in

10 რჩევა, რომელიც ეფექტურად ვარჯიშში დაგეხმარებათ

ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია, ეს, მგონი რომ, არავისთვისაა ახალი. რეგულარული ვარჯიში აუმჯობესებს ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას, მნიშვნელოვან დადებით გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე, ხასიათზე, ენერგიაზე.

თუმცა, რა ხდის ვარჯიშს ეფექტურს?

გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში მოგითხროთ იმ რეკომენდაციების/რჩევების შესახებ, რომლებიც სწორედ რომ ეფექტურად ვარჯიშში დაგეხმარებათ და რომლებიც ყველანაირი ტიპის ვარჯიშზე ვრცელდება:

1. ვარჯიშამდე გაახურეთ სხეული

ეცადეთ, ვარჯიშამდე სხეული გაახუროთ და კუნთებს სისხლი მიაწოდოთ თუნდაც რაიმე მარტივი მოძრაობებით. ეს ეხმარება სხეულს, ვარჯიშის განმავლობაში ნაკლებად მიიღოს დაზიანება. ასევე, ამ პერიოდში ჩვენი გონება უფრო მეტად ემზადება ვარჯიშისთვის და უფრო ეფექტურად ვვარჯიშობთ.

2. მიიღეთ ნახშირწყლები ვარჯიშამდე

ნახშირწყლები ვარჯიშის პროცესში ძირითადი საწვავის წყაროა. კუინზლენდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის 2016 წელს ჩატარებულმა კვლევაში აღმოჩნდა, რომ ვარჯიშამდე ნახშირწყლების მიღება, დაგეხმარებათ შეამციროთ ვარჯიშთან დაკავშირებული იმუნური დარღვევები და შემდგომი კუნთების ტკივილი/დაძაბულობა.

მიიღეთ ვარჯიშამდე ისეთი პროდუქტები, რომლებიც ნახშირწყლებს შეიცავს, მაგალითად ჭიქა ხილი.

3. ფოკუსირდით ჰიდრატაციაზე

ჰიდრატაცია ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჩვენი კუნთების დაახლოებით 70 პროცენტს სწორედ წყალი შეადგენს. ამიტომაც, სრულყოფილი ვარჯიშისთვის კუნთების და ზოგადად სხეულის შევსება მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. კარგი ჰიდრატაცია ასევე დაგეხმარებათ ვარჯიშისშემდგომი დაღლის/დაძაბულობის შემცირებაში.

4. ძილი პრიორიტეტად გაიხადეთ

ხარისხიანი ძილი დაგეხმარებათ, თქვენი ვარჯიშიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. მთელი სხეული და განსაკუთრებით კუნთები ძილის პროცესში ისვენებს და ძალებს აღიდგენს.

5. ივარჯიშეთ მეგობართან ერთად

მეგობრებთან ერთად ვარჯიში კარგი გზაა, ვარჯიშის დროს გაერთოთ და ის თქვენი ცხოვრების რუტინად არ იქცეს. მეგობართან ერთად ვარჯიში ასევე შეიძლება გახდეს მოტივაცია, თქვენი ფიზიკური აქტივობა რეგულარული გახადოთ.

6. ეცადეთ, თქვენი საკვები ცილებსა და ჯანსაღ ცხიმებს მოიცავდეს

კონექტიკუტის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით, 2006 წელს ჩატარდა კვლევა, რომლის თანახმადაც, ცილები და ცხიმები მნიშვნელოვანი მაკროელემენტებია იმ ქალბატონებისთვის, რომლებიც ძალისმიერ ვარჯიშებს ასრულებენ.

ამიტომაც, როდესაც თქვენი ფიტნესის ერთ-ერთი მიზანი გაძლიერებაა, დარწმუნდით, რომ დღის განმავლობაში თქვენი კვება ცილებსა და ჯანსაღ ცხიმებს მოიცავს.

7. მოუსმინეთ თქვენს სხეულს

იმის ცოდნა, თუ როდის უნდა დაისვენოთ ან ვარჯიში გაამარტივოთ, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარი თავის მოტივირება ვარჯიშის დროს. გაითვალისწინეთ თქვენი შესაძლებლობების ამჟამინდელი დონე და ამის მიხედვით შეარჩიეთ თქვენთვის რელევანტური ვარჯიშები.

8. დრო დაუთმეთ დასვენებას

ფიზიკური აქტივობის განრიგში დასვენებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ერთმა დასვენების დღემაც კი შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი უნარი, ივარჯიშოთ ეფექტურად. საჭირო დროს დასვენება დაგეხმარებათ თქვენი სხეულის იმუნური სისტემის სიძლიერის შენარჩუნებაში და ასევე აგარიდებთ სხეულის გადატვირთვას.

9. მოუსმინეთ სამოტივაციო მუსიკას

მუსიკა ძალიან კარგი ხერხია მოტივაციის ასამაღლებლად. ის ვარჯიშს უფრო სასიამოვნოს ხდის. ამიტომაც, ეცადეთ, თქვენს ფიზიკურ აქტივობას ყურსასმენებით მუსიკა დაუმატოთ.

10. აქციეთ ვარჯიში პრიორიტეტად

დაგეგმეთ რეგულარული ვარჯიში და დაიცავით თქვენი გეგმა. არაუშავს, თუ ხანდახან ვარჯიშის ხანგრძლივობას შეცვლით ან ვარჯიშისთვის საჭირო აღჭურვილობა არ გექნებათ. ივარჯიშეთ იქ, სადაც მოგიხერხდებათ და როგორც მოგიხერხდებათ. თუმცა კი, ნუ დაარღვევთ მის რეგულარობას.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

ნახეთ: დრონების რეკორდული რაოდენობით შექმნილი სინათლის შოუ!

„დეზინფორმაცია ვირუსივით ვრცელდება. გაიგე, რა არის ტყუილი და #შეაჩერეგავრცელება“