in

„აქ თითოეული ჩვენგანი კომპანიის წარმატების საყრდენია“ – თინათინ გენებაშვილი, „ბაუმერის“ ადამიანური რესურსების მენეჯერი

თანამედროვე მენეჯმენტში ადამიანური რესურსების მართვა დიდი ხანია გასცდა „კადრების განყოფილების“ ვიწრო ჩარჩოებს და ბიზნესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ღერძად იქცა. ამას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ სამუშაო გარემოში, როგორსაც „ბაუმერი“ ქმნის. აქ, მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ ადამიანები და მათი მოტივაციაა. თინათინ გენებაშვილი, „ბაუმერის“ ადამიანური რესურსების მენეჯერია. კომპანიაში ის ადმინისტრირებას ემპათიასთან, ხოლო ბიზნეს ინტერესებს თანამშრომლების განვითარებასთან აკავშირებს. ტალანტების მართვის მიმართულებით იურისპრუდენციის სფეროდან გადმოინაცვლა, სადაც ქმნის გარემოს, რომელშიც თანამშრომელი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს. როგორ ჩამოყალიბდა ადამიანების მართვის ხელოვნება ორგანიზაციაში და რა ხდის „ბაუმერის“ კულტურას გამორჩეულს – თინათინ გენებაშვილი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

ჩემი ბავშვობა ფერად, ნათელ და ლაღ დღეებს უკავშირდება. გავიზარდე ბუნებასთან ახლოს, წიგნების გარემოცვაში, სადაც არჩევანის თავისუფლება მთავარი ღირებულება იყო. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ყველა ბავშვს ჰქონოდა ისეთივე ბედნიერი და ჯანსაღი გარემო, როგორიც მე.

ოჯახური ტრადიციიდან გამომდინარე, თავიდან მეც გადავწყვიტე, ბედი მხატვრობაში მეცადა და სამხატვრო აკადემიას მივაშურე. თუმცა, მალევე გავაცნობიერე, რომ უამრავი ვატმანის ქაღალდი, ფუნჯები და აკვარელი მხოლოდ ძიების პროცესის ნაწილი იყო. თმაში ჩამაგრებული ფუნჯებით სიარული უფრო იმიჯს წარმოადგენდა, ვიდრე ჩემს ნამდვილ მოწოდებას.

ამიტომ, სახლში არაფერი მითქვამს, ისე ჩავაბარე სრულიად განსხვავებულ მიმართულებაზე – იურიდიულ ფაკულტეტზე. როგორც აღმოჩნდა, სამართალმცოდნეობა გაცილებით ახლოს იყო ჩემს ხასიათთან. როცა ოჯახს ამბავი გავუმხილე, ჩემდა გასაოცრად, არავის გაუპროტესტებია – ჩემს ხელოვნებასთან ურთიერთობას უფრო „გადახატვად“ აღიქვამდნენ, ვიდრე ხატვის ნიჭად.

პირველივე კურსის დასრულებისას, მუშაობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დავიწყე. ეს იყო უბედნიერესი წლები, სადაც უდიდესი გამოცდილება მივიღე და საოცარი მეგობრები შევიძინე.

რამდენიმე წლის შემდეგ, გადავწყვიტე ძალები HR-ში მომესინჯა და არც შევმცდარვარ. ეს ზუსტად ის სფერო აღმოჩნდა, სადაც საკუთარი „სუპერძალები“ ვიპოვე: ადამიანების დასაქმება, მათში ფარული ნიჭის აღმოჩენა, გვერდში დგომა და განვითარების მხარდაჭერა. ეს პროცესი ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

უკვე 10 წელია ამ სფეროში ვარ, თუმცა საინჟინრო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება არასდროს მქონია. მოულოდნელად, მეგობრისგან გავიგე, რომ „ბაუმერი“ HR მენეჯერს ეძებდა. საინჟინრო ჰოლდინგში მუშაობა დიდი გამოწვევა ჩანდა, თუმცა გასაუბრებისთანავე მოვინუსხე და ფაქტობრივად, მაშინვე შევთანხმდით. უკვე წელიწად-ნახევარია, ამ გუნდის წევრი ვარ.

ადრე, HR მხოლოდ ადმინისტრირების ინსტრუმენტი მეგონა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. „ბაუმერში“ ჩემი როლი ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ტალანტების შერჩევა. ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა. ყოველდღიურად ვზრუნავ, რომ თითოეულ თანამშრომელს მიეცეს განვითარების, სწავლისა და რეალური ძლიერი მხარეების გამოვლენის შესაძლებლობა.

ჩემი, როგორც HR-ის ფუნქცია, ხიდია ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შორის. მე არ ვმართავ მხოლოდ პროცესებს, მე ვუსმენ ადამიანებს. ვხედავ და ვგრძნობ, როგორ იზრდებიან ჩვენი გუნდის წევრები, როგორ პოულობენ საკუთარ გზას და როგორ ხდებიან კომპანიის წარმატების ნაწილი. ორგანიზაციის წინსვლა ხომ პირდაპირ კავშირშია ადამიანების განვითარებასთან, მათთვის სტაბილურობისა და ნდობის გარემოს შექმნასთან.

ბევრი კომპანია მინახავს, მათ შორის საერთაშორისოც, მაგრამ „ბაუმერი“ გამორჩეულია – აქ არცერთი გუნდის წევრი არ რჩება დახმარების გარეშე. ნებისმიერს აქვს თავისი კომპანიის იმედი. აქ გარემო უზომოდ ფერადია, იგრძნობა ერთიანი სულისკვეთება და გულწრფელად გეტყვით – ეს არის ადგილი, სადაც დილით მოსვლა მიხარია.

ჩემი მთავარი ღირებულებაც ეს არის: შევინარჩუნო ბალანსი კომპანიასა და თანამშრომლებს შორის, რადგან სწორედ ასეთ გარემოში იქმნება ნდობა და სტაბილურობის განცდა.

„თეგეტა“ ტექნოლოგიურ პორტფელს აფართოებს – კომპანია GeoGPS ჰოლდინგის შემადგენლობაში ერთიანდება

Google-ის 5 რჩევა თავად Google-ის ფუნქციების სწორად გამოყენებაზე