გაცნობის აპლიკაციებს შორის, მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე პოპულარული ტინდერია. მისი მომხმარებელთა რაოდენობა, დროთა განმავლობაში, სულ უფრო იზრდება. 2018 წლის მონაცემებით, აპლიკაციას 50 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებდა, დღეისათვის, მომხმარებელთა რაოდენობა გაზრდილია და შესაბამისად, ზოგი ადამიანისთვის რჩეულის პოვნა სულ უფრო შრომატევადი პროცესი ხდება. საჭიროა ძალიან ბევრი პროფილის დათვალიერება და ადამიანებთან საუბარი, იმისათვის, რომ შენი, როგორც იტყვიან match იპოვო. როგორც ჩანს, ტინდერში ძრომიალი პროგრამისტებისთვისაც საკმაოდ დამღლელია, სწორედ ამიტომ, მათ დაიწყეს ტინდერის ბოტების შექმნა, რომლებიც წინასწარ მითითებული მონაცემების გათვალისწინებით არჩევენ პარტნიორს და მათთან მიმოწერასაც პროგრამისტებისგან დამოუკიდებლად იწყებენ.
უფრო კონკრეტულად, ამ საქმეში პირველი ნაბიჯები მონაცემთა მეცნიერ ჯეფრი ლის ეკუთვნის, რომელმაც შეიმუშავა ალგორითმი, რომელიც დღეში ტინდერის 100 მომხმარებელს ათვალიერებს. კონკრეტულ, ანუ ჯეფრის შემთხვევაში, მოდელის გაწვრთნა მან Google-ში ნაპოვნი, მისთვის მოსაწონი ვიზუალის მქონე ადამიანების ფოტოებით შეძლო. შესაბამისად, ალგორითმი ეძებს მას, ვინც ჯეფრის მოეწონებოდა. იგივე ხდება სხვა პროგრამისტების შემთხვევაშიც. როგორც კი ე.წ. დამეჩება შედგება, დამეჩილ ადამიანთან საუბარს უკვე თვითნ პროგრამისტი აგრძელებს.
„ბოტის შექმნის საფუძველი საკუთარი თავისთვის ერთი კითხვის დასმაა: ჰეი, მინდა პირადი ცხოვრება გამოვასწორო. რა შეიძლება იყოს ყველაზე ზარმაცი გზა ამისთვის?”, – ამბობს ლი Mashable-სთან საუბრისას. აღსანიშნავია, რომ ლის ქმნილებას ბელგიელმა პროგრამისტმა რობერტ ვინთერსმა GitHub-ზე მიაგნო და უფრო განავითარა. ვინთერსის ჩარევის შემდეგ, ტინდერის ბოტს დიალოგების წარმოების ფუნქცია გაუჩნდა და როგორც პროგრამისტი ამბობს, მას შეეძლო ერთდროუოლად 200 ადამიანთან ჰქონოდა აქტიური მიმოწერა. თუმცა, ამის შემდეგ, ვინთერსი ტინდერზე დაბლოკეს.
რა თქმა უნდა, ჯერ არ ვიცით როგორ განვითარდება ტინდერზე ბოტების გამოყენების პრაქტიკა, ან აიკრძალება, თუ არა ის. თუმცა, შეიძლება სულ უფრო რთული გახდეს იმის ამოცნობა, თუ ვისთან „ვიმაჩებით“, ბოტთან, თუ ადამიანთან.