ფსიქოლოგიით ბავშვობიდან დაინტერესდა. წლების შემდეგ, იყო სასწავლო კურსები ბრაიან თრეისისთან, ტონი რობინსთან, ბაირონ ქეითთან და სხვა ცნობილ ტრენერებთან. ასე იქცა ქოუჩინგი და პიროვნული ზრდა თინათინ ბასილაიას საქმიანობის განუყოფელ ნაწილად. განსაკუთრებით მოსწონს ბაირონ ქეითის მიდგომა, თვლის, რომ საკუთარი აზრების, აზროვნების სტილის შეცვლით, ადამიანს მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოწვევა, ადამიანის იმედგაცრუებიდან და დაპრესიიდან გამოყვანა შეუძლია. სწორედ ამიტომ, თინათინმა ბაირონ ქეითის წიგნი “გიყვარდეს ის, რაც არის” ქართულ ენაზე მისაწვდომი გახადა. წიგნის პრეზენტაცია 14 სექტემბერს, Rooms Hotel-ში გაიმართება. დეტალებზე ფსიქოლოგ თინათინ ბასილაიას ვესაუბრეთ.
M: ვინ არის თინათინ ბასილაია?
თინათინ ბასილაია არის ფსიქოლოგი, ქოუჩი, ბაირონ ქეითის მოსწავლე და ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
M: როდის დაინტერესდი ფსიქოლოგიით და რამ განაპირობა ეს ინტერესი?
ფსიქოლოგიით ბავშვობაში დავინტერესდი, მას შემდეგ, რაც პირველად მოვხვდი ყველასთვის საყვარელ ქართველ ფსიქოლოგთან, ნანა ჩაჩუასთან. ნანას ძალიან საინტერესო ინტელექტუალური ჯგუფი ჰქონდა, სადაც ვსაუბრობდით ფსიქოლოგიაზე, ფილოსოფიაზე, ვუყურებდით ფსიქოლოგიურ ფილმებს, ვკითხულობდით წიგნებს და შემდეგ ვარჩევდით. ნანა ჩემთვის შთამაგონებელი მაგალითი გახდა და გადავწყვიტე მეც ეს პროფესია ამერჩია. ყოველთვის მიზიდავდა საკუთარ თავზე მუშაობა, თვითჩაღრმავება, საკუთარი თავის შეცნობა და სხვა ადამიანების დახმარება.
M: როგორ გადაიზარდა ეს ინტერესი პროფესიაში?
მას შემდეგ, რაც სერიოზულად განვიზრახე ჩემს ცხოვრებაზე სრული პასუხისმგებლობის აღება და მისი სასურველი მიმართულებით თავად გარდაქმნა, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღებას მივყავი ხელი. დავიწყე პიროვნული ზრდისა და პროფესიულ ტრენინგებში აქტიურად მონაწილეობა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ვისწავლე მიკოლა ლატანსკისთან, მისი ყველა ტრენინგი გავიარე, ასევე ბრაიან თრეისისთან, დევიდ ალენთან, ანტონინა ლიტოვკასთან, ტონი რობინსთან, ბაირონ ქეითთან და ა.შ.
ბაირონ ქეითის “სამუშაომ” ჩემში უდიდესი გარდატეხა მოახდინა პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში და გადავწყვიტე ის საქართველოში ჩამომეტანა და ქართველებისთვისაც გამეზიარებინა.
საკუთარ თავზე აქტიური მუშაობის პროცესში აღმოვაჩინე, რომ ჩემი ოცნებები სრულდებოდა, მიზნებს ვაღწევდი, ჩემს შინაგან ცვლილებებთან ერთად ჩემს ირგვლივ სამყაროც და ადამიანებიც თავისთავად იცვლებოდნენ.
აღმოვაჩინე, რომ თურმე საჭირო არ ყოფილა სხვა ადამიანები თუ მოვლენები შევცვალოთ, ვაკონტროლოთ და ამაში ძალიან დიდი დრო, ენერგია თუ ძალისხმევა ფუჭად დავხარჯოთ. უფრო მოკლე და ეფექტური გზა ვიპოვე. საკუთარ ფიქრებზე, აზროვნების სტილზე მუშაობა და მცდარი, ხელისშემშლელი ქვეცნობიერი პროგრამებისგან გათავისუფლება. საკუთარ მაგალითზე აღმოვაჩინე, რომ თუ მე ჩემს ფიქრებზე ვიმუშავებ და მათ შეცვლი, გავთავიუფლდები იმისგან, რაც ხელს მიშლის, სასურველი რეალობის დადგომაც არ დააყოვნებს და ეს ბევრჯერ გამოვცადე საკუთარ თავზე.
ის ცოდნა და გამოცდილება, რაც დავაგროვე და რასაც დღემდე აქტიურად ვაგროვებ, მეხმარება რომ სასარგებლო ვიყო არამხოლოდ საკუთარი თავისთვის არამედ სხვა ადამიანებისთვისაც და მათაც დავეხმარო ინდივიდუალურად თუ ჯგუფურ ფორმატში თავიანთი ცხოვრება სრულად შეცვალონ.
შთამაგონებელია ჩემი კლიენტების და ჩემი პროგრამების მონაწილეების შედეგები. ეს ძალიან დიდ ძალას მაძლევს კიდევ მეტი ვისწავლო, კიდევ უფრო განვვითარდე და ვიყო კიდევ უფრო სასარგებლო.
M: გვიამბე, ვინ არის ბაირონ კეიტი და რით არის ღირებული მისი მიდგომა საზოგადოებისთვის?
ბაირონ ქეითი ცნობილი ამერიკელი სპიკერი და ავტორია. თვითგამოკვლევის მეთოდის “სამუშაოს” შემქმნელი (The Work of Byron Katie) ქეითი დეპრესიით წლების განმავლობაში იტანჯებოდა და შემდეგ იპოვა გზა, თუ როგორ დაესრულებინა ეს ტანჯვა. მან აღმოაჩინა მეთოდი, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია უარყოფითი ფიქრები თუ ისტორიები გამოვიკვლიოთ და გავთავისუფლდეთ სტრესისგან, წარსულის ტკივილისგან, ბრაზისგან, იმედგაცრუებისგან და ა.შ. და ჩვენი ცხოვრება სრულიად გარდავქმნათ. მისი ინსტრუმენტი “სამუშაო” ძალიან დიდ საყრდენს გვაძლევს ცხოვრებაში და საკუთარ თავთან გვაბრუნებს.
მისი მეთოდი “სამუშაო” საშუალებას გვაძლევს კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ის მცდარი შეხედულებები და ფიქრები, რომლებსაც წლების განმავლობაში ვეჯაჭვებოდით და რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ართულებს და ამძიმებს. ფიქრების გამოკვლევას დიდი ძალა აქვს. თუ ერთხელ გამოიკვლიე სტრესული ფიქრი, რომელიც შენში მტკივნეულ განცდებს იწვევს, ის შემდეგ ძალას კარგავს, ქრება და მის გარეშე შენს წინაშე სრულიად ახალი ცხოვრება იშლება. ახალ განზომილებაში ხვდები. საკუთარ თავში პოულობ სიხარულს, სიმშვიდეს, ჰარმონიას და უსაზღვრო მადლიერების და სიყვარულის შეგრძნებას ყველას და ყველაფრის მიმართ.
M: როგორც ვიცით, შენ თარგმნე მისი ნაშრომი. რას ეხება და რას მისცემს მკითხველს ეს წიგნი?
კი, ძალიან დიდი სიხარულით და სიყვარულით ვთარგმნე ბაირონ ქეითის ბესტსელერი წიგნი “გიყვარდეს ის, რაც არის.” დღევანდელი მონაცემებით, ის 34 ენაზეა ნათარგმნი. თვითონ თარგმნის პროცესი ჩემთვის საოცრად ტრანსფორმაციული იყო. თითოეულ სიტყვაში დიდი სიყვარული მაქვს ჩაქსოვილი. მჯერა ეს სიყვარული მკითხველამდეც მივა.
წიგნი პრაქტიკული ხასიათის არის და მკითხველს დაეხმარება ისწავლოს სტრესული ფიქრებისგან გათავისუფლება. აგრეთვე წიგნში შეხვდებით ცოცხალ დიალოგებს ბაირონ ქეითთან, სადაც ის სხვადასხვა ტიპის ადამიანებს ეხმარება დაძლიონ სირთულეები, იქნება ეს ოჯახური კონფლიქტი, იმედგაცრუება, ღალატი, სხეულის მიუღებლობა, ჯანმრთელობის პრობლემები, ფინანსური გამოწვევები, ალკოჰოლდამოკიდებულება და ა.შ. თითოეულ ისტორიაში აუცილებლად იპოვით საკუთარ თავს და მათთან ერთად დაინახავთ გამოსავალს არსებული სიტუაციიდან, დაიწყებთ იმის შემჩნევას, რასაც აქამდე ვერ ხედავდით, განთავისუფლდებით ნეგატივისგან და უარყოფითი დამოკიდებულებისგან. დაამყარებთ საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან ჰარმონიულ ურთიერთობას. თქვენში სულიერი სიმშვიდე, სიყვარული, მადლიერება დაისადგურებს და შეიძლება თქვენი ცხოვრება ორ ნაწილად დაიყოს – წიგნის წაკითხვამდე და შემდეგ.
M: სად და როდის იგეგმება წიგნის პრეზენტაცია და რა ელით ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს?
წიგნის პრეზენტაცია გაიმართება 14 სექტემბერს, 19:30 სთ-ზე, თბილისის რუმს ჰოტელის “გარდენ ჰოლში.” პრეზენტაციაზე ადგილების დაჯავშნა ხდება წიგნის წინასწარ შეძენით. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ სასიამოვნო გარემო, ისინი უკეთ გაეცნობიან წიგნს, ბაირონ ქეითის “სამუშაოს”, გაიმართება გათამაშებაც, სადაც იღბლიანები დასაჩუქრდებიან ინდივიდუალური კონსულტაციით, ტრენინგში მონაწილეობით თუ ონლაინ-პროგრამაში ჩართულობით. აგრეთვე, იქ დამსწრე საზოგადოებას ვუმზადებთ ძალიან სასიამოვნო სიურპრიზს, რომელსაც პრეზენტაციაზე გავუმხელთ და გავახარებთ…