10
Aug
2018

გააგებინეთ მსოფლიოს ოკუპაციის შესახებ! – თინათინ სტამბოლიშვილის #აზრები

10 Aug 2018



მეილი რომ გავხსენი და ეს მდგომარეობა დამხვდა, მივხვდი, რომ სქრინი უნდა გამეკეთებინა და სადღაც მემორიში შემენახა.

ჩემმა კოლეგამ – ნათია ფერაძემ, რომელიც mygpi.ge-ს ონლაინ პორტალის პატრონია, შესანიშანავად – მოკლედ და კონკრეტულად გადმოსცა ის პათოსი, რაც ყველა იმ ადამიანს გვამოძრავდება, ვინც ამ პროექტზე მუშაობდა:

„კოლეგებო,

დაინერგა ახალი ვერსია. რუსეთი რომ ოკუპანტია, იმ ფუნქციონალით;

კეთილი სურვილებით,

ნათია.“

IT დავალების ფაილი, სახელით „რუსეთი ოკუპანტია“ დეველოპერების გუნდს წინა კვირას გაეგზავნა და როგორც შეგვატყობინეს, სრული ექსტაზი და აურზაური გამოუწვევია. ყურს სიამოვნებდა დიალოგები: „ოკუპანტის ფუნქციონალს ხარვეზი აქვს მგონი“, „ოკუპანტი არ იტესტება! არ ჩანს საერთოდ პროგრამაში!“ „ოკუპანტი როდის უნდა გავაქროთ სისტემიდან?“ (ამინ! გაიფიქრებდი…). ყველაზე მეტად ეს ბოლო ფრაზა ჩამრჩა გონებაში „ოკუპანტის სისტემიდან გაქრობას“ რომ ეხება, მაგრამ ამაზე მერე…

მიხვდით ალბათ, 8 აგვისტოს რომ კამპანია ჩავუშვით, როგორც მედიამ „შეურჩია“ სახელი: „პროტესტი სამოგზაურო დაზღვევით“ – იმაზე გიყვებით. დეველოპმენტი პოლისის შევსებისას „ვეთანხმები, რომ რუსეთი ოკუპანტია…“ ჩექბოქსის გაჩენას გულისხობდა. ჩექბოქსის მონიშვნისას კი, პოპაპად უნდა გაჩენილიყო „ოკუპაციასთან ბრძოლა შესაძლებელია ინფორმაციის გავრცელებით. მადლობა, რომ ჩვენ გვერდით ხარ. გვჯერა, რომ ერთად გაცილებით მეტს მივაღწევთ. ამიტომ, დაელოდე ჩვენგან საჩუქარს, რომელსაც ორი დღის განმავლობაში მიიღებ.“ ეს საჩუქარი ჯოვანის მორას საპასპორტე იყო, რომელიც „სათქმელს შენ მაგივრად ამბობს საზღვრის გადაკვეთისას“.

ამ კამპანიის იდეა და ჩვენი მოტივაციაც ცხადია: ჩვენი აზრით, ინფორმაცია ყველაზე მძლავრი იარაღია დღეს – ბომბებსა და არტილერიაზე მძლავრი და გვინდოდა ჩვენი ეს დამოკიდებულება ამ სიმბოლური კამპანიით გამოგვეხატა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა არ დასრულებულა და რომ ყველამ ჩვენ ხელთ არსებული ძალით თუ ღონით შეგვიძლია, როგორც მინიმუმ, ეს ამბავი მსოფლიოს გავაგებინოთ.

კამპანია აგვისტოს განმავლობაში გაგრძელდება და საპასპორტეები ამ ჩანთით ჩანაცვლდება:

მარკეტერის მკითხველისთვის კი რა მინდა ვთქვა – ალბათ ის, რაც უჩემოდაც კარგად იცით: მთელი ჩვენი შრომა ბრენდინგის, კარგი ვიზუალიზაციის, პლატფორმების შექმნის, სტრატეგიების წერის, წყალშია გადაყრილი, თუ არ გვაქვს დიალოგი ადამიანებთან და ეს დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ არ დამალავ, რომ შენს კომპანიას ქმნიან ადამიანები, რომლებიც სხვებივით გრნობენ, ფიქრობენ, უყვართ, სძულთ, იცინაინ, ტირიან…  რაც მთავარია, დიალოგი მხოლოდ მაშინ შედგება („შედგებაში“, „ჩვენს ენაზე“, მაღალ ინგეიჯმენტს ვგულისხმობ), თუ იმ თემებს ეხები, რაც საზოგადოებას აღელვებს, აფორიაქებს და რასაც ჭკუიდან გადაჰყავს…

ამ კონკრეტული კამპანიისას, ამ დიალოგის ფანტასტიკურად აწყობასა და დაგეგმვაში უდიდესი მადლობა ჩვენს მეგობრებს, სააგენტო “ლივინგსტონის” მესვეურებს – ამ კონცეფციის ავტორებს, რომლებმაც ხორცი და ფრთები შეასხეს ამ იდეას და ასე, ერთი ხელის მოსმით ჩაუშვეს თავისი ვიზუალით, ქოფით და მთელი აღმაფრენით.

რა თქმა უნდა, დიდი მადლობა, ყველას, ვინც გამოგვეხმაურა და შეგვაქო – ეს სტიმულს გვაძლევს, ყოველთვის ვიფიქროთ ისეთ რამეებზე, რაც თქვენს გულს მოიგებს და თან კარგ საქმესაც გაგვაკეთებინებს, სულიერად და მატერიალურად გაგვამდიდრებს. ასე შევძლებთ „სისტემიდან ოკუპანტის გაქრობას“… ასე რომ, დაირაზმეთ, იმოგზაურეთ და გააგებინეთ მსოფლიოს ოკუპაციის შესახებ!

თინათინ სტამბოლიშვილი, GPI Holding

განხილვა