2
Feb
2018

„დროის ბანკი“ და TimeCoin-ები დახმარების სანაცვლოდ – გლობალური მოხალისეობრივი პლატფორმა საქართველოში

2 Feb 2018

მოხალისეობის როლი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კუთხით ცალსახაა და დღეს, ეს პროსოციალური ქცევა გლობალიზაციის კუთხითაც იძენს საკუთარ ფუნქციას. საერთაშორისო ვებგვერდი Timerepublik.com „დროის ბანკის“ პრინციპით მუშაობს. ეს არის ორმხრივი მოხალისეობრივი პლატფორმა, სადაც აბანდებ შენს უნარებს, საჭიროების შემთხვევაში, გასცემ შესაბამის მომხახურეობას და იღებ დროის კრედიტებს, TimeCoin-ების სახით, რომელიც, შემდეგ, შეგიძლია უკვე სხვა მოხალისეს გადაუხადო, შენთვის საჭირო საქმის შესრულებისას. ნებისმიერი უნარი შეიძლება დრო ღირდეს, იქნება ეს პროგრამული დახმარება, ტექსტის თარგმნა, ძაღლის გასეირნება თუ სხვა. საერთაშორისო პლატფორმის ქართულ ენაზე ადაპტირება 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყო და დღეს უკვე, საქართველოშიც არის შესაძლებელი, გადაგიხადონ დროით, მოხალისეობრივ საქმიანობაში.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე


მოხალისეობის კულტურა საქართველოში რამდენიმე წელია ვითარდება, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, თავისუფალი დროის ქონისას, საქმის უფასოდ შესრულებასთან ასოცირდება. როგორც ნებისმიერი მოქმედება, მსგავსი ქცევაც უკუკავშირის, სამაგიეროს მიღების პრინციპს ეფუძნება და ამის გარეშე, შესაძლოა დაკარგოს მდგრადობა. Timerepublik.com კი გვაძლევს მოხალისეობის სანაცვლოდ დროის მიღების და ამ „ვალუტის“ გამოყენების შესაძლებლობას.

დროის ბანკის ისტორია 80-იანი წლების აშშ-ში იწყება, სადაც მეზობლებში ერთმანეთის დახმარების კულტურის განვითარების მიზნით, მოხალისეობის ანაზღაურების დროითი კომპონენტი შემოიღეს. დროის ბანკს ჰყავდა ორი თანამშრომელი – ერთი, რომელიც სატელეფონო ზარების მეშვეობით, იწერდა მსურველთა უნარებს და მეორე, რომელიც იღებდა მომსახურების თხოვნას. ეს ორი ადამიანისგან შემდგარი კომპანია აკავშირებდა ორ, საჭიროებისა და შესაბამისი უნარის მქონე ადამიანს. ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ, დროის ბანკმა, 2012 წელს, ელექტრონული, გლობალური ქსელის სახე მიიღო.


 

„ამ ეტაპზე, წევრებს ვარეგისტრირებთ დახურულ ჯგუფში, სადაც ვტესტავთ ქართველ მომხმარებლებს და შესაბამისად, ვამზადებთ, რომ მომავალში გადავიდეთ გლობალურ „თაიმრეპაბლიკზე“ და გავხდეთ გლობალური დროის ბანკის სრულფასოვანი წევრები“, – აღნიშნა მარკეტერთან საუბრისას პროექტის ხელმძღვანელმა, დეველოპერმა ავთანდილ მაჩიტაძემ. ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს“ ეკუთვნის და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. დაწვრილებით, საქართველოში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების პერსპექტივასა და პროექტთან დაკავშირებულ დეტალებზე ავთანდილ მაჩიტაძეს ვესაუბრეთ:

M: როგორია პროექტის მიზნები და ვისთან პარტნიორობით ხორციელდება იგი?
დროის ბანკი წარმოადგენს ინოვაციურ კომპონენტს ევროკავშირის პროექტისა „სამოქალაქო საზოგადოების  განვითარების ინიციატივა“, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.

M: რა გამოცდილება გქონდათ ვებპროგრამირების მიმართულებით და რას მოიცავდა საიტის ადაპტირებასთან დაკავშირებული სამუშაო? 
რამდენიმე კონკურსში მონაწილეობის საფუძველზე, ქუთაისში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა შემომთავაზა გამეკეთებინა ეს პროექტი. იდეა და მისი არსი რადგან მომეწონა, დავიწყე ყველაფრის სიღრმისეულად შესწავლა და შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ეკონომისტი ვარ, რამდენიმე ვებპროექტზე მიმუშავია და შესაბამისად, ეს პროექტი ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა. გარდა ენის დონეზე ვებგვერდის თარგმნისა, მოვარგეთ საიტი ქართულ რეალობას, რადგან, თუნდაც უნარების დონეზე, ქართული და ამერიკული მოთხოვნები განსხვავდება. საქართველოში სხვა უნარებია აქტუალური. საქართველოში გავრცელებული მოხალისეობის ფორმები არასამთავრობოებისგან ავიღეთ და ამის მიხედვით შევიყვანეთ საიტზე.

M: როგორ შეგვიძლია გამოვიმუშავოთ და გავცეთ დრო Timerepublik.com-ზე, მოხალისეობრივი საქმიანობით? 
ამისათვის ვრეგისტრირდებით, ვავსებთ პროფილს, ვუთითებთ ჩვენს უნარებს და საიტი გვაძლევს ამისათვის გარკვეულ დროს. ვუთითებთ რა შეგვიძლია და არ აქვს მნიშვნელობა პროფესიონალი ვართ თუ არა ამ საკითხში, უბრალოდ, შეგვიძლია განვსაზღვროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია სხვის დასახმარებლად და რა დრო დაგვჭირდება ამისათვის. როცა თქვენი უნარის შესაბამისი საჭიროება ჩნდება, მოგდით შეტყობინება და თქვენ უნდა გამოთქვათ დახმარების სურვილი, რის შემთხვევაშიც, უკვე იწყება გარიგება თქვენსა და დახმარების მსურველ ადამიანს შორის, თანხმდებით დროზე. ეს შესაძლოა იყოს 15 წუთი, 1 საათი და ნებისმიერი დრო, რაც სამუშაოს შესრულებას დასჭირდება. საქმის დასრულების შემდეგ, აგზავნით დროის გადახდის მოთხოვნას, მეორე მხარე გიხდით დროს და გიწერთ კომენტარს, თუ როგორ შეასრულეთ, ღირდა თუ არა თქვენი დაქირავება. ეს ყველაფერი კი აისახება თქვენს პროფილსა და დროის ყულაბაზე.

M: დროის ყულაბის გამოყენება კი ჩვენი საჭიროების შემთხვებაში შეგვიძლია? 
დიახ, ეს არის ორმხრივი მოხალისეობრივი ფორმა, მარტო მოხალისეობის შემთხვევაში, როგორც საქართველოში მიღებულია, მოხალისეობისთვის მადლობას გადავუხდი და მიდიან. ამ შემთხვევაში, მეც შემიძლია მოხალისე გავხდე ან მივიღო მომსახურება ნებისმიერ დროს.

M: როგორც ვიცით, საქართველოში საიტის გამოყენებისთვის ჯგუფს ამზადებთ.. ამ პროცესის შესახებ მოგვიყევით.. რამდენი ხანია რაც დაიწყეთ აქტიური მუშაობა, ქართველი მოხალისეების ინფორმირება ამ მიმართულებით და რა შედეგები გაქვთ?
აქტივობები დავიწყეთ ნოემბრის ბოლოდან და ჯერ ფართომასშტაბიანი შეხვედრები არ გვქონია, ახლა ვაქტიურდებით ამ მიმართულებით. დიახ, შევქმენით დახურული ჯგუფი, რომელშიც, დაახლოებით, 60-მდე მოხალისე გავაერთიანეთ და ვტესტავთ. ჯგუფის შიგნით, ისინი ცვლიან მომსახურებებს.

M: რომელ ქვეყნებშია განსაკუთრებით პოპულარული „დროის ბანკი“ და რა აქტივობები იგეგმება საქართველოში, ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმის პოპულარიზებისათვის? 
ეს საიტი ძალიან პოპულარულია იაპონიაში, ასევე, ბრაზილიაში, შვეიცარიაში, ამერიკაში და ა.შ. კარგი ის არის, რომ შემიძლია მსოფლიოს მეორე წერტილში დავეხმარო ვიღაცას და იქიდანაც მივიღო საპასუხო სიკეთე. საქართველოში, დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე აქტივობა, რეგიონებში იქნება გაცნობითი შეხვედრები. ასევე, შეხვედრებს ვგეგმავთ სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან, რადგან ახალგაზრდები უფრო ერკვევიან მოხალისეობრივ საკითხებში. გარდა ამისა, ვფიქრობთ შეხვედრებს პედაგოგებთანა და იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც რაღაც კუთხით, კავშირდებიან მოხალისეობასთან საქართველოში და აქტიურები არიან სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.

განხილვა