6
Nov
2018

სოციალურ პრობლემებზე აგებული შემოქმედება – თინა ჩერტოვა

6 Nov 2018

მხატვარი, დიზაინერი, ილუსტრატორი, ხელნაკეთი ნივთების შემქმნელი, სტრიტ-არტისტი – ეს ის პროფესიებია, რომელსაც თინა ჩერტოვა ერთდროულად ითავსებს. აბსტრაქტული სივრცეებიდან მოსულ ინსპირაციას იგი სხვადასხვა შემოქმედებით საქმიანობას ახმარს. მუდმივად პროექტებში ჩართული მხატვარი დრო და დრო ცდილობს ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებს შეეხოს, თვითგამ4ოხატვის საკუთარი ხერხებით ასახოს ისინი შემოქმედებაში.

 

ვინ არის თინა ჩერტოვა?
თინა არის მხატვარი, აქტივისტი და ვორკოჰოლიკი. ბედნიერი ვარ, როცა ჩემი პროფესიის მეშვეობით შემიძლია დავეხმარო ხალხს ან ორგანიზაციებს (მაგალითად ძაღლების თავშესაფარს D.O.G.). აგრეთვე, საქველმოქმედო აუქციონებზე გამაქვს ნამუშევრები, საიდან შემოსული თანხაც ბავშვებსა და მოხუცებზე მიდის. არც ერთ საზოგადოებას და ჯგუფს არ ვეკუთვნი – არც ბოჰემას, არც ხელოვანების რომელიმე დაჯგუფებას, მაქვს ძალიან ვიწრო წრე, რომელთანაც ვურთიერთობ და ვმუშაობ, ხალხს სიფრთხილით ვირჩევ – იმავენაირ კეთილ ვორკოჰოლიკებს.

M: როდიდან ხატავთ და რა პროცესია/რას ნიშნავს თქვენთვის ხატვა?
ხატვას , ძერწვას, მეტალთან მუშაობას ბავშვობიდან ბაბუჩემი მასწავლიდა, მის გვარს ამიტომაც ვატარებ. ჩემთვის ხელოვნება მეტია, ვიდრე  ტექნიკურად კარგად შესრულებული პეიზაჟი ან კონცეპტუალურად დადგმული ერთი ჯოხი შუა გზაზე. ეს ის სამუშაოა, რომლის მეშვეობითაც ხელოვანს შეუძლია, ზუსტი მესიჯი მიიტანოს საზოგადოებასთან, სწორად ვიზუალიზებულმა ინფორმაციამ შეიძლება შეცვალოს ადამიანის ხედვა რაიმე პრობლემაზე.

მაგალითად, ლგბტ-ს თემაზე გაკეთებული პროექტი მქონდა, რომელიც მოიცავდა კომიქსების სერიას. კომიქსების ისტორიებში ნაჩვენები იყო ჩვეულებრივი ცხოვრების მომენტები, რომელიც შეიძლება ნებისმიერ შეყვარებულ წყვილს დაემართოს სქესის და ორიენტაციის გათვალისწინების გარეშე.

M: ამჟამად რას საქმიანობთ? რითი ხართ დაკავებული?
ამჟამად, ძირითადად, ჩემი პროექტის „დრიმინგსტანი“ განვითარებაზე ვზრუნავ. ასევე, ძალიან საინტერესო და ინოვაციური პოლონეთის წიგნის ილუსტრაციებზე ვმუშაობ. ოფისის სამსახურიც მაქვს გრაფიკული დიზაინერის პოიციაზე კომპანია „www.bia.ge – ში“. საკუთარ საოჯახო სტარტაპს „chertova“ ვაგრძელებ და ვქმნი ხელნაკეთ სათამაშოებს.

M: როგორია თქვენი სამუშაო გარემო?
ჩემი სამუშაო გარემო არის ყველგან , ოფისიდან მოსვლის შემდეგ, სახლში ვაგრძელებ მუშაობას , ხშირად, გარეთ ყოფნისას ვწერ გეგმებს და იდეებს ვაყალიბებ. ნებისმიერ ადგილას, სადაც უნდა ვიყო, ქაოსს ვქმნი – ბევრი ფურცლებით, ჩაის ჭიქებით, მარკერებით, საღებავებით, საჭმლით და, თუნდაც, ჩემი ძაღლით.

M: რაში პოულობთ/რა გაძლევთ ინსპირაციას თქვენი შემოქმედებისთვის?
შთაგონების წყარო ბევრია –  როგორც ჩემი შინაგანი სამყარო, აგრეთვე ადამიანები ვისთან ერთადაც მიმუშვია , სულაც, ოჯახი ან მეგობრები შეიძლება ჩაითვალოს ჩემს შთაგონების წყაროდ. ინსპირაცია გამხდარან ადამიანები, რომლებთან ერთად აქციებზე ვმდგარვარ, ან ცხოველების გადარჩენაზე ერთად გვიშრომია.

M: გვსმენია „დრიმინგსტანის“ და „მე-13 პორტრეტის“ შესახებ, გვესაუბრეთ მათზე..
„დრიმინგსტანი“არის საქართველო, რომლის ისტორია დავიწყე ბნელი 90-იანი წლებიდან. ისტორია, რომელსაც ჩვენი ბებიები ქმნიდნენ, ისინი, ვინც ომი და შიმშილი გაიარეს, სადარბაზოსთან გაზრდილი ძველი ბიჭები, ადამიანები, რომლებიც „უსინათლო“ დღეებს სახურავებზე ოცნებებში ატარებდნენ. დრიმინგსტანის  მოსახლეობა მთელი ცხოვრება იბრძვის თავისი უფლებებისთვის , თავისი სახლისთვის. ისინი იბრძვიან ერთმანეთში, ხშირად საკუთარ თავებსაც ებრძვიან. დრიმინგსტანის მოსახლეობა იმდენად მიჩვეულია ბრძოლას, რომ სიწყნარე დისკომფორტსა და დაძაბულობას იწვევს. პროექტის საწყისი ნაწილი არის წარმოდგენილი მუდმივ ექსპოზიციაზე „მინიმალისტი • Minimalist“, რომელიც არის ფოტო გალერიის „Fotografia“ ნაწილი.

დრიმინგსტანის ისტორია დღემდე გრძელდება (და გაგრძელდება) „მე-13-ე პორტრეტის“ ჩვენებით, რომელიც მოიცავს 12 თანამედროვე მოღვაწე ქალბატონს საქართველოში. უმეტეს ნაწილს ვიცნობ პროექტებიდან, ისინი არიან ქალები, რომლებიც ცდილობენ, შეცვალონ ცხოვრება და აკეთებენ კარგ საქმეს თავიანთ დარგში.

თითოეული მათგანი ძლიერი პიროვნებაა თავისი მძიმე და საინტერესო ისტორიით. ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა, აერთიანებთ ერთი თვისება – მებრძოლი სულის პატრონები არიან. ჩემთვის სასიამოვნო იქნება, თუკი ზოგიერთი ადამიანი რომელიმე პორტრეტში თავის თავს იპოვის და შეძლებს, თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ.

12 -ვე ქალია – მაგრამ ეს არ ყოფილა ფემინიზმზე აგებული შემოქმედება. ისინი არიან ქალები, რომლებიც ბავშვებს ზრდიან  და, ამავდროულად, მუშაობენ, ოჯახს ამყარებენ. მსურდა, მათ მრავალფუნქციურობაზე გამეკეთებინა აქცენტი.

სანათებლები გაკეთებულია Urban Mood-თან კოლაბორაციით

M: გვესაუბრეთ სტრიტ-არტის მნიშვნელობაზე…
სტრიტ-არტი ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ხელოვნებაა. რადგანაც მასშტაბი ძალიან დიდია, ვფიქრობ, იგი უფრო რთულია, ვიდრე ქაღალდზე ხატვა. შეიძლება გარემო ხელს არ გიწყობდეს (სინათლე, ამინდი, მერია) უფრო დიდ ფინანსურ ხარჯებთან და ფიზიკურ ძალებთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ შედეგი – სტრიტ-არტი ქალაქს ერთ დიდ საგამოფენო დარბაზად ქმნის.

 

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჯერჯერობით პროექტ „დრიმინგსტანის“ განვითარებაზე ზრუნვა მინდა. ნოემბრის ბოლოს art up gallery-ში ერთი თვის განმავლობაში ჩემი ქალების პორტრეტები გამოიფინება დრიმინგსტანიდან – ადამიანების უფლებების დაცვის თვის თემაზე, მარტში გერმანიაში ვუშვებ საგამოფენოდ  დრიმინგსტანს. მინდა მეტი რესპონდენტი მოვიწვიო ამ პროექტში, გავხადო მისი ისტორიის ნაწილი, ამიტომ ვეძებ საინტერესო ადამიანებს, ვინც თავისი თავი თვითონ შექმნა და წარმატების მიღწევისთვის ახლაც მუშაობს, ზრუნავს ჩვენს კეთილ მომავალზე და იბრძვის ბედნიერებისთვის.

განხილვა