თინა გაგუამ, ZEG Festival-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის გრანტი მოიპოვა. ეს უკანასკნელი ინდუსტრიის მომავალი ლიდერებისთვის შეიქმნა და მოიცავს როგორც ფესტივალზე დასწრებას, ისე ფესტივალის პარალელურად მიმდინარე აკადემიის სასერტიფიკატო პროგრამას — თანაც მას წელს, არც მეტი არც ნაკლები, თავად Fernando Machado უხელმძღვანელებს. სწორედ ფერნანდოს სახელს უკავშირდება 160 კანის ლომი და უამრავი საკულტო კამპანია.
„კანის ფესტივალი ყველა მარკეტერისთვის საოცნებო ადგილია. კრეატიული ინდუსტრიის ნამდვილი ზეიმი, რომელსაც უკვე წლებია, გვერდიდან ვაკვირდები და წელს მაქვს შესაძლებლობა, რომ მეც შევუერთდე“, — აღნიშნავს თინა გაგუა.
M: თინა, რა პროცესები გაიარეთ გრანტის მოსაპოვებლად?
The LIONS Scholarship 2024-ის სააპლიკაციო ფორმა შედგებოდა ვიდეოსგან, ესესგან და სარეკომენდაციო წერილისგან. პირველ რიგში, უნდა შემექმნა 2 წუთიანი ვიდეო, სადაც მოვყვებოდი ჩემი გამოცდილების და მიზნების შესახებ, რატომ მსურს კანში მოხვედრა და რატომ ვიმსახურებ ამ გრანტს. რაც შეეხება ესეს, აქ უნდა ამეხსნა თუ რას ნიშნავს შემოქმედებითობა ჩემთვის. საბედნიეროდ მსოფლიოს მასშტაბით 350 აპლიკანტს შორის Brand Marketers Academy-ისთვის გამოყოფილ 5 საგრანტო ადგილში მოვხვდი და სრული დაფინანსებით ივნისში მეც შევუერთდები კანის ფესტივალს.
M: რას ნიშნავს თქვენთვის ამ გრანტის მიღება და პროფესიულ განვითარებაში როგორ დაგეხმარებათ?
იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახის წევრების უმეტესობა იურისტები არიან, აბიტურიენტობის დროს უკვე თითქმის გადაწყვეტილი მქონდა იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება. მაგრამ მეგობარმა ელ რაისის და ჯეკ ტრაუტის წიგნი „მარკეტინგული ომები“ მაჩუქა და აქედან დაიწყო ჩემი ამ ინდუსტრიით დაინტერესება. წიგნში ნახსენები Apple-ის 1984-ის რეკლამას პირველად რომ ვუყურე ეგ ემოცია არასდროს დამავიწყდება. “ნუთუ რეკლამით ამის გაკეთებაც შეიძლება?” – თვალებს ვერ ვუჯერებდი. მთელი ღამე კანის გამარჯვებული ნამუშევრების ყურებაში დამათენდა და დილით უკვე ვიცოდი სადაც ვხედავდი ჩემ თავს — რეკლამის უკან.
მარკეტინგზე ჩავაბარე და სტუდენტობის დროს არაჩვეულებრივი ლექტორების ყოლის ბედნიერება მქონდა. კანის ლომების გრანტის შესახებ ინფორმაციაც ჩემმა ერთ-ერთმა ლექტორმა, ქეთო ბარაბაძემ გამიზიარა.
წელს პირველად ვცადე ბედი ამ საგრანტო პროგრამაში და იმისდა მიუხედავად რომ თებერვალში უკვე ვიცოდი ჩემი ჩარიცხვის შესახებ, დღემდე მიჭირს დაჯერება. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა პირადად გავიცნო ინდუსტრიის ლიდერები, რომლებიც უამრავი ჯილდოს მფლობელი კამპანიების უკან დგანან. ვნახო საუკეთესო შემოქმედებითი ნამუშევრები და გავეცნო ინდუსტრიის ტრენდებს. ასევე, აკადემიის ფარგლებში შესაძლებლობა მექნება პროფესიული კავშირები დავამყარო მარკეტინგის მომავალ ლიდერებთან, რომლებიც წარმოადგენენ ისეთ კომპანიებს, როგორებიც არიან TikTok, Red Bull, Google და PepsiCo.
წელს ასევე მონაწილეობა მივიღე კანის ფესტივალის Young Lions Georgia-ს კონკურსში და მარკეტერის კატეგორიის შორთლისთშიც მოვხვდი. ივნისში კანში წასვლა და სასერტიფიკატო პროგრამის გავლა დამეხმარება მომავალ წლებში უკეთესი გამოცდილებით ჩავერთო მსგავს ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსებში.