13
May
2019

როგორ ჩაიარა “მარადიული ავტომობილის” – პორშე 911-ის პრეზენტაციამ თბილისში?

13 May 2019

“თავიდან მინდოდა, მეპოვა ჩემთვის საინტერესო სპორტული მსუბუქი ავტომობილი, რომელიც მაქსიმალურად გამოიყენებდა მთელ თავის ენერგიას, მაგრამ ვერ ვიპოვე და გადავწყვიტე, ჩემით შემექმნა იგი.” – ღონისძიება ფერდინანდ პორშეს ამ სიტყვებით დაიწყო.. მაქსიმალურად სადა გარემო და მინიმალური განათება – აქ ხომ ყველაზე დიდი ყურადღება ახალ მანქანას უნდა დათმობოდა. ასეც მოხდა..

ღონისძიებამდე ტრადიციული ნეთვორქინგი მიმდინარეობდა. მოლოდინებით სავსე გულები და თვალები ერთმანეთს თავიანთ აზრებს უზიარებდნენ. ყველაფერ ამას განწყობის ასამაღლებლად თან ერთვოდა სასმელი და გემოვნებიანი მუსიკა.

ფარდის აქეთ მდგომ საზოგადოებას ფარდის იქით ელოდა სწორედ ის, რაც აქამდე მხოლოდ სურათებით თუ ჰქონდა ნანახი – მერვე თაობის პორშე 911. ბევრი სიცილ-ღიმილის, უამრავი საერთო ფოტოს გადაღებისა და ერთმანეთში აზრთა გაცვლის შემდეგ, ღონისძიებაზე მოსულ ხალხს ორგანიზატორები წინ გაუძღვნენ. ეს კი იმის ნიშანი იყო, რომ სულ ცოტა ხანში პრეზენტაცია დაიწყებოდა. კიდევ უფრო მუქ სივრცეში ელექტრიკი ლურჯი ნათების ფონზე საზოგადოება სურვილისამებრ განლაგდა.

დამსწრე საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა არ იცოდა, რომ პრეზენტაციამდე აუდიო-ვიზუალური ჩვენება იყო დაგეგმილი. მაგრამ, სავარაუდოდ, აღნიშნულმა დადგმამ იმათ მოლოდინსაც გადააჭარბა, ვისაც მის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. დაახლოებით 5 წუთიანმა “მძაფრმა” და შთამაგონებელმა წარმოდგენამ ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა და წამიერად ყველა ერთი დაუსაბამო სივრცის ნაწილი გახდა. შოუს დასრულების შემდეგ კი, “მარადიული მანქანის” კონცეფციის მქონე პორშემ თითქოს უსასრულობიდან შემოაბიჯა..

დავით თაბაგარის ფოტო

ახალი თაობის 911-დან “პორშე ცენტრი თბილისის” გენერალური დირექტორი, დავით ჭეიშვილი გადმოვიდა. “მარადიულ მანქანაზე” საუბარი მან ფერდინანდ პორშეს სიტყვებით დაიწყო. იგი მოკლედ შეეხო იმას, თუ რატომ არის ეს მანქანა მარადიული და რომ 911 იმ სამი ციფრის კომბინაციაა, რომელიც საზოგადოებას დიდ ხანს აოცებდა და მომავალშიც აუცილებლად გააოცებს. მისივე თქმით იგი არის ავტომობილი, რომელიც არ ბერდება, არ ემორჩილება დროსა და სივრცეს და ამაყად მიაბიჯებს წარსულიდან მომავლისაკენ…

“მოდა, სტილი, გემოვნება დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან სწრაფად იცვლება და ძალიან სწრაფად ეძლევა დავიწყებას. მარადიულობა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. და ვინ არის დღეს ან რა არის დღეს მარადიული? ეს, რა თქმა უნდა, 911-ია. სწორედ იმიტომ, რომ იგი ტრადიციების მიმდევარია, ის თქვენს ოცნებებს აერთიანებს..” 

დავით თაბაგარის ფოტო

ახალი 911-ის შესახებ..

მოგვიანებით, პორშე 911-ის მერვე თაობის ტექნიკური და ვიზუალური მახასიათებლები დამსწრე საზოგადოებას კიდევ ორმა სპიკერმა ოდნავ უფრო ვრცლად გააცნო. ყველაზე დასამახსოვრებელი კი მათში, ალბათ, ძველი/ტრადიციული და თანამედროვე დეტალების შერწყმა იყო. მათ აღნიშნეს, რომ პორშე თავის ვიზუალურ იდენტობას არ კარგავს, 911-ის ახალი მერვე თაობა თავისი წინამორბედების ნაკრებია და წინა ნაწილით ძველ მოდელებს ჰგავს, თუმცა, უკანა ნაწილი თანამედროვე ავტომობილის უპირობო გამოხატულებაა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ Porsche Carrera 4S-ს 450 ცხენის ძალა აქვს, წარმოიდგინეთ, ყოველდღიური ავტომობილი, რომელითაც 0 დან 100 კმ/სთ სულ რაღაც 3.4 წამში ჩქარდება. მანქანა მაქსიმალურადაა სენსორულ ტექნოლოგიაზე გადასული და აქვს ძალიან კარგი მგრძნობელობა, რაც თუნდაც ცოცხალი არსებების ამომცნობი დეტექტორით გამოიხატება.

დავით თაბაგარის ფოტო

სპიკერებმა კიდევ უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის “მარადიული მანქანა” ფორმულა 1-თან შეადარეს, რითიც ხაზი გაუსვეს იმას, რომ იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ მანქანასთან ერთად, საკმაოდ მძლავრი სპორტული მანქანაცაა, გააჩნია იმას, თავად როგორ ხასიათზე იქნებით..

საპრეზენტაციო გამოსვლის შემდეგ ღონისძიების ორგანიზატორებმა საზოგადოებას ნება დართეს, მისულიყვნენ და ახლოდან ენახათ ის, რის შესახებაც ცოტა ხნის წინ საჭირო ინფორმაციას ისმენდნენ. უნდა ითქვას, რომ “მარადიულმა მანქანამ” ხალხის წინაშე კარგად “იპოზიორა” და უამრავი ფოტოს მთავარი ობიექტი გახდა.

დავით თაბაგარის ფოტო

“პორშე ცენტრი თბილისის” გენერალურმა დირექტორმა, დავით ჭეიშვილმა Marketer.ge-ს კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა პორშეს პრეზენტაციას, ამგვარად მოგვიგო:

“პირველ რიგში, იმით იყო გამორჩეული, რომ ეს იყო 911-ის ახალი თაობის პრეზენტაცია, იგი ყველა ფანისთვის, მოყვარულისთვის თუ უბრალო ენთუზიასტისთვის არის საინტერესო ავტომობილი. ჩვენ დღეს წარმოვადგინეთ ბევრი სიახლე, რომლებიც თავის თავში აერთიანებდნენ ბევრ სიძველესაც.. უამრავი ხალხი მოვიდა – მოლოდინი კი ყველას უდიდესი ჰქონდა. მე დღევანდელ ღონისძიებას წარმატებულ პრემიერად შევაფასებდი.”

აქვე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ Marketer.ge-ს წარმომადგენელი პირველი ქართველი იქნება, რომელიც ათენის ტრეკზე პორშე 911-ის ახალ მოდელს გამოცდის.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა