in

ტყის ფერია ღვინის ეტიკეტზე — Pixie-ის იდუმალი ბრენდინგი

Pixie ეთერული გამოხატულებაა იმისა, რასაც ბუნება უხილავად, მოჯადოებულად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მისი სახელი პატარა ჯადოსნურ არსებას ტყის ფერიას მოგვაგონებს, რომელიც, თავის მხრივ, ბუნების სულიერ სამყაროს, წინაპრების მცენარეების შესახებ დაგროვილ სიბრძნესა და სამყაროს შემოქმედებით ძალასთან ასოცირდება. ასე უნიკალური ღვინის პროექტის ინსპირაციადაც იქცა, რომელიც თავად ბიოდინამიკური სოფლის მეურნეობის პრინციპების საფუძველზე დაიბადა.

BOG
BOG

როგორც ამბობენ, ეს ღვინო კოსმოსურ რიტმებთან მჭიდრო კავშირის შედეგად ყალიბდება. თუნდაც იმიტომ, რომ ვენახებს მთვარის ციკლების მიხედვით უვლიან, იყენებენ პრაქტიკებს, რომლებიც პატივს მიაგებს და აძლიერებს ნიადაგის სიცოცხლისუნარიანობასა თუ ეკოსისტემების ენერგიას. ბიოდინამიკა უბრალოდ სასოფლო-სამეურნეო მეთოდი სულაც არ გახლავთ, ფილოსოფიაა, რომელიც დედამიწას ცოცხალ ორგანიზმად, ცასა და ვარსკვლავებთან მუდმივ დიალოგში მყოფ სისტემად მიიჩნევს.

ამგვარად, კონცეფცია ხილულსა და უხილავს, ორგანულსა და სულიერს შორის თამაში იყო, რასაც უკვე ცოცხლად Pixie-ის ეტიკეტზე ვხედავთ. ვიზუალური იდენტობა მინიმალისტურია, ცენტრში კი სიურრეალისტურ ხილზე მჯდომ პატარა ფერიას ვხედავთ. ეს ნაყოფიერების, ოცნებებისა და ნედლი მასალების ტრანსფორმირების სიმბოლოა, თავად ბიოდინამიკის ვიზუალური მეტაფორა, რომელშიც ბუნებრივი ძალები რაღაც დიდის შესაქმნელად ერთიანდება.

ყოველი გრაფიკული ელემენტი სწორედ ამ კონცეფციას ემსახურება და ეთერული სამყაროს გაცოცხლებას ისახავს მიზნად. ნაზი ფერთა პალიტრა, გამორჩეული ტიპოგრაფია თუ სიმბოლური ილუსტრაცია იდუმალ ატმოსფეროს ქმნის. შედეგად, Pixie ჩვეულებრივ ღვინოდ კი არა, სენსორულ რიტუალად ყალიბდება — ბოთლის გახსნა პოეტური ჟესტი ხდება, ჩუმი სადღეგრძელო იმ უხილავ ენერგიებზე, რომლებიც დედამიწასა და კოსმოსს შორის გვხვდება. 

Pixie-ის ბრენდინგზე Bleam Creative-მა იმუშავა. 

„აურა კონცეპტი“ – ავეჯი, როგორც განწყობა სივრცეში

შეწყვიტეთ თავდაჯერებულობის შეგრძნების ძიება და ცადეთ ეს 3 ტექნიკა