in

TIVI მტკვარზე და მდინარიდან დანახული განსხვავებული თბილისი!

ჯერ კიდევ, ერთი საუკუნის წინ, მტკვარს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და ძველი თბილისელები აქტიურად იყენებდნენ ტვირთების გადასაზიდად, სათევზაოდ თუ გადასაადგილებლად. ტურისტული სერვისების განვითარების მიუხედავად, დიდი ხნის განმავლობაში დედაქალაქის სიმდიდრე – მტკვარი – თითქმის უფუნქციოდ იყო დარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ მდინარე ქალაქს მთელ სიგრძეზე გასდევს, მას არც სატრანსპორტო დატვირთვა გააჩნია და ტურისტული სერვისებიც მწირად მოიპოვება.

სწორედ აქ დაინახა შესაძლებლობა სამმა მეგობარმა და მტკვრისთვის კვლავინდებური გამოცოცხლება გადაწყვიტა. ქალაქის ისტორიულ ტურისტულ ცენტრში წამოიწყეს პროექტი „ტივი“, რომელიც აერთიანებს ზედ მდინარეზე განთავსებულ ბარ-რესტორანსა და მტკვარზე კატერით გასეირნებას. ბარ-რესტორანი ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზეა, „ტივი ტური“ კი უკვე ხელმისაწვდომია და თბილისური ხედებით ტკბობას ჰპირდება დამთვალიერებლებს. მოდით, ერთად შევცუროთ „ტივის“ ამბავში, რომელზეც პროექტის თანაავტორი ნიკოლოზ არჩვაძე გვესაუბრა.

„მტკვარზე სულ სხვა სამყაროა, სულ სხვა თვალით ხედავ ქალაქს და თითქოს გარბიხარ იმ დიდი ქაოსიდან რაც ყველა დიდი ქალაქის მსგავსად, თბილისსაც ახასიათებს“.

M: პირველ რიგში დავიწყოთ იმით, თუ რა მნიშვნელობისაა ეს პროექტი, რომელიც წამოიწყეთ?

ჩვენი პროექტი თავისი მნიშვნელობით, ემსახურება ათწლეულების მანძილზე უფუნქციოდ დარჩენილი მდინარის გამოცოცხლებას და ქალაქის მაცხოვრებლებისა თუ სტუმრების სამსახურში ჩაყენებას.

თბილისის მაცხოვრებლებისთვის მტკვარი ყოველთვის განუზომელი მნიშვნელობის იყო: მეთულუხჩეების ხელით ქალაქს ამარაგებდა სასმელი წყლით, მეთევზეების ხელით – თევზით, ითავსებდა სატრანსპორტო ფუნქციას ბორნებით, სარეკრეაციო ფუნქციას – ტივებით და ა.შ.

თანამედროვე რეალობაში, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ უფუნქციოდ არის დარჩენილი. არადა მდინარეებს, როგორც სიმდიდრეს, ყველა თანამედროვე ქალაქში დიდი ყურადღება ექცევა, ნებისმიერ ევროპულ ქალაქში მდინარის ნაპირის მიმდებარე ტერიტორიები ძალიან აქტიური და კეთილმოწყობილია. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი დიდი ცვლილებების დასაწყისი იქნება ამ მიმართულებით.

M: თქვენი ხედვით, რას შეცვლის „ტივი“ ქალაქის დამთვალიერებლებისთვის? 

ქალაქს შეემატება ერთადერთი რესტორანი წყალზე, არა მდინარის პირას, არამედ უშუალოდ მასზე. ჩვენი სტუმრები ქალაქის ტურისტულ-ისტორიული ნაწილის უნიკალურ ხედებთან ერთად, განსაკუთრებულ ემოციებს მიიღებენ.

M: რა სერვისებს გააერთიანებს და როდის იქნება ხელმისაწვდომი? 

„ტივის“ პროექტის უახლოესი გეგმები მოიცავს რესტორანს მტკვარზე და კატერით გასეირნების სერვისს. გასეირნების სერვისი, უკვე გაშვებულია და ფუნქციონირებს. დამთვალიერებლებს ვთავაზობთ სტანდარტულ და კერძო, ე.წ. Private Tour-ებს.

ვფიქრობთ, ჩვენი სერვისები გარდა უბრალოდ გასეირნების მსურველებისა, საინტერესო იქნება იუბილარებისა და მექორწილეებისთვის ლამაზი და დაუვიწყარი მომენტების შესაქმნელად. ასევე, საინტერესო სამუშაო ადგილია ფოტოგრაფებისთვის.

რაც შეეხება რესტორანს, მის გახსნას ზაფხულის სეზონისთვის ვგეგმავთ.

M: ქალაქის რა საჭიროებები გაითვალისწინეთ კონცეფციის შემუშავებისას?

რესტორნის კონცეფციისთვის, ბუნებრივია გავითვალისწინეთ ის უნიკალური ხედი ქალაქზე, რომელიც ლოკაციიდან გამომდინარე გვაქვს, ამიტომ რესტორნის გარე კედლების, ანუ პერიმეტრის ორი მესამედი შუშის, პანორამული ვიტრაჟებით შევცვალეთ.

კატერით გასეირნების ნაწილში, რა თქმა უნდა ყველაზე დიდი მნიშვნელობა უსაფრთხოებას მივანიჭეთ და შევიძინეთ თანამედროვე და უსაფრთხო წყლის ტრანსპორტი. ორივე კატერი აღჭურვილია სამაშველო ჟილეტებით და ყოველდღიურად უტარდებათ ტექნიკური შემოწმება სამუშაო დღის დაწყებამდე.

M: ამ ეტაპზე „ტივი ტურია“ ხელმისაწვდომი – როგორ გამოცდილებას უქმნის ის მომხმარებელს?

„ტივი ტური“ არის ჩვენი პროექტის პირველი ნაწილი, რომელიც სტუმარს სთავაზობს ქალაქის სულ სხვა თვალით და რაკურსით დათვალიერებას, ადრენალინს, მოზღვავებულ შთაბეჭდილებებსა და დადებით ემოციებს.

მინდა გავუსვა ხაზი იმას, რასაც ჩემს მეგობრებს და ახლობლებსაც ვეუბნები: როგორც კი ტივზე ჩამოვდივარ, მეუფლება გრძნობა თითქოს უცხო ქალაქში ვარ დასასვენებლად. ამიტომ, მინდა თბილისის და მთელი საქართველოს მაცხოვრებლებს მივმართო, არ ეგონოთ „ტივი ტურის“ სერვისი მხოლოდ ტურისტებისთვის, აჩუქეთ თქვენს თავს, ოჯახსა და ახლობლებს ეს პატარა „შვებულება“ და გვესტუმრეთ.

M: გვიამბეთ გუნდზე – ვინ ქმნის ამ პროექტს და რა გამოცდილება გააერთიანეთ გუნდში? 

გუნდის სამივე წევრს მოგვყვება საერთაშორისო კომპანიებში, გაყიდვებში, პროექტების მენეჯმენტში, ხალხის მენეჯმენტში და მარკეტინგში გამოცდილება. ამასთან, „ტივის“ პროექტი ამ შემადგენლობისთვის არ არის პირველი წამოწყება და დღემდე წარმატებით ვსაქმიანობთ სხვა კომერციულ პროექტებშიც.

M: გარდა ამისა, თქვენთვის რა მნიშვნელობას ატარებს ამ პროექტის შექმნა?

ვფიქრობთ, ტივის პროექტი მხოლოდ პირველი ნაბიჯია ჩვენთვის სტუმარ-მასპინძლობისა და ტურიზმის სფეროში. გვაქვს უამრავი იდეა, რომლითაც გვინდა ჩვენი სიტყვა ვთქვათ ამ ინდუსტრიაში და ალბათ, ამ პროექტის წარმატებით გაშვების შემდეგ აქტიურად დავიწყებთ სხვა პროექტების განხორციელებასაც.

მთავარი, რაზეც ვთანხმდებით გუნდის შიგნით არის ის, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ უბრალოდ მორიგი ბიზნესი, ჩვენი მიზანია ყოველთვის დავნერგოთ სიახლე არსებულ სფეროებში, შევქმნათ განსხვავება.

[R]

„მაზდა ცენტრი თეგეტას“ საერთაშორისო აღიარება — კომპანიამ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო უკვე მეორედ მიიღო

სტეფანო ბოლანი”Jesus Christ Superstar”-ის უნიკალური ინტერპეტაციით თბილისი ჯაზ ფესტივალზე