თუ ეს ყველაფერი რეალობა გახდება, მომავალში დინოზავრის ტყავის ჩანთას იყიდით… ბიოტექნოლოგიური სტარტაპების გუნდს ერთი ამბიციური სურვილი აქვს, შექმნას ლაბორატორიაში გაზრდილი ტყავი დინოზავრების მეფის ტირანოზავრ რექსის ნამარხებით. ამ ამბავში The Organoid Company, Lab-Grown Leather და VML არის ჩართული, მათ სწამთ, რომ „ლაბორატორიაში გაზრდილი ტყავი მეტად მდგრადი და ეთიკური მომავალია მდიდრული მასალების ინდუსტრიისთვის“.
ასე ცხოველების სიკვდილსაც აირიდებენ თავიდან, დეფორესტაციასაც და იმ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ტრადიციული ტყავის წარმოების პროცესს უკავშირდება. ტირანოზავრ რექსის ტყავზე დიდ იმედებს ამყარებენ. ფიქრობენ, რომ მომხმარებლებს გამძლე, მარტივად შეკეთებად მასალას შესთავაზებენ. შეხებისას კი ზუსტად იმ გამოცდილებას მიაწვდის მათ, რომელსაც მაღალი კლასის ტყავის ნაწარმისგან ელიან.
მართალია, აცხადებენ, რომ ეს ტყავი ტირანოზავრ რექსის დნმ-ის გამოყენებით შეიქმნება, მაგრამ მეცნიერებს ეს ჯერ ამ სახეობის არცერთი ნამარხიდან ამოუღიათ. ყველაზე კარგად შემონახულ ნამარხებშიც კი დნმ მილიონ წელზე მეტხანს ვერ გაუძლებდა ან თუ ასეა, ზედმეტად ფრაგმენტული და დეგრადირებული იქნება ამ მიზნისთვის.
საინტერესოა, რომ ყველაზე ძველი დნმ ციმბირული მამონტის ნამარხებში აღმოაჩინეს, რომელიც დაახლოებით 1.6 მილიონი წლისაა. ტირანოზავრ რექსი კი 66 მილიონი წლის წინ გადაშენდა, ამიტომ მისი დნმ-ის აღდგენის იმედი არ არსებობს.
აბა, რას ამბობენ ბიოტექნოლოგიური სტარტაპები? სინამდვილეში ისინი ლაბორატორიაში გაზრდილი ტყავის საფუძვლად გაქვავებული ტირანოზავრ რექსის კოლაგენს მოიაზრებენ — კოლაგენი ცილებს შორის ხერხემლიანებში ყველაზე დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. ყველა ტყავის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ბოჭკოვანია და მასალას განმსაზღვრელ მახასიათებლებს აძლევს. თუმცა, ამ უკანასკნელის წარმოშობაც ეჭვის ქვეშაა…
მართალია, აღნიშნული საკმაოდ იშვიათად გვხვდება ნამარხებშიც, მაგრამ 2007 წლის კვლევისას ტირანოზავრ რექსის ნამარხიდან პირველი ტიპის კოლაგენის შვიდი მოკლე პეპტიდური ფრაგმენტი ამოიღეს. თუმცა, შემდგომში ხმები დადიოდა იმაზე, რომ ავტორებმა შეცდომით სირაქლემისა და ალიგატორის კოლაგენი აიღეს… მიუხედავად ამისა, შესაძლოა, ტირანოზავრ რექსის კოლაგენი გადარჩენილიყო. თანაც, ბოლოდროინდელი კვლევები ამბობს, რომ კოლაგენი ზოგიერთ ნამარხში შეიძლება, თითქმის 200 მილიონი წლის მანძილზე შენარჩუნდეს.
„უძველესი ცილოვანი თანმიმდევრობების რეკონსტრუქციითა და ოპტიმიზაციით ტირანოზავრ რექსის ტყავის შექმნა შეგვიძლია, ბიომასალის, რომელიც პრეისტორიული ბიოლოგიითაა შთაგონებული და რომლის კლონირებაც სპეციალურად ინჟინირებული უჯრედული ხაზებით შეიძლება. სინთეზური ბიოლოგიის საზღვრების რღვევა გვსურს… რათა ვიყოთ პიონერები მომავლის მასალების მდგრადი ალტერნატივების შექმნაში“, — ამბობს თომას მიტჩელი, Organoid Company-ის CEO.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ კოლაგენის აღმოჩენის შემთხვევაშიც, რომელიც, სავარაუდოდ, არც ისე კარგი ხარისხის და დანაწევრებული იქნება, მისი გარდაქმნა საჭირო მასალად საკმაოდ რთული პროცესია… საუკეთესო შემთხვევაში კი ლაბორატორიაში გაზრდილი ტყავი კოლაგენის ბოჭკოების პატარა მარცვლებს შეიცავს, რითაც ცოტათი ტირანოზავრის ტყავსაც დაემსგავსება.
კითხვა კი შემდეგია: ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მიღებული მასალა ნამდვილი დინოზავრის ტყავი იქნება? ალბათ, ამაზე პასუხის გაცემა შორს წაგვიყვანს, თანაც აქ საქმე უფრო მეტად იმას ეხება, რომ მსგავსი მასალა მომავალში ცოცხალი არსებების ჩანთებისთვის განადგურებას შეუშლის ხელს.