in

ადამიანი-ადაპტაცია. – ამბავი თინა კავაძეზე

„ისე მოხდა, რომ ყოველ 4-5 წელიწადში ვიცვლიდი ქვეყანას და, შესაბამისად, გარემოსაც. “

თინა კავაძის ორიოდე სიტყვით დახასიათება რომ მთხოვონ, აუცილებლად ვიტყოდი, რომ ეს არის ადამიანი გამორჩეული ადაპტაციის უნარით. სანამ ოცწლიანი განშორების შემდეგ საქართველოში დაბრუნდებოდა და აჭარა ჯგუფის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი გახდებოდა, არ მორიდებია რისკიან ნაბიჯებს და სხვადასხვა ქვეყნის წეს-ჩვეულებებსა თუ განსხვავებული საქმიანობის პრინციპებსაც აუღო ალღო. ის ვერის ხმაურიანი უბნიდან შვეიცარულ სიჩუმეში მოხვდა, საიდანაც ჯერ ლონდონსა და შვედეთში, შემდეგ კი – კენიაში გაღვივებული კონფლიქტის შუაგულში აღმოჩნდა. მის ცხოვრებაში ყველაფერი საინტერესოა ამის დასტურად ექსტრემალური წყალქვეშა სპორტის სიყვარულიც მოწმობს. ორსაათიანი საუბრისას არ მტოვებდა განცდა, რომ ჩემს რესპონდენტს შეუძლია, ყველა შესაძლებლობიდან გამოძერწოს რაღაც კარგი და საინტერესო, შეისწავლოს სრულიად ახალი საქმე და მოერგოს უცნობ გარემოს.

ბავშვობა

თინა კავაძის ბავშვობა ვერის უბნიდან იწყება. 90-იანების თბილისის ცენტრში მცხოვრებ აქტიურ გოგონას თერთმეტი წლის ასაკში, მისთვის მოულოდნელად, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწია. ახალი სახლი კი, სამშობლოდან საკმაოდ შორს, სრულიად განსხვავებულ, წყნარ და მოწესრიგებულ შვეიცარიაში აღმოჩნდა, სადაც დიპლომატი მამა საქართველოს წარმოადგენდა. ასე დაიწყო მისი პირველი დიდი ადაპტაცია.

„ეს ცვლილება ჩემთვის ნამდვილად კულტურული შოკი იყო. სრულიად უჩვეულო გარემოში აღმოვჩნდი. მომიწია როგორც ენობრივი ბარიერის დაძლევა, ისე უცხოელ თანაკლასელებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაც. მე და ჩემი უმცროსი და, ეკა ძალიან ვუწყობდით ერთამენთს ხელს, რომ მალე მივჩვეოდით უცხო გარემოს და, შესაბამისად, ადაპტაციის ეტაპებიც მალე გაგვევლო“.

M: რა გასწავლა ამ გამოცდილებამ?

უნდა მოვრგებოდი იქაურ კულტურას, უფრო ზუსტად — დასავლურ მულტიკულტურალიზმს და განათლების სულ სხვა სისტემას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კარგად ვსწავლობდი, დასაწყისში ჟენევაში სწავლა საკმაოდ გამიჭირდა და  ჩამოვრჩი კიდეც, მაგრამ ძალიან მოვინდომე და მალე დავეწიე თანაკლასელებს, თუმცა, მასწავლებლების დიდი როლიც მინდა აღვნიშნო, რომლებიც ძალიან დამეხმარენ.

M: რა იყო შენი პირველი სამსახური?

პირველი სამსახური სკოლაში სწავლის პერიოდში დავიწყე. ჟენევა საერთაშორისო, მრავალეთნიკური ქალაქია. სკოლები  სხვადასხვა ქვეყნიდან ახლადჩამოსული ბავშვებით არის წარმოდგენილი და მათ დასახმარებლად სპეციალური დამატებითი მომზადების პრაქტიკა არსებობს. მე იმ ბავშვებს ვასწავლიდი, რომლებიც განვითარებადი ქვეყნებიდან და კონფლიქტური ზონებიდან იყვნენ ჩამოსულები. ძალიან მიხაროდა, როდესაც ვხედავდი, თუ როგორ აუმჯობესებდნენ ისინი სწავლის შედეგებს და როგორი თბილი დამოკიდებულება ექმნებოდათ მათ და მათ მშობლებს ჩემ მიმართ.

M: ინგლისზე გვიამბე  როგორი იყო ადაპტაცია 2.0?

ჟენევაში ცხრა წელი ცხოვრების შემდეგ გადავედი ლონდონის უნივერსიტეტში სასწავლებლად. ზუსტად მამის კვალს გავყვებოდი თუ არა, არ ვიცოდი, მაგრამ გადავწყვიტე პოლიტიკის მეცნიერებასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩამებარებინა. ჟენევაში თუ ყველაფერი ფრანგულად იყო, ლონდონში პირველი ლექციის მოსმენა ინგლისურად მომიწია და თან შოტლანდიური აქცენტით. სიმართლე გითხრათ, თავიდან ბევრი არაფერი მესმოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შოტლანდიურ, ირლანდიურ და სხვა ბევრნაირ აქცენტსაც მივეჩვიე. ლონდონმა ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება მომცა. იქ ცხოვრებისას ურთიერთობა ბევრი განსხვავებული აზროვნებისა და მრწამსის ადამიანთან მქონდა, ისინი განსხვავდებოდნენ რელიგიით, ეთნიკური წარმომავლობით, მსოფლხედველობითა და პოლიტიკური ინტერესებითაც. მათთან ურთიერთობამ ბევრი საინტერესო რამ მასწავლა.

M: სკანდინავია და სიცივე  — ადაპტაცია 3.0

ლონდონში ცხოვრების სამი წლის შემდეგ კვლავ შევიცვალე ქვეყანა და გადავედი შვედეთში, სადაც Uppsala University-ში სამაგისტრო პროგრამაზე ჩავაბარე. სკანდინავიური კულტურა კიდევ ერთი სიახლე იყო ჩემთვის, თავისებური ურთიერთობებითა და განსხვავებული წეს-ჩვეულებებით. გარდა ამისა, საკმაოდ მკაცრ კლიმატურ პირობებსაც უნდა მოვრგებოდი.

შვედეთში ხომ ოქტომბრიდან აპრილამდე სულ რამდენიმე საათია დღის შუქი და ტემპერატურაც ზამთარში ზოგჯერ მინუს 15-20 გრადუსს აღწევს. მოკლედ, კვლავ ახალ გარემოში აღმოვჩნდი. სტოკჰოლმშიც სამი წელი ვიცხოვრე, სწავლის პარალელურად, ვმუშაობდი ვაშინგტონსა და სტოკჰოლმში არსებულ კვლევით ცენტრში (Institute for Security and Development Policy – ISDP). ვიყავი ჩართული არაერთ საინტერესო პროექტში, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი პირველი წიგნის „Guns of August, Russia’s War in Georgia“ გამოცემაში.

ლონდონურ ხმაურს მონატრებულმა, შვედეთში სწავლის დასრულებისას სრულიად მოულოდნელად, ახალ თავგადასავალში გადაწყვიტა თავით გადაშვება და საყვარელ ქალაქს დაუბრუნდა. თან, პარალელურად, სამსახურს ეძებდა და როცა ვთხოვე, ეამბნა წარმატებული ნაბიჯის შესახებ, ასეთი რამ გაიხსენა:

„მიუხედავად იმისა, რომ  შვედეთში გატარებული წლები ჩემთვის ძალიან ძვირფასი და საინტერესო იყო, მინდოდა სწავლის დამთავრების შემდეგ კვლავ ლონდონში დავბრუნებულიყავი. ამაში უფსალას უნივერსიტეტის ერთ-ერთმა პროფესორმა შემიწყო ხელი. იგი დაუკავშირდა ლონდონში მოღვაწე თავის მეგობრებსა და კოლეგებს და რეკომენდაცია გამიწია. ასე გავიცანი ლონდონში არსებული სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანა Albany Associates International-ის გენერალური დირექტორი, რომელმაც რამდენიმე გასაუბრების შემდეგ მათი გუნდის წევრობა შემომთავაზა.

ვერ ვიჯერებდი და ძალიან მიხაროდა… ყველას გვაქვს ცხოვრებაში მომენტები, რომლებითაც განსაკუთრებით ვამაყობთ. ჩემთვის ეს ძლიერი მუხტი ლონდონში ახალი სამსახური იყო, რის შედეგადაც მე გლობალური პოლიტიკური მოვლენების ცენტრში აღმოვჩნდი“.

დანიშნულების პუნქტები: აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი — ადაპტაცია 4.0

ეს კომპანია სპეციალიზებულია სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციების დარგში, კონფლიქტურ ზონებში მხარეების მედიაციის კუთხით. ამასთან, თანამშრომლობს როგორც ბრიტანეთის მთავრობასთან, ისე კერძო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების წამყვან პოლიტიკურ გუნდებთან. კომპანიაში მუშაობის ხუთმა წელმა ძალიან ბევრი რამ მომცა. გამიმართლა, რომ ისეთ საერთაშორისო წამყვან პირებთან მომიწია ურთიერთობა, რომელთა გადაწყვეტილებები მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენას ახდენდა. გამოვყოფდი რამდენიმე პროექტს, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის:

კენიაში ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბური პროექტის განხორციელებისათვის შევქმენით მხარდამჭერი კომუნიკაციური სტრატეგია, რისთვისაც ადგილზე ნაირობის საველე ოფისში ვმუშაობდი.

ასევე, განსაკუთრებით მინდა გამოვყო სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშემწყობ მისიაში ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან ჩემი ჩართვა. დასავლეთი ცდილობდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან სირიის ოპოზიცია მოეწვია, რომ ბაშარ ალ- ასადის მთავრობასთან ქვეყნის მომავალი განვითარების საკითხები განეხილათ და მიმდინარე კონფლიქტის განმუხტვა განხორციელებულიყო. 

კიდევ ბევრ საინტერესო პროექტსა და მიმართულებაზე ვმუშაობდი, ნამდვილად თავგადასავლებით დატვირთული წლები გავატარე.

M: ახლა, როცა სამშობლოს დაუბრუნდი, რითაა საინტერესო შენთვის აქ ყოფნა?

20 წელი არ მიცხოვრია საქართველოში და არ ვიცოდი, რა მოლოდინები მქონოდა. ჩემს მეუღლესთან ერთად, რომელიც ასევე, ბავშვობიდან უცხოეთში ცხოვრობდა, გადავწყვიტეთ, რომ თბილისში დავბრუნებულიყავით. მინდოდა, ჩემი თავი საკუთარ სამშობლოშიც გამომეცადა და, თუ გამიმართლებდა, მოკრძალებული წვლილი შემეტანა ქვეყნის განვითარების პროცესში. სამი წელია, უკვე თბილისში ვცხოვრობ და ისე ვგრძნობ თავს, თითქოს არც არასდროს წავსულვარ. ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების გარდა, ძალიან გამიმართლა, რომ მოვხვდი იმ კომპანიაში და იმ გუნდთან, რომელსაც თანამედროვე საქართველოს ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეაქვს.

M: როგორ წარიმართა შენი კარიერა საქართველოში დაბრუნების შემდგომ?

ჩამოსვლისთანავე დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ სად შეიძლებოდა ჩემი ადგილი მომენახა. რამდენიმე თვე სხვადასხვა მიმართულებას მივყვებოდი და ბევრი ახალი ადამიანიც გავიცანი. რა თქმა უნდა, ძალიან მომწონდა რასაც აჭარა ჯგუფი ქმნიდა და შორიდან მათი გულშემატკივარიც ვიყავი. არ დამავიწყდება პირველი შეხვედრა ვალერი ჩეხერიასთან — „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორთან. მასთან საუბრისას უფრო მეტად გავაცნობიერე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარებას ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის. ასევე, ვისაუბრეთ კომპანიის სხვადასხვა მიმართულებაზე, როგორიც არის სოფლის მეურნეობის მასშტაბური პროექტი – „უდაბნო“, რეგიონული განვითარება და სასტუმრო „სტამბას“ გახსნა, რომელიც მაშინ იგეგმებოდა. „სტამბამ“ მოგვიანებით კიდევ ერთი უნიკალური ჰოსფითალითი გამოცდილება და მრავალფეროვანი გარემო შესთავაზა სტუმრებს. ლევან ბერულავასთან — კომპანიის მმართველ დირექტორთან შეხვედრისას კი უფრო დეტალურად შევიტყვე, თუ რამხელა წვლილი მიუძღვის აჭარა ჯგუფს ქვეყნის ხელოვნებისა და კულტურის, ასევე გასტრონომიისა და სერვისის სფეროების განვითარებაში. „აჭარა ჯგუფმა“ ხომ საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე მონიშნა და მეც ძალიან მომინდა ამ გუნდის წევრობა. გამიმართლა და ცოტა ხანში მათ შევუერთდი კიდევაც. მიხარია, რომ უკვე სამი წელია, ვმუშაობ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ნოვატორულ და თანამედროვე კომპანიაში და თან იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც ერთი ხედვა გვაკავშირებს და გეზი პროგრესისკენ გვაქვს აღებული.

M: დაივინგზეც გვიამბე, როგორ ადაპტირდი წყალქვეშა სამყაროსთან?

მე და დათო (მეუღლე) აზიაში, ფილიპინებზე მოგზაურობისას ბუსუანგას კუნძულზე მოვხვდით, რომელსაც ხშირად სტუმრობენ დაივერები. ჩვენც გავყევით დამწყებ დაივერთა ჯგუფს და ძალიან გაგვიტაცა. გარდა ფიზიკური კონდიციებისა, დაივერს სჭირდება ლიცენზია თეორიული ნაწილიც უნდა გაიარო და გამოცდაც უნდა ჩააბარო, რომ გარკვეულ სიღრმეზე  ჩაყვინთვის უფლება მოიპოვო. მაინც ექსტრემალური სპორტია, არ გაქვს შეცდომის უფლება. როცა ჩადიხარ 25 ან 30 მეტრზე, იქ სხვა თამაშის წესებია. ამიტომ მომიწია დუბაიში სპეციალური გამოცდის ჩაბარება და ამ უფლების მოპოვება.

M: შენს ცხოვრებაში, ადაპტაცია მუდმივი გამოწვევა იყო, რომელიც უნდა გადაგელახა. ახლა როგორ გაქვს გაცნობიერებული ეს პროცესი?

ვაკვირდები გარემოებებს, დინამიკას, მიმდინარე პროცესებს და მოვლენებს.  ეს შემდგომში ძალიან მეხმარება ხალხთან კომუნიკაციის დამყარებაში. რაიმე ერთი გარკვეული მიდგომა არ არსებობს. ობიექტური შეფასება უნდა გააკეთო იმ კონკრეტული გარემოსა და სიტუაციის, სადაც აღმოჩნდი. ხშირად გარედან სხვანაირად ჩანს, მაგრამ როცა რეალობას უსწორებ თვალს, ხვდები რომ ცდებოდი. აუცილებელია სწორედ და სწრაფად გაერკვიო რეალობაში, სანამ რაღაც ნაბიჯს გადადგამ.

კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია თავისი მომავალი, თინა კავაძემ ერთი სიტყვით მიპასუხა. მან არ იცის, ზუსტად რას უმზადებს სამყარო, რა გარემოებაში მოუწევს ყოფნა, მაგრამ როგორც თავგადასავლების მოყვარულმა კარგად უწყის, თუ რა ექნება ნებისმიერ გარემოებას საერთო ის იქნება მრავალფეროვანი.

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

„გვინდა, “not Museum” მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი გახდეს, მაგრამ არა როგორც მუზეუმი, არამედ როგორც ცოცხალი და აქტიური სივრცე“

Zoom, მალე, Google Nest-ზე, Amazon Echo-სა და Facebook Portal-ზე დაემატება