უტყუარი ნიშნები, რომელიც სამსახურის დატოვებისკენ მიგითითებთ

სანამ ამა თუ იმ გარემოს დატოვებას გადავწყვეტდეთ, მაქსიმალურად უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს მართლაც დასასრულია

პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული, სამსახური ნებაყოფლობით იმდენად დიდი რაოდენობის ადამიანმა დატოვა, რომ ამ პროცესს სახელიც კი დაერქვა – დიდი გადადგომა. 

ადამიანთა ნაწილი უფრო მოქნილ სამუშაო პირობებს ეძებს, ზოგიერთს ცხოვრების წესის შეცვლა სურს, ზოგსაც საკუთარი მიზნისა და როლის ღრმა ანალიზისკენ Covid 19-მა და მისით გამოწვეულმა სოციალურმა ცვლილებებმა უბიძგა. ნებისმიერ შემთხვევაში, სამსახურის დატოვება, რთული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია.

ყველა ადამიანის ცხოვრებაში, შესაძლოა, დადგეს მომენტი, როცა უწევს რთული გადაწყვეტილების მიღება – აქციოს ზურგი იმას, რაც ადრე მიზანს შთააგონებდა და წარმატებისკენ მიუძღოდა. თუმცა ამის გაკეთებას ყოველთვის დადებითი შედეგები არ მოაქვს, შესაძლოა, ასეთ რთულ მომენტში, გამოსავალი არა ადგილის დატოვება, არამედ მისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა იყოს. ამდენად, სანამ ამა თუ იმ გარემოს დატოვებას გადავწყვეტდეთ, მაქსიმალურად უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს მართლაც დასასრულია.

გთავაზობთ 6 ნიშანს, რომელიც სამსახურის დატოვებისკენ მიგითითებთ და უტყუარ სიგნალს მოგცემთ, რომ – ეს მართლაც დასასრულია.

შეწყეტილი განვითარება

ნებისმიერმა გარემომ, შესაძლოა, შეწყვიტოს ზრდისთვის საჭირო გამოცდილების მოცემა. ადრე თუ გვიან, როცა ესა თუ ის პოზიცია, კომპანია ან ზოგადად საქმიანობა, თავის თავს ამოწურავს, ჩნდება აზრი, მისი დატოვების შესახებ. თუმცა სანამ ამ რთულ და მასშტაბურ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, უმჯობესია, სცადოთ გარემოს ხელახლა გააქტიურება. როგორც პროფესიონალი სპორტსმენები, მეტი ზრდის მისაღწევად, ხშირად მიმართავენ ფიზიკური მომზადების დივერსიფიკაციას და რუტინის საფუძვლიან ცვლილებას, ასე, შესაძლოა, მარტივმა ცვლილებებმა თქვენს პროფესიულ ასპარეზს ახალი ძალა შემატოს და თქვენი განვითარების ტემპი დაგიბრუნოთ. თუ ახალი სულის შთაბერვა მრავალჯერ გიცდიათ და ეს უკვე აღარ ჭრის, დროა განცხადება დაწეროთ, კოლეგებს წარმატებები უსურვოთ, გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც ამ სივრცეში ყოველთვის გსურდათ, მაგრამ არასდროს გაგიკეთებიათ და კარი გამოიხუროთ.

მიაღწიეთ იმას, რის მიღწევაც გსურდათ

შესაძლოა, ზოგჯერ მხოლოდ იმის გამო ვერ ვითარდებოდეთ, რომ აღარაფერია დარჩენილი, რისი მიღწევაც  გსურთ. ზოგჯერ, ჩვენ უბრალოდ ვიღებთ იმას, რაც გვსურდა, რომ მიგვეღო და მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის. სფეროს, გარემოს, პოზიციის ან კომპანიის ცვლილება ან უბრალოდ პენსიაზე გასვლა, დაგეხმარებათ ახალი მიზნების პოვნაში. ასე, დიდი გადადგომისთვის შეერთება არა დაშვებული შეცდომა, არამედ ახალი თავგადასავალი იქნება.

აქტიურად ეძებთ მოვალეობისთვის თავის არიდების გზებს

პროფესია უნდა იყოს ის, რასაც ცნობისმოყვარეობით, პოზიტიური მოლოდინით, დადებითი განწყობით ვუდგებით და მისგან დაკისრებულ ვალდებულებებს, თავის არიდების მცდელობებით არ ვხვდებით. შესაძლოა, გიყვარდეთ ის რასაც აკეთებთ, მაგრამ მისგან გაქცევა მაინც გსურდეთ. მაგალითად, თუ თქვენი საქმე ინტელექტუალურ შრომას უკავშირდება, შესაძლოა, გერჩივნოთ აკეთოთ ფიზიკური, თუნდაც, ნაკლები მნიშვნელობის საქმე, დაბალი ანაზღაურებით და მეტი დატვირთვით, ვიდრე ის რაც პროფესიულად გავალიათ. საქმისგან გაქცევის სურვილი ყოველთვის არ უნდა გიბიძგებდეთ სამსახურის შეცვლისკენ, საწყის ეტაპზე, უმჯობესია დასვენება მოსინჯოთ, რომელიც ხშირად საკმარისია, საქმის ახლიდან შესაყვარებლად.

ხშირად უახლოვდებით სამსახურს დაღლილი, გადამწვარი ან შიშის გაურკვეველი შეგრძნებით

ისეთი ადგილებიც კი, რომელიც ადრე სიამოვნებას გვგვირადა, შეაძლოა, გადაიქცეს ყველაზე არასასურველ სივრცედ, სადაც, მინიმალური დროის გატარება გვსურს. საქმე ხშირად კოლეგებსა და კომპანიაში არაა. ზოგიერთ შემთხვევაში, არავინ იცის რატომ, მათ შორის არც თქვენ, თუ რა მიზეზითაა გარემო ასე არათავსებადი თქვენი მოთხოვნილებებისთვის. დიდხანს ნუ დაიწყებთ მიზეზების ძიებას, ცხოვრება საკმარისად გრძელი არაა, რომ ამის ფუფუნებას გვაძლევდეს. თუ სამსახურს ყოველთვის დაღლილი, გადამწვარი და შიშის გაურკვეველი შეგრძნებით უახლოვდებით, სჯობს ერთ დღესაც, ამ ავისმომასწავებელი გზიდან გადაუხვიოთ და იქ აღარასდროს დაბრუნდეთ.

გცვლით უარესობისკენ

არასოდეს მისცეთ უფლება პროფესიულ გარემოს შეგცვალოთ უარესობისკენ, განსაკუთრებით, პიროვნული მიმართულებით. სჯობს მალე აქციოთ ზურგი იმას, რასაც უყურებთ და ხედავთ, რომ უფრო და უფრო იცვლის თავის თავდაპირველ სახეს და აღარაფერი აქვს საერთო თქვენს პირვანდელ მისწრაფებებთან. რაც მთავარია, დაფიქრებადაც არ ღირს ისეთი ადგილიდან წამოსვლა, რომელიც თანდათან სცდება თქვენს ღირებულებებს. ასე რომ, თუ სამსახური თქვენზე დიდ გავლენას ახდენს და ეს გავლენა არ არის თავსებადი თქვენთვის და/ან ნეგატიურია, სასწრაფოდ შეუერთდით დიდი გადადგომის ტალღას.

სამუშაო გარემო არ არის ჯანსაღი

ასეთი გარემოება ამარტივებს გადაწყვეტილებას. უპირობოდ უნდა დატოვოთ ან შეცვალოთ ნებისმიერი გარემო, რომელიც საზიანოა თქვენი ფიზიკური ან ემოციური ჯანმრთელობისთვის. თუ გრძნობთ, რომ სამუშაო გარემო არაჯანსაღი, არაეთიკური ან სასტიკია, როგორც თქვენს ისე თქვენი კოლეგების მიმართ, შეგიძლიათ განცხადების დაწერის გარეშეც წამოხვიდეთ… კარის გამოჯახუნება არ დაგავიწყდეთ!

 

წყარო: HBR



სად არის მანქანა, რომელიც ილონ მასკმა კოსმოსში 4 წლის წინ გაუშვა?

შესაძლოა, McDonald’s-ის რესტორნებს მეტავერსშიც ესტუმროთ