in

ფრილანსერობას აპირებთ? — აი, რა უნდა იცოდეთ

ფრილანსერები საკუთარი თავის უფროსები თავადვე არიან, შემოქმედებითი თავისუფლებითაც სარგებლობენ და მოქნილობითაც. თუმცა, სანამ აქამდე მიხვალთ, საფუძველი უნდა მოამზადოთ და თუ როგორ, ამას გამოცდილი ფრილანსერები გვიზიარებენ:

1. მოემზადეთ ფინანსურად

ფრილანსერების ცხოვრების სტილი ნამდვილად მიმზიდველია, თუმცა ფაქტი ის არის, რომ ჭამა და ქირის გადახდა ყველას გვჭირდება. ამიტომ, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, სამომავლოდ ფინანსები დააგროვეთ. დიზაინერი ბრეტ ლაირიც ამას გვეუბნება: აუცილებელი საჭიროებებისთვის დანაზოგი გააკეთეთ, რომელსაც ხარჯების 6 თვის მანძილზე დაფარვა შეეძლება, ასე ღამითაც უკეთ დაგეძინებათ.

და თუ ფინანსების მართვა კარგად არ გამოგდით, თან ამ ყველაფერს ფრილანსერების არასტაბილური შემოსავალი ერთვის, მაშინ ბუღალტერი დაიხმარეთ. 

2. დაადეთ თქვენს საქმეს სტრატეგიული ფასი

ფრილანსერებში საკმაოდ გავრცელებული კითხვაა: რამდენი უნდა გადავახდევინო? მართალია, აქ უნივერსალური წესი არ არსებობს და ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ Jasmine Designs გვირჩევს: იცოდეთ თქვენი ციფრები და თავი აარიდეთ პირველი მომხმარებლებისთვის ძალიან დაბალი ფასების შეთავაზებას, რადგან ეს მხოლოდ გაართულებს ანაზღაურების გაზრდის პროცესს.

3. დაუთმეთ დრო საკუთარი თავის პოპულარიზაციას

ბევრი მომხმარებელი თქვენთან იმიტომ მოვა, რომ მეგობარმა ურჩია… მიუხედავად ამისა, პროაქტიული უნდა იყოთ და არ უნდა ელოდოთ, როდის მოვლენ მომხმარებლები თქვენამდე. ნუ შეუშინდებით საკუთარი თავის რეკლამირებას, გახდით მეტად შესამჩნევი LinkedIn-ის, Instagram-ისა და Threads-ის პლატფორმებზე. მართალია, ეს საკმაოდ ბევრ დროს მოითხოვს, მაგრამ ამად ნამდვილად ღირს. 

4. ირგვლივ შემოიკრიბეთ ადამიანები, რომლებიც ყველაფერში მხარს გიჭერენ

ოფისში ყოფნა მოგბეზრდათ და აღარც იქ მყოფ ადამიანებთან ურთიერთობა გინდათ? სწორედ ამიტომ გწყურიათ ფრილანსერობა?! მსგავს სიტუაციაში ბევრი ვყოფილვართ, მაგრამ არც არსებულ რეალობაზე უნდა დავხუჭოთ თვალი — ფრილანსერობა მოულოდნელ იზოლირებას უკავშირდება, რამაც გამოფიტვამდე შეიძლება, მიგიყვანოთ. 

იპოვეთ სხვა ფრილანსერი მეგობრები, რომლებსაც იდეებს გაუზიარებთ, კითხვებს დაუსვამთ და გაესაუბრებით. შესაძლოა, უფროსის არყოლა შესანიშნავად ჟღერდეს, მაგრამ ხანდახან ისეც ხდება, რომ კოლეგებთან კომუნიკაცია გვენატრება, — აცხადებს დიზაინერი ფი შილი. 

ამგვარად, ეცადეთ, ფრილანსერობის მარტოობას მეგობრებთან ერთად გაუმკლავდეთ. 

5. გაიაზრეთ, რომ ბევრი წინსვლა და მარცხი გექნებათ

ფრილანსერების ცხოვრებაში სამუშაო დატვირთვა მეტად არათანაბრად ნაწილდება ხოლმე, ხან ყველაფერი ერთად გაქვთ გასაკეთებელი, ხან კი საერთოდ არაფერია… თუმცა ეს ჩუმი მომენტები ნუ შეგაშინებთ, საკმაოდ ნორმალურია, თუ 24/7-ზე 365 დღე არ იმუშავებთ. 

მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში მენტალურ ჯანმრთელობაზე მოგიწევთ ზრუნვა — რუტინა შეიქმენით, ივარჯიშეთ და ჯანსაღად იკვებეთ, სამსახურის ძიებას თავი დაანებეთ. ეს საკმაოდ მარტივად შეიძლება ჟღერდეს, ფიზიკურ სხეულზე მოვლით თქვენს მენტალურ ჯანმრთელობას გაიუმჯობესებთ. ამგვარად, როცა საქმე გართულდება, პრიორიტეტი საკუთარ თავს მიანიჭეთ.

6. დააწესეთ მკაფიო საზღვრები

სამუშაო დატვირთვის მხრივ სააგენტოში მუშაობისას ასე თუ ისე დაზღვეულები ხართ, ან კომპანიას აქვს თავისი პოლიტიკა, ან ამას შრომის კოდექსი არეგულირებს. ხოლო, როცა დამოუკიდებლად იწყებთ მუშაობას, ეს ყველაფერი თქვენზეა. არ უნდა დაუშვათ, რომ ვინმემ სისუსტე შეგამჩნიოთ და თავდაპირველ შეთანხმებაზე მეტი მოგთხოვოთ ისე, რომ არც გადაგიხადოთ დამატებითი ანაზღაურება. 

სწორედ ამიტომ გჭირდებათ მკაცრი საზღვრების დაწესება — არ დაუთმოთ დრო სამსახურის საქმეებს შაბათ-კვირას, საღამოს, ჭამის დროს თუ სხვა ნებისმიერ პერიოდში, რომლის საკუთარი თავისთვის დათმობა გაქვთ გადაწყვეტილი. თუ არადა, მოგიწევთ, 24 საათი იმუშაოთ. 

7. იყავით კარგი ადამიანი

ფრილანსერობისას თქვენი ადამიანობა ძალიან გამოგადგებათ. საქმის კარგად კეთებაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მომხმარებლები კვლავ მხოლოდ მაშინ მოგაკითხავენ, თუ თქვენთან მუშაობით სიამოვნებას მიიღებენ. ამიტომ, არ დაგავიწყდეთ, პროცესში თქვენი ადამიანური მხარე გამოავლინოთ. იყავით ღია, პოზიტიური, თავდაჯერებული და პატივი ეცით სხვებს, ასე გუნდშიც მარტივად დაიმკვიდრებთ თავს და პროფესიულადაც მიაღწევთ წარმატებას. 

გამოდის, კარგი ფრილანსერი რომ გახდეთ, მხოლოდ შრომისმოყვარეობა არ არის საკმარისი. რა უნდა გააკეთოთ, ზემოთ უკვე გითხარით, მანამდე კი გახსოვდეთ, რომ დღეს მისაბაძი ფრილანსერებიც ერთ დროს თქვენს ადგილზე იყვნენ. 

„გერნიკა“ – პიკასოს შემოქმედება, როგორც პოლიტიკური პროტესტის გამოხატულება

როგორ დავეხმაროთ დისტანციურ თანამშრომელს გადაწვის დროს