24
Jan
2020

Tinder-ის განგაშის ღილაკით, საფრთხისშემცველ პაემანზე, პოლიციის გამოძახებას შეძლებთ

24 Jan 2020

Alta
Alta


გაცნობის აპლიკაცია Tinder უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს და სამშაბათიდან, განგაშის ღილაკს დაამატებს. ამის შესახებ CNN წერს. ღილაკის დაჭერით გამოხატავთ, რომ პაემანზე თავს უსაფრთხოდ არ გრძნობთ. ამის შემდეგ, ოპერატორი გზავნის მომხმარებელთან ტექსტურ შეტყობინებას და თუ პასუხს ვერ იღებს, იწყებს რეკვას. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ზარს არ პასუხობს და იმ შემთხვევაშიც, თუ რაიმე სახით (ტექსტური შეტყობინება, სატელეფონო საუბარი) ადასტურებს, რომ საფრთხეშია, მისამართზე იგზავნება პოლიცია. გარდა ამისა, Tinder-მა უკვე დაამატა ფუნცია check-in, რომლის დახმარებითაც, საფრთხის შემთხვევაში, შეგიძლიათ მეგობრებს გაუზიაროთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად გაქვთ პაემანი. 

უსაფრთხოების ზომების ამგვარი გამკაცრების მიზნით, Tinder-ის მფლობელმა კომპანია Match Group-მა აპლიკაცია Noonlight-ში ინვესტიცია ჩადო. ეს უკანასკნელი ადამიანის ადგილსამყოფელს სწავლობს და საფრთხის დროს საგანგებო სამსახურს უკავშირდება. ტინდერს ამ მხრივ ახალი სექცია – Safety Center დაემატება. თუმცა, განგაშის ღილაკის გამოსაყენებლად მომხმარებლებს Noonlight-ის აპლიკაციის გადმოწერა და ადგილმდებარეობაზე წვდომის ნებართვის გაცემა მოუწევთ. განგაშის ღილაკის სხვა აპლიკაციაში განთავსება, ტინდერის თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს ამცირებს და არ იწვევს ეჭვს პარტნიორის მხრიდან. ეს ფუნქცია, ტინდერის მომხმარებელთათვის, უფასო იქნება, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოდან ამოქმედდება აშშ-ში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებსაც მოიცავს.

აპლიკაციები, რომლებიც ადგილმდებარეობის გაზიარებას გვთხოვენ, ხშირად, უნდობლობის ობიექტები ხდებიან. Noonlight ირწმუნება, რომ მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციას, სარეკლამო მიზნებისთვის, არ ყიდის და მეტიც, Tinder-ის მფლობელ კომპანიასაც არ ექნება წვდომა ამ ბაზაზე. რა თქმა უნდა, მომხმარებლებს შეუძლიათ გამორთონ ლოკაციის გაზიარების ფუნქცია მაშინ, როცა პაემანზე არ არიან.

განხილვა