500 Georgia-ს სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადი დაიწყო. უკვე რამდენიმე წელია, რაც 500 Global-ის, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით, ჩვენს რეგიონში 500 Global-ის პროგრამა 500 Georgia-ს სახელით ხორციელდება. ინიციატივის ფარგლებში, 500 Georgia საქართველოში თავს უყრის ბიზნესების ზრდისა და განვითარების მსოფლიო დონის ექსპერტებს. შედეგად, სტარტაპებს აძლევს შესაძლებლობას, გაიზიარონ საერთაშორისოდ აღიარებული მენტორების ცოდნა და გამოცდილება, მათთან ერთად იმუშაონ საკუთარი ბიზნესის ზრდის, ბაზარზე მასშტაბირების და დაფინანსების მოზიდვის სტრატეგიების შექმნაზე, ამასთან, მიიღონ წვდომა ინვესტორების ფართო აუდიტორიაზე.
პროგრამის მეშვეობით, 500 Georgia მიზნად ისახავს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებას, სტარტაპების კაპიტალით უზრუნველყოფასა და კომპანიების გლობალურ ბაზარზე ადგილის დამკვიდრების ხელშეწყობას. პროგრამაში მონაწილე სტარტაპები 12-კვირიან ინტენსიურ პროგრამას გაივლიან. პროგრამის ფარგლებში კი მათი ერთ-ერთი მენტორი, ტიმურ დაუდპოტა იქნება.
ტიმურ დაუდპოტა სტარტაპერია, რომელიც 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის კურსდამთავრებულია. ის თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Coca-Cola, Burger King, Disney, Invisalign… და მათ ინფლუენსერ მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში ეხმარებოდა.
ტიმური თანამშრომლობდა ისეთ საერთაშორისო პრესტიჟურლ გამოცემებთან, როგორებიცაა Time Inc, GQ magazine, TechCrunch, Vogue, Teen Vogue, Popsugar, PBS… და მათთან ერთად მუშაობდა ისეთი გუნდების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც B2B გაყიდვებზე იქნებოდნენ ორიენტირებულნი.
ამასთან, ტიმურმა ჩამოაყალიბა SaaS კომპანია, რომელიც გამომცემლებს აძლევდა შესაძლებლობას, კონტენტი თავიანთი კომპიუტერებიდან Snapchat-ის არხზე მარტივად, კომფორტულად და უსაფრთხოდ აეტვირთათ. კომპანიამ, სულ რაღაც, 2 თვეში შემოსავლების სახით $60,000 მიიღო. ამ სპონტანურმა ზრდამ კი არაერთი ვენჩურული კაპიტალის ყურადღება მიიპყრო.
500 Global-ში ტიმურმა შეძლო საკუთარი უნარების და ბიზნესიდეების კიდევ უფრო მეტად განვითარება. მისი პრიორიტეტი კი პროდუქტის დახვეწა და ბიზნესის ზრდა გახდა.
დღეს, ტიმური „ენჯელ ინვესტორია“. მან ინვესტიცია განახორციელა ისეთ სტარტაპებში, როგორებიცაა: fintech, foodtech… ამასთან, ელექტრონული კომერციის კომპანიებში, როგორებიცაა: Yummy, QisstPay და Reel. ტიმურმა 800-ზე მეტ სტარტაპთან ითანამშრომლა და სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნას შეუწყო ხელი სან-ფრანცისკოში, კორეაში, იაპონიაში, ვიეტნამში, ყაზახეთში, საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში.
როგორც ამბობს, უყვარს კითხვა, საკუთარ ავტომობილებზე მუშაობა, თავგადასავლები და ხელოვნება. ამას გარდა, ტიმური არის პრესტიჟული პროგრამებისა და ისეთი ორგანიზაციების მენტორი, როგორებიცაა MIT, Hult Prize და Alibaba Group… სადაც ის სტარტაპერებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებასა და შეხედულებებს NFT მეტავერსის, ინფლუენსერ მარკეტინგის, B2B გაყიდვებისა და SaaS-ის შესახებ.
რაც შეეხება განათლებას, ტიმურს მიღებული აქვს BBA ხარისხი, მან დაამთავრა ჰიუსტონის უნივერსიტეტის მეწარმეობის, მარკეტინგისა და მარაგების ჯაჭვის მართვა. ამ დროისათვის, ის სასიცოცხლო ციკლის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს Upland-ში, რომელიც NFT ბლოკჩეინია მეტავერსში. ის ქმნის და ახორციელებს სტრატეგიებს მომხმარებლის ჩართულობის, შეკავებისა და მონეტიზაციის გაზრდის მიზნით.