in

ტყვიის სროლა ოლიმპიადაზე

ტყვიის სროლა ოლიმპიადის პროგრამაში 1896 წელს გამოჩნდა და მას მერე ყველა თამაშებში იყო შეტანილი 1904 და 1928 წლების გარდა. თავდაპირველად, შეჯიბრება მხოლოდ კაცებში ტარდებოდა, 1968 წლიდან კი, როდესაც ოლიმპიადას მეხიკომ უმასპინძლა, საქმეში ქალი ტყვიის მსროლელებიც ვიხილეთ. ისინი ტურნირში კაცებთან ერთად მონაწილეობდნენ. აი, 1984 წელს ლოს ანჯელესში გამართული ოლიმპიური თამაშებიდან მოყოლებული კი, კაცები და ქალები უკვე ცალკე დისციპლინებში გამოდიან.

ტყვიის სროლაში ყველაზე წარმატებული სპორტსმენები აშშ-ს ჰყავს. ამერიკელთა აქტივში 54 ოქროს, 29 ვერცხლისა და 27 ბრინჯაოს მედალია. შემდეგ მოდიან ჩინეთი (22, 15, 19) და უკვე არარსებული საბჭოთა კავშირი (17, 15, 17). ტყვიის სროლაში რეკორდები ხშირად მყარდება. მაგალითად, 2016 წელს რიოში ჩატარებულ ოლიმპიადაზე ერთბაშად 9 მაჩვენებელი გაუმჯობესდა.

ტოკიოში ტყვიის სროლაში შეჯიბრი 24 ივლისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში ტარდება. ტურნირში 360 სპორტსმენია (180 კაცი, 180 ქალი) დარეგისტრირებული, რომლებიც მედლების 15 კომპლექტს გაითამაშებენ (6 კაცებში, 6 ქალებში, 3 შერეული). ოლიმპიური დისციპლინები მოიცავს 6 სახეობის სხვადასხვა იარაღის სროლას სხვადასხვა სამიზნეებზე. მათ შორისაა: თავისუფალი პისტოლეტი (22 კალიბრი) 50 მ; მაღალმგრძნობიარე პისტოლეტი (22 კალიბრი) 25 მ; პნევმატური პისტოლეტი (0,177 კალიბრი) 10 მ; სტენდი (12 კალიბრიანი სანადირო თოფი); პნევმატური შაშხანა (0,177 კალიბრი) 10 მ; გრძელი შაშხანა (22 კალიბრი) 50 მ და 300 მ. თითოელ დისციპლინაში ჯერ იმართება კვალიფიკაცია, შემდეგ კი, ფინალური გასროლები.

ქართული ტყვიის სროლის ისტორია

საქართველოში ტყვიის სროლა, როგორც სპორტის სახეობა, XX საუკუნის 30-იანი წლებიდან განვითარდა. სამხედრო ნაწილების სასროლეთებზე გახსნილ სასწავლო ჯგუფებში ერთიანდებოდნენ მეტწილად სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც შეჯიბრებებში არმიის სპორტკლუბის სახელით გამოდიოდნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თბილისში მოეწყო რამდენიმე ტირი და სასროლეთი. მარტივი ტიპის სასროლო ნაგებობები აშენდა გორში, ბათუმში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში, ეშერის სასროლეთი კი ყველა საერთაშორისო მოთხოვნას აკმაყოფილებდა.

რაც უფრო ფართოვდებოდა სპორტული ბაზების ქსელი, იზრდებოდა ტყვიის სროლაში მომეცადინეთა რიცხვიც. გამოჩნდნენ ოსტატი მსროლელები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ჯერ საკავშირო, შემდეგ კი საერთაშორისო შეჯიბრებებში. პირველი თაობის მსროლელთა შორის გამოირჩეოდნენ გიორგი ბექთაშევი, არტემ ბარათაშვილი, ვაზგენ გაბრიელიანი, ლევ ვაინშტეინი, ოთარ მელია და სხვები. 60-იან წლებში დაწინაურდნენ შოთა ქველიაშვილი, ვახტანგ სალუქვაძე, ალექსანდრე სტროევი და ლილიანა ჟურული-გრუზდევა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქველიაშვილის მიღწევები. მან სამჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. 1976 წელს საბჭოთა გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა სოხუმელი მარლენ პაპავა.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაცია 1991 წლის 1 ივნისს დაფუძნდა და 2003 წლამდე აერთიანებდა ტყვიის სროლას, სასტენდო სროლასა და მშვილდოსნობას. 1992 წლის 23 სექტემბრიდან ტყვიის სროლის საერთაშორისო კავშირისა (UIთ, 1998 წლიდან – IშშF) და მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (FIთA) წევრია.

საქართველოს ტყვიის მსროლელთა შორის ყველაზე ტიტულიანია ნინო სალუქვაძე – ოლიმპიური ოქროს და ბრინჯაოს მედლების მფლობელი, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი, აწ უკვე 9 ოლიმპიური თამაშების მონაწილე. სალუქვაძემ 1998 წელს სეულის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მოიპოვა, 2008 წელს პეკინში კი, უკვე საქართველოს სახელით ბრინჯაო დაისაკუთრა. ნინო მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე სხვადასხვა სინჯის 20-ზე მეტი მედალი აქვს მოპოვებული. 2005 წელს საქართველოს ტყვიის მსროლელ ქალთა ნაკრებმა (ნინო სალუქვაძე, ნინო უჩაძე, თამილა ასათიანი) ევროპის ჩემპიონატში გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

52 წლის სალუქვაძე ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრების ერთადერთი წარმომადგენელია და როგორც აღვნიშნეთ, ის ოლიმპიურ თამაშებზე მეცხრედ გამოვა. 25 ივლისს სალუქვაძე 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ჩაებმება და კვალიფიკაციის გავლით ფინალში გასვლას ეცდება. ქართველი სპორტსმენი ბოლოსწინა, 56-ე გამოვა სტარტზე 6-სერიანი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. ფინალში 8 საუკეთესო მსროლელი გადის.

„იდეით შეპყრობილობის სენი“ და სააგენტო „მეტას“ ფარგლებში შექმნილი სტარტაპების სხვა #შეცდომები

„ლუკოილი“ – მეტი, ვიდრე საწვავი