in

Tinder „დეითინგის” წესებს ცვლის – აპლიკაციის განახლებებს გაეცანით სტატიაში

12 მარტს Tinder-მა თავისი პირველი პროდუქტის პრეზენტაცია გამართა და წარმოადგინა განახლებების ამბიციური პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს აპის გაცოცხლებას, უსაფრთხოების გაძლიერებას და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. ეს ხდება მას შემდეგ, რაც მისმა მშობელმა კომპანიამ, Match Group-მა, გასული წლის აგვისტოში პროდუქტის განვითარებაში 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია დააანონსა, რათა მომხმარებლები კვლავ დაებრუნებინა პლატფორმაზე და განსაკუთრებით Gen Z თაობა დაეინტერესებინა.

განახლებებს შორისაა ახალი შესაძლებლობები რეალური ღონისძიებების აღმოჩენისთვის და ადამიანებთან პირადად შესახვედრად, ასევე ახალი ვირტუალური სპიდ-დეითინგის გამოცდილება, რომელიც ახლა ტესტირების ეტაპზეა. გარდა ამისა, წარდგენილ იქნა რამდენიმე AI-ფუნქცია, რომლებიც აუმჯობესებს Matching-ის ალგორითმს და ზრდის მომხმარებლის უსაფრთხოებას.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა “Events” ტაბი, რომელიც ბეტარეჟიმში ხელმისაწვდომი იქნება ლოს-ანჯელესის მომხმარებლებისთვის. ეს ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს აღმოაჩინონ სპეციალურად შერჩეული ადგილობრივი ღონისძიებები, მაგალითად: ბარები, ბოულინგი, რეივები ან, თუნდაც, კერამიკის კლასები – სადაც შესაძლებელი იქნება პოტენციურ „მატჩებთან” რეალურ ცხოვრებაში შეხვედრა.

ეს ნაბიჯი ასახავს Gen Z თაობის მზარდ ინტერესს რეალურ სამყაროში შეხვედრების მიმართ. ბოლო პერიოდში ტრადიციული დეითინგაპების მიმართ ინტერესის გარკვეული კლება შეინიშნება, რადგან ახალგაზრდები უფრო ავთენტურ გამოცდილებას ან არატრადიციულ გზებს ეძებენ პარტნიორის გასაცნობად. მსგავსი, რეალურ ცხოვრებაზე (IRL) ორიენტირებული მიდგომა უკვე გამოიყენეს აპებმა, როგორიცაა Breeze, 222, Timeleft და Thursday.

ღონისძიების შემდეგ მონაწილეთა პროფილები აპშიც გამოჩნდება, რათა მომხმარებლებმა შეძლონ კვლავ დაუკავშირდნენ მათ, ვისთანაც საუბარი ვერ გაბედეს ან უბრალოდ ვერ მოასწრეს.

სპიდდეითინგიც კვლავ პოპულარული ხდება. Tinder-მა გამოაცხადა ვიდეო სპიდდეითინგის საპილოტე პროგრამა, სადაც მომხმარებლები დაგეგმილ სამწუთიან ვიდეოჩატებში ჩაერთვებიან პოტენციურ მატჩებთან. ეს ერთგვარი „ვაიბ ჩექია“, რომელიც ეხმარება ადამიანებს ყინულის გალღობაში და ქიმიის შეფასებაში რეალურ შეხვედრამდე.

პრეზენტაციაზე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ხელოვნურ ინტელექტსაც.

Tinder აგრძელებს AI-ტექნოლოგიაში ინვესტირებას, დაწყებული ფუნქციით Chemistry, რომელიც კითხვებისა და მომხმარებლის ნებართვით, მისი კამერის გალერიის გამოყენებით, სწავლობს მომხმარებლის ინტერესებს.

უსაფრთხოების მხრივ, Tinder აუმჯობესებს ფუნქციებს “Does This Bother You?” და “Are You Sure?”, რომლებიც ახლა დიდი ენობრივი მოდელების დახმარებით უკეთ ამოიცნობს შეურაცხმყოფელ ან მავნე შეტყობინებებს და ავტომატურად დაბლარავს არასათანადო ტექსტს.

მომავალში დაემატება ახალი რეჟიმებიც:

Music Mode – მომხმარებლის პროფილზე ავტომატურად გამოჩნდება 20-ამდე სიმღერა Spotify-დან.

Astrology Mode – მომხმარებლები შეძლებენ დაბადების დეტალების დამატებას, რათა შეამოწმონ ასტროლოგიური თავსებადობა.

საერთო ჯამში, ეს განახლებები აჩვენებს Tinder-ის სტრატეგიულ ცვლილებას. მიუხედავად იმისა, რომ Match Group-მა 2025 წლის მეოთხე კვარტალში 878 მილიონი დოლარის შემოსავალი დააფიქსირა, კომპანიას უკვე რამდენიმე კვარტალია მომხმარებლების რაოდენობა უმცირდება. ამიტომ იგი ცდილობს მათ შენარჩუნებას და ინვესტორების ნდობის აღდგენას, განსაკუთრებით მაშინ, როცა კონკურენცია იზრდება და მომხმარებლის ქცევა იცვლება.

ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა ეს ცვლილებები მომხმარებლების ინტერესის შენარჩუნებას. თუმცა ერთი რამ ცხადია, Tinder სერიოზულად ცდილობს პაემნების მომავლის ფორმირებას და ადაპტირდება იმაზე, რაც ახალგაზრდა მომხმარებლებს რეალურად სურთ.

Tegeta X Reckless – როცა საჩუქარი ბრენდის ამბავს ჰყვება

Google Maps-მა ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბური განახლება წარადგინა