58 წლის კაცი პირველი ადამიანი გახდა მსოფლიოში, რომლის დაავადებული გულიც დროებითი ტიტანის სისხლის მტუმბავი მოწყობილობით შეცვალეს. Total Artificial Heart (TAH) სამედიცინო მოწყობილობების კომპანიის BiVACOR-ის პროდუქტია და სულაც არ არის შექმნილი იმისათვის, რომ რეალური გულის მსგავსად იმუშაოს. თუმცა დროებით გულის ფუნქციის შეთავსება ნამდვილად იდეალურად გამოსდის.
ორკამერიანი მოწყობილობა დაახლოებით მუშტის ზომაა და ძალიან გამძლე. როგორც ამბობენ, კოროზიასა და მექანიკურ ცვეთასაც კი უძლებს. ერთადერთი მოძრავი ნაწილი აქვს, რომელიც მის შიგნით იმალება. იგი სისხლს ფილტვებსა და სხეულის დანარჩენ ნაწილს აწვდის. ხოლო მთლიანი მოწყობილობა პატარა გარე პორტატიული კონტროლერით იმართება.
მოსაყოლად კი მარტივია, მაგრამ ამას 10 წელი დასჭირდა, მრავალი დიზაინი და ათობით კვლევის ჩატარება ცხოველებზე… თუმცა საბოლოოდ BiVACOR-ის ხელოვნური გული ცოცხალ პაციენტს წარმატებით გადაუნერგეს, რომელსაც გულის უკმარისობის ბოლო სტადია ჰქონდა. ისტორიული ამბავი Baylor St. Luke’s Medical Center-ში მოხდა, თანაც არანაირი გართულება მოჰყოლია. პაციენტის ექიმების თქმით, ტიტანის გულმა კარგად იმუშავა 8 დღის მანძილზე, ანუ მანამ, სანამ გულის რეალური დონორი ხელმისაწვდომი გახდებოდა.
„ამაყი ვარ, რომ TAH-ის პირველი წარმატებული გადანერგვის მომსწრე გავხდი ადამიანში. ეს მიღწევა არ იქნებოდა შესაძლებელი ჩვენი პაციენტისა და მისი ოჯახის სიმამაცის გარეშე, ჩვენი გუნდის თავდადებისა და ჩვენი გამოცდილი თანამშრომლების The Texas Heart Institute-დან“, — აცხადებს დანიელ ტიმსი, BiVACOR-ის დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წელში US Food & Drug Administration-მა (FDA) მხოლოდ ერთ ხელოვნურ გულს მისცა კომერციულად გამოყენების უფლება. აქ SynCardia Total Artificial Heart-ზე ვსაუბრობთ, რომელსაც საკმაოდ გამძლე მემბრანა და სარქველი აქვს, მაგრამ იმისათვის არაა შექმნილი, რომ ჩვენს სხეულში დიდი ხნის მანძილზე იმუშაოს. ხოლო BiVACOR მნიშვნელოვან ცვლილებას გვთავაზობს ხელოვნური გულის დიზაინში, რომელიც მას ამ უკანასკნელის საშუალებას მისცემს.
მართალია, რეალურად არავინ იცის, რამდენი ხანი იმუშავებს ეს მოწყობილობა ადამიანებში, მაგრამ ლაბორატორიაში აპარატი 4 წელზე მეტხანს ასრულებდა ფუნქციას! თანაც SynCardia-ს აპარატიც მოკლევადიანი პერიოდისთვისაა შექმნილი, მაგრამ რეალურად მასაც რამდენიმე წელი შეუძლია მუშაობა…
რაც შეეხება FDA-ის ნებართვას, BiVacor-მა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მიიღო, რაც 2024 წელს მოწყობილობის 5 პაციენტზე გამოცდას გულისხმობს. ზემოთ კი მათგან სწორედ პირველ წარმატებულ ტრანსპლანტაციაზე მოგიყევით.