ახალგაზრდებისთვის განათლების ხელმისაწვდომობა, დღესდღეობით, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. მოსწავლეების, სტუდენტებისა და მასწავლებლების ერთ სივრცეში თავმოყრის იდეა ორ მეგობარს დაებადა. გადაწყვიტეს სკოლის მოსწავლეებისთვის სასურველი საგნის შესწავლის, სტუდენტებისთვის კი – პროფესიის შეძენის შესაძლებლობა შეექმნათ. დაარსებიდან 6 თვის განმავლობაში, ციფრულმა საგანმანათლებლო პლატფორმა „თილანსერმა“ 380-ზე მეტ მენტორს მოუყარა თავი. სასწავლო კურსების გავლის მსურველთა რიცხვი რამდენიმე ათასია. კურსის დასრულების შემდეგ, პლატფორმა მოსწავლეებს სერტიფიკატს გადასცემს, რომელიც დიდი ორგანიზაციების მიერაა აღიარებული და კურსდამთავრებულს დასაქმების საშუალებას მისცემს. საქართველოს ბაზრის გარდა, „თილანსერი“ საერთაშორისო ბაზარს უმიზნებს და ფართო მასშტაბზე გასვლას გეგმავს.
„თილანსერისთვის მთავარი ამოცანაა განათლება გახადოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, ამიტომ ჩვენი მოტივატორები არიან მომავალი თაობა, მოსწავლეები და სტუდენტები“ – გვიამბობენ „თილანსერის“ დამფუძნებლები, საბა ასლამაზიშვილი და ნიკოლოზ მეტრეველი.
M: როგორ გაერთიანდით Tlancer-ის იდეის გარშემო?
„თილანსერი“ შეიქმნა იმ პრობლემებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა გადალახვაც სტუდენტებსა და მოსწავლეებს უწევდათ. გაჩნდა იდეა, დაფუძნებულიყო პლატფორმა, რომელიც სტუდენტებსა და მოსწავლეებს მიზნების მიღწევაში დაეხმარებოდა. იდეიდან პროდუქტის რეალიზებამდე ურთულესი იყო, თუმცა გაერთიანდა გუნდი, რომელმაც 6 თვეში პლატფორმა ხელმისაწვდომი გახადა.
M: როგორ უმარტივებთ სწავლის პროცესს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს?
„თილანსერი“ მომხმარებლებს სთავაზობს ინტერაქციულ და პერსონალიზებულ კურსებს, რაც მორგებულია მათ გრაფიკზე. მოკლე ინტერაქციული კურსები მომხმარებლებს უმარტივებს მაღალანაზღაურებადი უნარ-ჩვევების სწრაფად ათვისებას. უნივერსიტეტებში პროფესიული მიმართულებები, საშუალოდ, 4 წელიწადში ისწავლება, ხოლო „თილანსერის“ შემთხვევაში მოსწავლეები იმავე მიმართულებებს 6 თვეში (87.5%-ით უფრო სწრაფად) აითვისებენ.
პლატფორმას გააჩნია 2 ტიპის ანგარიში – მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. ფილტრაციის საშუალებით, მშობლები ირჩევენ თავიანთი შვილებისთვის სასურველ პროფესიულ მიმართულებას, ხოლო ჩვენი აპლიკაცია ღირებულების, ხანგრძლივობისა და დროების მიხედვით, არჩევს მათზე მორგებულ მენტორებს. აპლიკაციის საშუალებით, მშობელი კურსის ღირებულებას ფარავს და შვილს არეგისტრირებს კურსზე. კურსის სილაბუსი ისეა შედგენილია, რომ ყველა პროფესიული მიმართულება შეფასებით პრაქტიკულ პროექტებს მოიცავს, ხოლო კურსის მსვლელობისას მშობელი ყოველკვირეული პროგრესის რეპორტებს იღებს, შვილის პრაქტიკული პროექტების შეფასების მიხედვით.
M: მასწავლებლებისთვის როგორაა შესაძლებელი თქვენთან თანამშრომლობა?
მასწავლებლები „თილანსერის“ ვებგვერდზე ავსებენ აპლიკაციას, წარმოადგენენ საკუთარ გამოცდილებას, რის შემდეგაც ხდება მათი კომპეტენციის დამადასტურებელი შეხვედრების ჩატარება „თილანსერის“ ხარისხის უზრუნველყოფის გუნდის მიერ. თუკი მოახერხებენ ხარისხობრივი ეტაპის გადალახვას, მაშინ იქმნება მასწავლებლისა და თილანსერის ერთობლივი სილაბუსი.
M: რა გამოცდილებით დაიწყეთ ეს საქმე?
„თილანსერის“ დამფუძნებლები გამოცდილები ვართ სტარტაპის სფეროში. საბამ დღემდე დააფუძნა საერთაშორისო მულტიინდუსტრიული სტარტაპები, ისეთ მიმართულებებში როგორიცაა განათლება, ინტერნეტი, სოც-მედია და სხვა. დღესდღეობით, ის ასრულებს „თილანსერის“ აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციას და მისი მთავარი მოვალეობაა სტარტაპის მართვა და საწყისი ინვესტიციის მოპოვება, რაც კომპანიას შემდგომ განვითარებაში დაეხმარება. ნიკოლოზ მეტრეველი კი, „თილანსერში“ მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდს ხელმძღვანელობს. ნიკას და საბას აქვთ ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება ციფრული უძრავი ქონების პლატფორმა „ისთექში“.
M: როგორ ხედავთ Tlancer-ის პერსპექტივას და რა გეგმები გაქვთ სტარტაპის განვითარებასთან დაკავშირებით?
საქართველოში, „თილანსერი“ უკვე აქტიურად ასპარეზობს, ბაზარზე ოპერირებიდან 8 თვის შემდგომ, კომპანია გეგმავს ფუნქციონალის გაფართოებას და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას ვირტუალურ შეხვედრებში. MVP-ის შექმნის დღიდან, გუნდი აქტიურად დაიწყებს, როგორც VC , ისე Angel ინვესტორებთან ურთიერთობას და პროდუქტის შექმნიდან 10 თვის განმავლობაში, უკვე შესრულდება პირველი Seed ინვესტიცია, რაც მოხმარდება მეორე წლის აქტივობებს, მათ შორისაა აზერბაიჯანის, ბაზრის ათვისებაც. შედეგად, ორ წელიწადში თილანსერი გეგმავს 2 ქვეყანაში ოპერირებას. მომდევნო 5 წლის განმავლობაში, სტარტაპის მიზანია, აითვისოს 7 ქვეყნის ბაზარი, რომელთა შორისაა: აშშ, ბრიტანეთი, გერმანია და სხვა.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი