in

იყავი ისეთი, როგორიც ხარ – Tinder-ის ახალი კამპანია

ონლაინ გაცნობის აპებში საკუთარი თავის „საუკეთესო ვერსიის“ აწყობა ბევრისთვის უკვე პატარა პროექტად იქცა. რამდენიმე სანტიმეტრი სიმაღლეში, ცოტა უფრო საინტერესო ჰობი, იდეალურად შერჩეული ფოტოები და ბიო, რომელიც თითქოს ყველასთვის ერთნაირად მიმზიდველი უნდა იყოს.

M2

Tinder Thailand-ის ახალი კამპანია სწორედ ამ ჩვევას უპირისპირდება და მომხმარებლებს მოუწოდებს, ნაკლებად „გაპრიალებული“, უფრო რეალური ვერსია აჩვენონ.

VML Thailand-ის მიერ შექმნილ ვიდეოში, სახელწოდებით The Real Finds the One, სამი მთავარი პერსონაჟი საკუთარ თავის დამალვას წყვეტს. ერთ-ერთი მათგანი ნამდვილ სიმაღლეს ამბობს, მეორე კი უხერხულ სიცილსაც აღარ მალავს. იდეა მარტივია: ისეთი დეტალები, რომელთა „გამოსწორებასაც“ ადამიანი პროფილში ცდილობს, შეიძლება სწორედ ის იყოს, რაც სწორ ადამიანს მოეწონება.

კამპანია ასევე პასუხობს dating fatigue-ს, განცდას, რომელიც უსასრულო სვაიპინგს, ერთნაირ პროფილებსა და ზედმეტად დამუშავებულ პერსონებს მოჰყვება. Tinder Thailand მომხმარებლებს „swiping real“-ისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ იდეალური იმიჯის შენარჩუნება არც აუცილებელია და არც ყოველთვის ეფექტიანი.

ვიდეო ტაილანდური რეკლამისთვის დამახასიათებელ უცნაურ და მსუბუქ იუმორსაც ინარჩუნებს. პერსონაჟები საკუთარი ნაკლოვანებების დამალვის ნაცვლად მათ უფრო თავისუფლად აჩვენებენ, რაც კამპანიას ზედმეტი სენტიმენტალურობისგან იცავს.

პირადი ბრენდინგისა და მუდმივი თვითოპტიმიზაციის ფონზე Tinder-ის ეს მიდგომა გაცნობას უფრო მარტივ და ადამიანურ პროცესად აჩენს. იდეალური პროფილის შექმნის ნაცვლად აქ მთავარი თავად ადამიანია, თავისი უხერხული სიცილით, რეალური სიმაღლით და იმ დეტალებით, რომლებიც ჩვეულებრივ ფილტრს მიღმა რჩება.

თერაპია ყოველდღიური ცხოვრებისთვისაცაა – Grow Therapy-ის კამპანია

რას ამბობს კომპანიის იდენტობა მის სტრატეგიაზე?