გლობალური დათბობის გამო მსოფლიოსთვის აღარც მასშტაბური ხანძრებია უცხო, ეს რამდენად ცუდია, კარგად ვიცით, თუმცა Alzheimer’s Association International Conference-ზე სრულიად ახალი მოსაზრება გაჩნდა — ტყის ხანძრები იმაზე ცუდი შეიძლება იყოს ჩვენი ტვინისთვის, ვიდრე სხვა სახის ჰაერის დაბინძურება. უახლესმა კვლევამ კი ეს ფაქტი დემენციის გაზრდილ რისკს დაუკავშირა.
საქმე წვრილ ნაწილაკებს ეხება, PM2.5-ს, რომელიც ადამიანის თმის დიამეტრზე 30-ჯერ პატარაა! ჩასუნთქვისას ფილტვებშიც შეიძლება მოხვდეს და შემდგომ სისხლში გადავიდეს. დაბინძურებამ, იქნება ეს ტრანსპორტიდან, ქარხნებიდან თუ ხანძრებიდან მიღებული, შესაძლოა, გამოიწვიოს ან გააუარესოს გულისა და ფილტვების დაავადებები. ახალი კვლევა კი გვეუბნება, რომ ეს გარკვეულ როლს თამაშობს დემენციის განვითარებაშიც.
მკვლევრები 1.2 მილიონ მოზარდს დააკვირდნენ 2009-2019 წლებში სამხრეთ კალიფორნიაში. ისინი ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და სხვა მონაცემებს იყენებდნენ, რათა PM2.5 შეეფასებინათ. კვლევის თანახმად, ტყის ხანძრების შედეგად ნაწილაკების 1 მიკროგრამით გაზრდა დემენციის შანსებს 21%-ით ზრდის. მიღებული მაჩვენებელი კი 3%-ით მეტია სხვა შემთხვევებზე, რომლებსაც ხანძრების არარსებობისას ვიღებთ.
ზუსტად არ იციან, რა დგას ამ შედეგების უკან, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ტყის ხანძრები სულ უფრო ხშირად ხდება, მკვლევრები ამ საკითხის შესწავლას გადაუდებლად მიიჩნევენ. მითუმეტეს, რომ უკვე იციან, ეს ალცჰაიმერზე ზემოქმედებს, დემენციის ყველაზე გავრცელებულ ტიპზე, რომლის მაჩვენებლებიც მაღალია დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობაში, რომლებიც არაჯანსაღ ჰაერს თავს ვერ არიდებენ.
„გვაფრთხილებენ, რომ სახლში დავრჩეთ, როცა ჰაერის ხარისხი დაბალია, თუმცა ბევრი ადამიანია, რომელსაც არ აქვს სახლში დარჩენის საშუალება ან სულაც გარეთ უწევს მუშაობა…“, — აცხადებს მარია კარილო, Alzheimer’s Association-დან.
ერთადერთი დადებითი ის შეგვიძლია გითხრათ, რომ ალცჰაიმერის დიაგნოზირებისა და მკურნალობის კუთხით მრავალი ნაბიჯი გადაიდგა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი აქ ის არის, რომ ცოტა ხნის წინ FDA-მ ალცჰაიმერის სამკურნალო წამალი დაამტკიცა!