21
Oct
2019

“არ აქვს მნიშვნელობა, რითი მოყვები, მთავარია რას და როგორ მოყვები” – თინათინ ჯაბანაშვილი #თაობა

21 Oct 2019

ხანდახან შთაგონება ჩვენს გონებაშია, ხანდახან – გარეთ უნდა ეძებო.. დიახ, გარეთ ბევრნაირი ინსპირაციის პოვნა შეიძლება, ზოგჯერ ისეთისაც, რომ არ მოელი.. ამგვარი წამების/მომენტების გაყინვა და შეგროვება კი მხოლოდ ერთი ხერხით შეგიძლია – ფოტოს გადაღებით..

თინათინ ჯაბანაშვილი ამგვარ მომენტებს მობილურით აფიქსირებს და შემდეგ აგროვებს. მობილური ფოტოგრაფია მის ჰობად იქცა, თუმცა, მის ნამუშევრებს თუ შევხედავთ, არაა გამორიცხული, მალე მის ერთ-ერთ მთავარ საქმიანობადაც იქცეს. რამდენიმე კონკურსში მოპოვებული წარმატებების შემდეგ, #თაობამ გადაწყვიტა, თინათინს გასაუბრებოდა:

M: ვინ არის თიკა ჯაბანაშვილი?- გაგვაცანი შენი თავი..

თიკა ჯაბანაშვილი პროფესიით იურისტია, სამართლის მაგისტრი. თუმცა, ეს არ ყოფილა ჩემი ერთადერთი პროფესია. პარალელურად ვიყავი მოცეკვავე და მსახიობი (თეატრის).

M: როდიდან დაინტერესდი ფოტოგრაფიით? 

მესამე წელია, უკვე ფოტოგრაფიით ვარ დაინტერესებული. ამ მიმართულებით განათლება არ მიმიღია. პირველად როდის დავინტერესდი ფოტოგრაფიით, კონკრეტული ფაქტი არ მახსენდება. ხელოვნებას ყოველთვის გარკვეული ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში.. საშუალებას მაძლევდა, გადმომეცა ემოციები და ფიქრები – ადრე მოძრაობით, ახლა უკვე ფოტოებით.

M: როგორ ფიქრობ, რასთან ასოცირდება შენთვის ფოტოგრაფია, რა პროცესია შენთვის ეს?

ფოტოგრაფია რეალობაა, გაჩერებული კადრები, რომლებიც მუდამ შეინახავენ ისტორიას და აღბეჭდილი მომენტის ემოციას. ჩემთვის ერთგვარი განტვირთვაა და კომუნიკაციის მარტივი საშუალება, სიტყვების გარეშე მოვუყვე ადამიანებს ჩემი ხედვის შესახებ..

M: ამბობ, რომ მობილური ფოტოგრაფი ხარ, როგორ ფიქრობ, რა დადებითი აქვს მობილურ ფოტოგრაფიას?

საკმაოდ მოსახერხებელია. ნებისმიერი კამერის მომართვა გარკვეულ დროს საჭიროებს. ხშირად მიხსენებია, ჩემთვის ფოტოგრაფიის ხიბლი სპონტანურობასა და ბუნებრიობაშია. დაიჭირო მომენტი – ისეთი, როგორსაც მას უცებ შეამჩნევ. მობილური ფოტოგრაფია საშუალებას მაძლევს, ვიყო უჩინარი და სწრაფი. აღვბეჭდო მომენტი, სანამ ის არსებობს. მართალია, ხშირად ფოტოს ხარისხი ბარიერს მიქმნის, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს მიმდინარეობა ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანია.

M: ძირითადად, რა თემების ირგვლივ ტრიალებ? როგორია შენი სამიზნე ობიექტები?

ჩემი მიმართულება ძირითადად კონცეპტუალურ მიმართულებას ეხმიანება, პირველი პერსონალური გამოფენაც კონცეპტუალურ თემატიკაზე – სარეცხებზე მქონდა, სახელწოდებით, „ გამოფინე“. ძირითადი პროფესიიდან გამომდინარე სოციალურ თემატიკასაც ვეხები. ჩემს ობიექტივში ყველაფერი შეიძლება, მოხვდეს, გააჩნია ხასიათსა და გადასაღები ობიექტის დეტალებს. ბოლო სერია ისევ კონცეპტუალურ თემატიკაზე ავაგე, სადაც საკუთარი თავი აღვწერე. სერიასაც ბევრი ფიქრის გარეშე შევურჩიე სახელწოდება „ავტოპორტრეტი“.

M: რისი თქმა გსურს შენი შემოქმედებით?

ძალიან ბევრი რამის. ყველა უთქმელი სიტყვის ჩატევას ვცდილობ ფოტოებში. ამით ვესაუბრები ადამიანებს, ამით გადმოვცემ ემოციებს. როდესაც კადრი კარგი გამოდის, ემოციებისგან კი არ ვიცლები, პირიქით, ორმაგად სავსე, მოტივირებული და მოწადინებული ვარ. რაც შეეხება მობილურ ფოტოგრაფიას, ეს არ აკნინებს ამ სფეროს. შენი ინდივიდუალიზმი შენშია და არა კამერაში. არ აქვს მნიშვნელობა, რითი მოყვები, მთავარია რას და როგორ მოყვები.

M: EYEEM-ის, Vogue-სა და სხვა მიღწევების შესახებ გვესაუბრე…

პირველი იყო ჩემი პერსონალური გამოფენა, კონცეპტუალურ თემატიკაზე (სარეცხები), სახელწოდებით, „გამოფინე“. ამის შემდეგ უფრო გავთამამდი და გადავწყვიტე, კონკურსებში მიმეღო მონაწილეობა. პირველად GIPA-ს მიერ ორგანიზებულ ფოტოკონკურსში მივიღე მონაწილეობა („ფოტოგრაფირებული დამოუკიდებლობა“ – საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავისადმი მიძღვნილი), სადაც მეორე ადგილზე გავედი.

შემდეგ იყო სხვადასხვა კონკურსი. ყველაზე დასამახსოვრებელი მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული ფოტოკონკურსი The end of poverty-ია, რომელიც სიღარიბის წინააღმდეგ იყო მიმართული და საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა, გამარჯვებული ჩემი ორი ფოტო გაიყიდა აუქციონზე და თანხა გადაერიცხა შერჩეულ ბენეფიციარს.

ასევე, Inochange-ის ფოტოკონკურსში თემაზე „LaceUpSpeakOut”, რომელიც გენდერულ თანაფარდობას ეხმიანებოდა (ორგანიზატორი – ErasmusPlus), რის შემდეგაც გამარჯვებული ფოტო გამოიფინა ახალ ქალკედონიაში და კონკურსის ფარგლებში დამზადებულ სახელმძღვანელოში დაიბეჭდა.

ადამიანის უფლებათა სახლის მიერ ჩატარებულ ფოტოკონკურსში „ქალები და აქტივიზმი“ – ჩემი ფოტო შევიდა საუკეთესო ათეულში, ხოლო ჩემს რესპონდენტს გადაეცა გრანტი, როგორც შთამაგონებელ ქალს.

Mobigraphy-მ ინტერვიუში ჩემსა და ჩემს ნამუშევრებზე ისაუბრა. ასევე, რამდენიმე ნამუშევარი ატვირთულია Vogue.it-ის საიტზე.

eyem-მა მსოფლიო 16 საუკეთესო მობილურ ფოტოგრაფს შორის დამასახელა. ასევე აღნიშნული პლატფორმის მიერ ორგანიზებულ ფოტოკონკურსში, ჩემი ორი ნამუშევარი ათ საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა მინიმალიზმისა და მობილური ფოტოგრაფიის კატეგორიებში, ისინი ბერლინში გამოიფინა და ჟურნალშიც დაიბეჭდება.

M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვს ამ კუთხით?

განვაგრძობ გადაღებას, დანარჩენს დრო და კადრები აჩვენებს..

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა