იაპონურ სტარტაპს H2L Technologies სურს, ტკივილის შეგრძნება მეტავერსშიც დანერგოს. ამისათვის კი მაჯაზე დასამაგრებელ ელექტრო მოწყობილობას გამოიყენებენ. ეს უჩვეულო იდეა კიდევ უფრო გვაახლოებს რეალობასა და ვირტუალურ სამყაროებს შორის ზღვრის გაქრობასთან.
„ტკივილის შეგრძნება საშუალებას გვაძლევს, მეტავერსიული სამყარო რეალურად გადავაქციოთ, არსებობისა და მასში ჩაძირვის გაძლიერებული გრძნობით“, — აღნიშნავს H2L-ის აღმასრულებელი დირექტორი, ემი ტამაკი.
Sony-ს მიერ მხარდაჭერილი სტარტაპის ტარებადი ხელსაწყოები არა მხოლოდ ტკივილის შესაგრძნობადაა შექმნილი, არამედ მისი მეშვეობით, წონისა და წინააღმდეგობის გრძნობის აღქმასაც შეძლებთ. სამაჯურის ელექტრული სტიმულაციის წყალობით, შესაძლებელია სხვადასხვა შეგრძნებების მიბაძვა — ბურთის დაჭერით დაწყებული, ჩიტის ხელზე დაფრენით დამთავრებული.

ტამაკის მიზნები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო სამაჯური. ის იმედოვნებს, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში „ადამიანებს გაათავისუფლებს სივრცის, სხეულისა და დროის ყოველგვარი შეზღუდვისგან“.
ეს იდეა ემის მას შემდეგ გაუჩნდა, რაც თინეიჯერობის ასაკში, გულის თანდაყოლილი დეფექტის გამო, სიკვდილთან ძალიან ახლოს იყო. „მივხვდი, რომ ცხოვრება ფასდაუდებელია… ამიტომ, გადავწყვიტე, ახალ სფეროში მემუშავა და ღრმად შემესწავლა ის“. შესაბამისად, მეტავერსი მისთვის გარე სამყაროსთან დაკავშირების საშუალებაა — როცა ჯანმრთელობის ამა თუ იმ პრობლემის გამო ვერ ახერხებს რეალურ მოგზაურობას და ამას ტექნოლოგიების დახმარებით მიაღწევს. თუნდაც, ეს გამოცდილება ფიზიკურ ტკივილს მოიცავდეს.











