in

ტიპოგრაფია, როგორც ბრენდის იდენტობის იდეის მთავარი ნაწილი – ანუკა კვეზერელი

ტიპოგრაფია არის ხელოვნების ფორმა, რომელსაც შეუძლია შინაარსის მანიპულირება იმის მიხედვით, თუ რას გადმოსცემს და იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიზუალური ბრენდინგის შემუშავებისას.

BOG
BOG

ვიზუალური იდენტობის შექმნისას უნდა გაცნობიერებულ იქნას, თუ როგორ შეესაბამება ტიპოგრაფია საერთო ბრენდის არქიტექტურასა თუ იდეას.

თანამედროვე ბრენდინგში არაერთი მაგალითი გვხვდება, სადაც ტიპოგრაფია გამოიყენება არა მხოლოდ ვერბალური კომუნიკაციისთვის, არამედ ბრენდინგის იდეის ვიზუალური ენის გადმოცემად.

ამის პირველი მაგალითია ამსტერდამის ახალი landmark-ის ამსტელდოკის (Amsteldok) ვიზუალური იდენტობა.

ამსტელდოკი არის ახალი WPP-ის ჰოლანდიური 15 სააგენტოს გამაერთიანებელი კამპუსი, რომელიც 2019 წლის 1 აპრილს გაიხსნა და საერთო ჯამში 1500 თანამშრომელს მოიცავს. სახელი ამსტელდოკი (Amsteldok) მოდის კამპუსის ადგილმდებარეობიდან, რომელიც მდინარე ამსტელის ფსკერთან იმყოფება.

ვიზუალური იდენტობისა და ტიპოგრაფიული ფორმების ინსპირაცია გახდა უშუალოდ კამპუსის ფიზიკური ფორმები და ამსტერდამის არქიტექტურული სკოლის ფასადის გაფორმების ელემენტები.

ბრენდის ტიპოგრაფიული იდენტობა გამოყენებულია როგორც დინამიურ ლოგოტიპში, ასევე კამპუსის ყველა ასპექტში – დაწყებული ნავიგაციის სიმბოლოებით, ინდივიდუალური ავეჯითა თუ ინტერაქტიული ინსტალაციებით ინტერიერში.

ახალმა ვიზუალურმა იდენტობამ წვლილი შეიტანა იმაში, რომ კამპუსმა იარსებოს როგორც ცოცხალმა ორგანიზმმა და არა სტატიურმა შენობამ.  ეს არის ადგილი, რომელიც გაერთიანებულია ერთი საერთო იდეის ირგვლივ – სივრცე სუნთქვისთვის, შექმოქმედებისთვისა და სასიამოვნო ცხოვრებისთვის. (Space to breathe, to create, to enjoy life)

მეორე საინტერესო მაგალითი ტიპოგრაფიის, როგორც ვიზუალური ბრენდინგის იდეის მთავარი ნაწილის, არის London Symphony Orchestra-ს ახალი ბრენდინგი.

ლონდონის სიმფონიური ორკესტრი (LSO) ლონდონის ერთ-ერთი ძველი ორკესტრია, რომელიც 1904 წელს დაარსდა. 1982 წლიდან LSO ბინადრობს ლონდონის ცენტრში, კერძოდ Barbican-ზე და წელიწადში დაახლოებით 120 კონცერტს ატარებს.

2017/18 წლის სეზონის სექტემბრიდან, ლონდონის სიმფონიურ ორკესტრს უძღვება ახალი დირიჟორი – სერ საიმონ რატლი (Sir Simon Rattle)

თუ ორკესტრი იღებს ინსპირაციას დირიჟორისგან, რატომ არ უნდა აიღოს ბრენდმაც?

სწორედ სერ რატლი გახდა ინსპირაცია ბრენდის ახალი ვიზუალური იდენტობის ჩამოყალიბებისა.

ვიზუალურ იდენტობაზე იმუშავა სააგენტო სუპერუნიონმა (Superunion). Vicon System-სისა და თანამედროვე ტექნოლგიების სკოლის დახმარებით, მათ გადაიღეს სერ სიმსონის ყოველი მოძრაობა დირიჟორობის დროს თანამედროვე კამერებით, რომლებიც წამში 120 კადრს აფიქსირებდნენ.  კადრთა ერთიანობამ დახატა საოცარი სურათი, რომელმაც გადმოსცა დირიჟორის ჯოხის ყოველი აქნევა და მისი ემოცია. მოძრავი თუ სტატიური სურათები ახალი ბრენდინგის მთავარ ვიზუალურ ენად იქცა.

LSO ბრენდინგის საერთო იდეიდან გამომდინარე შეიქმნა ფონტი, რომელიც ბდენდინგის იდეის გადმოცემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ტიპოგრაფია გადმოსცემს დირიჟორის ჯოხის აქნევის მოძრაობას. ფონტი გამოიყენება ბეჭდვით მედიაში და ასევე ყოველი კონცერტის პოსტერებისთვის იქმნება იგივე მოხაზულობის ინდივიდუალური ტიპოგრაფია.

დირიჟორის ჯოხის მოძრაობის იდეაზე დაყრდნობილი ტიპოგრაფია LSO-ს არსებულ ლოგოსთან და ახალ ვიზუალურ იდენტობასთან ერთად ქმნის თანამედროვე, 21 საუკუნის ბრენდინგის მაგალითს. ახალი ვიზუალური იდენტობა ეხმარება ბრენდს გაიზარდოს და მოიზიდოს ახალი აუდიტორია.

ამრიგად, ტიპოგრაფია შეიძლება იყოს მთლიანი ვიზუალური იდენტობის არა მხოლოდ დაწერილი შინაარსის გადმოცემის ხელსაწყო, არამედ – ვიზუალური ენის და ბრენდინგის იდეის მთავარი ნაწილი.

 

ანუკა კვეზერელი – Marketer.ge – ის კონტრიბუტორი 

როგორ მოვიგოთ კოლონელ სანდერსის გული? – KFC-ის თამაში, ანიმეს სტილში

მუშთაიდში „ფოტოგრაფიის ღამე“ გაიმართება