Toblerone-ის „მთა დნება“, რადგან ბრენდი თავისი პროდუქციის ნაწილს შვეიცარიის ფარგლებს გარეთაც ათავსებს — შესაბამისად, შეფუთვაზე შვეიცარიული სიმბოლოს, მატერჰორნის მწვერვალის დატანა არალეგალურია. როგორც აცხადებენ, სამკუთხა შოკოლადის ლოგო და შეფუთვა მალე განახლდება, რათა თავიდან აიცილონ „შვეიცარიის აქტთან“ დავა.
ამ უკანასკნელის მიხედვით, საკვების ბრენდებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ შვეიცარიული სიმბოლოების გამოყენება, თუ ქვეყნის სტანდარტებს აკმაყოფილებენ — კერძოდ, თუ ნედლეულის 80%-ს და რძის ნაწარმის 100%-ს ადგილობრივად მოიპოვებენ. ამავდროულად, წარმოების პროცესების უმეტესობა ამავე ქვეყანაში უნდა მიმდინარეობდეს.
ტობლერონი ბერნში დაარსების პერიოდიდან, 1908 წლიდან ფუნქციონირებს და სრულად შეესაბამებოდა 2017 წელს მიღებულ აქტს. უბრალოდ, გასულ წელს კომპანიამ განაცხადა, რომ პროდუქციის ნაწილს ბრატისლავაში გადაიტანს, რამაც შვეიცარიული სიმბოლოს ჩანაცვლების აუცილებლობა დააყენა. ჯერჯერობით ზუსტი ვიზუალი უცნობია, მაგრამ როგორც ამბობენ, ფუნდამენტური იდეა შენარჩუნდება — ვიხილავთ მთის გრაფიკულ ლოგოს, მოდერნიზებულსა და გამარტივებულს, რათა ბრენდის „სამკუთხა იდენტობა“ არ დააკარგონ.
გარდა ამისა, ტობლერონი ეტიკეტ „of Switzerland“-ს შეცვლის სხვა ფრაზით: „established in Switzerland“.