in

თინათინ სტამბოლიშვილი Baku Flames-ის ჟიურის შემადგენლობაშია

მაისის თვეში, ბაქო რეგიონული კრეატიული ინდუსტრიის ცენტრად გადაიქცევა. ორი დღის განმავლობაში, აზერბაიჯანის დედაქალაქი შემოქმედებითი სფეროს ასობით წარმომადგენელს უმასპინძლებს. ფესტივალი “Baku Flames 2025” გახლავთ პლატფორმა, რომელიც პროფესიონალებსა და დამწყებებს ერთმანეთთან აკავშირებს და აერთიანებს . ორი დღის განმავლობაში, ბაქოს სტუმრებს საშუალება გეძლევათ ისწავლოთ ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტებისგან, განავითაროთ თქვენი პროფესიული წრე, წარადგინოთ საკუთარი თავი, იდეები და თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინოთ.

ფესტივალში მონაწილეობისთვის ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია. სტუდენტებს სპეციალური ფასდაკლებებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, ახალგაზრდა ტალანტებს კი კანის ფესტივალზე მოხვედრის შანსი გეძლევათ. ღონისძიების სრულ პროგრამას ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობით და თქვენი ნამუშევრების დარეგისტრირებასაც შეძლებთ.

ფესტივალის ჟიურიში მონაწილეობას მიიღებენ ქართული კრეატიული სექტორის წარმომადგენლები – ჯიპიაი ჰოლდინგი, Playmakers-ის, Holy Motors-ის, Leavingstone-ის და Saatchi & Saatchi-ს გამორჩეული პროფესიონალები. მათ შორისაა ჯიპიაი ჰოლდინგის კომუნიკაციების დირექტორი თინათინ სტამბოლიშვილი.

M: როგორ შეაფასებთ Baku Flames 2025-ს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება რეგიონული შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებისთვის?

ფესტივალი შესაძლოა ერთ-ერთ საკვანძო ღონისძიებად იქცეს რეგიონში, რომელიც გააერთიანებს არა მხოლოდ ინდუსტრიის მთავარ აქტორებს, არამედ ერთმანეთის აღმოჩენის საშუალებას მისცემს შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალებს. ფესტივალის ერთ-ერთი მიზანიც ერთგვარი ხიდის გაბმაა დამკვეთებსა და ახალგაზრდა თუ გამოცდილ არტისტებსა და სააგენტოებს შორის. ქართული სააგენტოების ჩართულობაც მსგავსი ტიპის ღონისძიებებში დიდ ბიძგს მისცემს ამ სექტორს, რომ გაიტანონ თავიანთი ნამუშევრები ქვეყნის საზღვრებს გარეთ და გაიჩინონ ახალი შესაძლებლობები.

M: თქვენი ხედვით, რა პერსპექტივას ქმნის ღონისძიება და კონკურსში მონაწილეობა კრეატორებისთვის?

როგორც ყველა ფესტივალზე, აქაც, კრეატორებს საშუალება ექნებათ, წარმოაჩინონ თავიანთი თავი და ქვეყნის ფარგლებს გასცდნენ. დარწმუნებული ვარ, დამწყები პროფესიონალებისთვის ბაქოს ფესტივალში მონაწილეობა სრულიად ახალ ჰორიზონტებს გახსნის. რეგიონული ფესტივალი ალბათ იმითაცაა საინტერესო, რომ მეტი გავიგოთ მეზობელი ქვეყნის გამოწვევებზე და შევთავაზოთ მათ ჩვენი გამოცდილებაც, ამავე დროს – ავიღოთ მათი საუკეთესო პრაქტიკებიც.

M: წლევანდელი Baku Flames 2025-ის ჟიურის შემადგენლობაში ხართ – რა მიმართულებით უნდა შეაფასოთ ნამუშევრები და როგორი იქნება შეფასების კრიტერიუმები?

მე ვაფასებ ნამუშევრებს ეფექტიანობის თვალსაზრისით – თუ რა შედეგი მოიტანა ამა თუ იმ კამპანიამ უშუალოდ ბრენდის ან ინიციატივის დაწინაურებაში და რამდენად გაამართლა სტრატეგიულმა მიდგომებმა. ჩემთვის უაღრესად საინტერესო იქნება, დავინახო თუ რა მუშაობს განსხვავებულ, თუმცა რაღაც ასპექტში – ერთგვაროვან კონტექსტში, მეზობელ ქვეყნებში. დიდი ენთუზიაზმით მოველი, გავეცნო როგორც ნამუშევრებს, ასევე პროფესიონალებს, რომლებიც ამ კამპანიების უკან დგანან და ქმნიან ღირებულ, შედეგზე ორიენტირებულ კონტენტს.

M: რას ნიშნავს თქვენთვის ასეთი როლი და როგორია მოლოდინები ფესტივალთან დაკავშირებით?

პირველ რიგში, ჩემთვის დიდი პატივია ამ ფესტივალში მონაწილეობა ჟიურის წევრის ამპლუაში. ერთი მხრივ, დასაფასებელია, რომ ქართველ პროფესიონალებს იწვევენ არა მხოლოდ კონკურსში მონაწილეებად, არამედ – შემფასებლებად და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიას აქვს გამოცდილება და ცოდნა, რომელიც შესაძლოა ღირებული იყოს რეგიონისთვის. ჩემთვის საინტერესო იქნება ინოვაციური მიდგომების აღმოჩენა, რომლებიც კოლეგებს გააჩნიათ რეგიონში და სამომავლო თანამშრომლობისთვის კონტაქტების დამყარება, რითაც ხელს შევუწყობთ, განვავითაროთ ეს სექტორი ადგილზე. დარწმუნებული ვარ, ყველა მონაწილისთვის ფესტივალზე გატარებული დღეები ახალი იდეებისა და შთაგონების წყარო გახდება!

დამატებითი დეტალებისთვის, ბილეთების შეძენის, პროექტის წარდგენისა და პარტნიორობის შესაძლებლობებისთვის, ეწვიეთ www.bakuflames.az ან დაუკავშირდით: [email protected] www.bakuflames.az/contact

WhatsApp-ის ახალი ფუნქცია ჩატის გარეთ ინფორმაციის გატანას კრძალავს

LEGO-მ Star Wars-ის პოსტერები შექმნა