მარტოხელა ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ პარტნიორის ძიებაში არიან, Tinder-მა ახალი სახალისო კამპანია წამოიწყო. ამისათვის ხელოვნების ცნობილი ნიმუშების პერსონაჟები გამოიყენა, რომელთაც თითქოს აპლიკაციაზე დარეგისტრირება გადაწყვიტეს და კრეატიულად აღწერეს საკუთარი თავი.
ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზათი დაწყებული, ვერმეერის მარგალიტის საყურიანი გოგონათი დასრულებული, ცნობილი პორტრეტები მორგებული ბიოგრაფიებითაა წარმოდგენილი. ამ გზით აპლიკაცია მომხმარებლებს მოუწოდებს, საკუთარი პროფილების მოწესრიგებაზე სათანადოდ იზრუნონ — ბრენდის განცხადებით, პირველი შთაბეჭდილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
კამპანიას წინ უძღოდა სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, რომელთა მიხედვითაც, ზეტ თაობის 30% უარს ამბობს ადამიანის გაცნობაზე, თუ ის გაუმართავი გრამატიკითა და მართლწერით წერს საკუთარ თავზე; ხოლო 35% ღიზიანდება, თუ მარტოხელა ადამიანის ბიოგრაფიის ველი გრძელ, მოსაწყენ სიას ჰგავს.
უფრო მეტიც, კვლევამ აჩვენა, რომ 15-დან 45 სიტყვამდე რაოდენობის ტექსტი ყველაზე ოპტიმალურია ბიოგრაფიისთვის. ახალგაზრდების 50%-ის თქმით, მათ განსაკუთრებით იზიდავთ ისეთი ადამიანები, რომელთაც აღწერაში ჰობის, ინტერესებისა და მისწრაფებების შესახებ უწერიათ.