2017 წლის შემდეგ Tinder-მა პირველი მასშტაბური რებრენდინგი წარადგინა. განახლებული იდენტობა უფრო მკვეთრ ვიზუალს, პირდაპირ კომუნიკაციასა და ურთიერთობებისადმი ნაკლებად სტანდარტულ მიდგომას ეფუძნება. ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიახლე კი გამოგონილი სასიყვარულო მრჩეველია, რომელიც „მეტჩებზე“, გაურკვეველ ურთიერთობებსა და თანამედროვე გაცნობის კულტურაზე ისაუბრებს.
რებრენდინგი მოიცავს თითქმის ყველაფერს: ლოგოს, ფერთა პალიტრას, ფოტოგრაფიას, ილუსტრაციებს, ანიმაციასა და ბრენდის კომუნიკაციის ტონს.
Tinder-ის ნაცნობი ლოგო მთლიანად დიდი ასოებით დაიწერა “TINDER”, რაც ბრენდს უფრო მკაფიო და თავდაჯერებულ ხასიათს სძენს. განახლდა ალის სიმბოლოც, რომელიც ახლა უფრო სუფთა და კუთხიანი ფორმებითაა წარმოდგენილი. ბრენდის ტრადიციულ წითელსა და ვარდისფერს დაემატა ლურჯი და მწვანე ტონებიც, რის შედეგადაც ვიზუალური სისტემა უფრო მრავალფეროვანი გახდა.
მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ტიპოგრაფიასაც. თამამი ლოგოტიპის პარალელურად გამოყენებულია სერიფული შრიფტი, ხოლო საერთო ვიზუალურ ენას ხელნაწერი წარწერები, კოლაჟები, ილუსტრაციები და თითქოს შემთხვევით გადაღებული ფოტოები ავსებს.
ამგვარად, Tinder შორდება იმ მინიმალისტურ სტილს, რომელიც წლების განმავლობაში გაცნობის აპების უმეტესობას ახასიათებდა. ამის ნაცვლად, ბრენდი შთაგონებას იღებს სარედაქციო დიზაინიდან, მიმებიდან და სხვა ვიზუალური კულტურიდან, რომელიც Gen Z-ის ყოველდღიურ ციფრულ გამოცდილებას ასახავს.

განახლებული იდენტობის ნაწილად იქცა Tinder-ის ყველაზე ცნობილი ჟესტიც Swipe. ახლა ეს მოძრაობა არა მხოლოდ აპში, არამედ სარეკლამო მასალებსა და ციფრულ კომუნიკაციაშიც აქტიურად გამოიყენება.
რებრენდინგის ყველაზე გამორჩეული სიახლე კი გამოგონილი პერსონაჟი “T” არის – სასიყვარულო რჩევების ავტორი, რომელიც ბრენდის ახალ ხმას წარმოადგენს. პერსონაჟი შთაგონებულია პოპკულტურის გმირებით, მათ შორის Sex and the City-ის კერი ბრედშოუთი. T ურთიერთობებზე მსუბუქი იუმორითა და დაკვირვებული ტონით საუბრობს, თუმცა არ ამტკიცებს, რომ ყველაფერზე აქვს პასუხი.
ამ პერსონაჟის დახმარებით Tinder გაცნობის თანამედროვე კულტურაზე უფრო თავისუფლად ლაპარაკობს, იქნება ეს ghosting, მეგობრების ჩატში პაემნების განხილვა, შემთხვევითი ურთიერთობები, სერიოზული გეგმები თუ ის ახალი ტერმინები, რომლებითაც ადამიანები ურთიერთობების მრავალფეროვან ფორმებს აღწერენ.
ბრენდის ახალი გზავნილიც სწორედ ამ მიდგომას გამოხატავს – „Happily TBD“. თუ ადრე სიყვარულის ისტორიას თითქოს წინასწარ განსაზღვრული ფინალი ჰქონდა, ახლა Tinder აღიარებს, რომ მომხმარებლებს აპში სხვადასხვა მოლოდინით შეუძლიათ შემოსვლა.
მთავარი სლოგანი „It starts with a swipe“ უცვლელი დარჩა, თუმცა აქცენტი უკვე იმაზე კეთდება, რა შეიძლება მოჰყვეს ამ პირველ მოქმედებას: საუბარი, მეგობრობა, პაემანი თუ ურთიერთობა, რომელიც აპის ფარგლებს სცდება.
Tinder-ის მომხმარებელთა ნახევარზე მეტი 30 წლამდე ასაკისაა, ამიტომ სწორედ Gen Z განსაზღვრავს პლატფორმის მომავალს. ახალი იდენტობაც იმ თაობაზეა მორგებული, რომელიც კავშირების მნიშვნელობას აფასებს, თუმცა ზედმეტად იდეალიზებულ ბრენდებსა და სიყვარულის „იდეალურ“ სცენარებს სკეპტიკურად უყურებს.
რებრენდინგთან ერთად Tinder თავად პროდუქტსაც ანახლებს. ბოლო პერიოდში პლატფორმამ დაამატა ფუნქციები Double Date, College Mode, Events და სხვა, რომლებიც საერთო ინტერესებზე, მეგობრულ წრეებსა და რეალურ ცხოვრებაში შეხვედრების წახალისებაზეა ორიენტირებული.
თუმცა, საბოლოოდ, Tinder-ის წარმატებას ისევ ის განსაზღვრავს, თუ რა გამოცდილებას მიიღებენ ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობისას. ბრენდმა ვიზუალური იდენტობა შეცვალა, მაგრამ ნამდვილი „ქიმიის“ პოვნა კვლავ მთავარი გამოწვევაა.












