შვეიცარია ისედაც ცნობილია მაღალი ხარისხის შოკოლადის წარმოებით, თუმცა სამკუთხედი ფორმის შოკოლადები მაინც განსაკუთრებული მოვლენა იყო ამ ბრენდის გამოჩენისას. ამით მან არა მარტო გემო, არამედ განსხვავებული ვიზუალიც დაამკვიდრა. Toblerone-ის შექმნის ისტორია უკავშირდება ტობლერის ოჯახს, განსაკუთრებით, თეოდორ ტობლერს, რომელიც არა მხოლოდ შოკოლადის შემქმნელი, არამედ ინოვატორი და მარკეტინგის სტრატეგი იყო. იმ პერიოდში შოკოლადი სიახლე იყო, ფუფუნება, და თეოდორი იმ პირველებს შორის აღმოჩნდა, ვინც დაინახა მისი პოტენციალი.
თეოდორ ტობლერი
თეოდორ ტობლერი დაიბადა 1876 წელს შვეიცარიაში. ის დაინტერესებული იყო შოკოლადის წარმოებით, რაც ოჯახურ საქმიანობასაც უკავშირდებოდა — მისი მამა, ჟან ტობლერი, შოკოლადის მაღაზიის მფლობელი იყო. თეოდორმა მამისგან ისწავლა ტკბილეულის წარმოების ხელოვნება, ყოველდღე უყურებდა, როგორ ურევდა მამა კოვზით თბილ მასას და ჭურჭელში ასხამდა, თუმცა თავად უფრო შორს წავიდა — მან შექმნა პროდუქტი, რომელიც მალე იქცა შვეიცარიის ერთ-ერთ სიმბოლოდ. მან ბიძაშვილთან, ემილ ბაუმანთან ერთად დააარსა კომპანია “Fabrique de Chocolat Berne, Tobler & Cie”.
Toblerone-ის დაბადება
1908 წელს თეოდორმა და ემილმა შექმნეს სრულიად ახალი ტიპის პროდუქტი: აურიეს შავი შოკოლადი, თაფლი, ნუში და ნუგა – კომბინაცია, რომელიც მანამდე არ არსებობდა. სახელწოდება წარმოიქმნა დამფუძნებლის გვარიდან და იტალიური სიტყვიდან Torrone, რომელიც ნუგის ტიპისაა. ამ ორის შერწყმით შეიქმნა სახელი: Toblerone.
როდესაც პირველი შოკოლადი ჩამოასხეს და გემო გაუსინჯეს, თეოდორმა და ემილმა წამოიძახეს: „ეს ის არის”.
უნიკალური დიზაინი და ფორმა
როგორც დასაწყისშიც ვთქვით, Toblerone-ს ყველაზე ამოსაცნობი მახასიათებელია მისი სამკუთხა ფორმა, რომელიც რამდენიმე ვერსიით აიხსნება:
Matterhorn-ის მთა — შვეიცარიული ალპების სიმბოლო, რომელიც შოკოლადის შეფუთვაზეც ჩანს;
კაბარეს მოცეკვავეების პოზა — ზოგიერთი ვერსიით, თეოდორი შთაგონებული იყო პარიზის კაბარეში მოცეკვავეების „პირამიდული“ ფორმაციით და ინსპირაციად ეს აიღო.
შეფუთვის დიზაინი
შოკოლადის ყუთზე გამოსახულია Matterhorn-ის მთა და მის ფერდობზე პატარა დათვი — შვეიცარიის დედაქალაქის, ბერნის სიმბოლო.
1920-1930-იან წლებში Toblerone გახდა ერთ-ერთი პირველი შოკოლადი, რომელიც შვეიცარიის ფარგლებს გასცდა და ექსპორტზე გავიდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და პოპულარობაც მოიპოვა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ Toblerone-მა კვლავ აითვისა ბაზარი. 1970-იან წლებში ის შეიძინა ამერიკულმა გიგანტმა Kraft Foods და დაიწყო ბრენდის გლობალიზაცია. Toblerone გამოჩნდა აეროპორტებში, ტურისტულ მაღაზიებში და გახდა საჩუქარი, რომელსაც გემოვნებიანი ადამიანი ირჩევს.
2012 წელს, როცა Kraft ორ კომპანიად გაიყო, Toblerone გადავიდა ახალ ბრენდში — Mondelez International. აქედან დაიწყო ახალი ეპოქა — მასშტაბური წარმოება, საერთაშორისო ვარიაციები და მარკეტინგის გაციფრულება.
კრიზისი და აღდგენა
2016 წელს, ბრიტანეთში პროდუქტის წონის შემცირებისას Toblerone-მ შეცვალა დიზაინი: სამკუთხედები ერთმანეთზე უფრო შორს განათავსეს, რათა ნაკლები მასით იგივე ზომა შეენარჩუნებინათ. ეს ცვლილება მომხმარებლების უკმაყოფილებით დასრულდა — „Toblerone უნდა იყოს Toblerone,” წერდნენ სოციალურ მედიაში.
კომპანიამ უკან დაიხია და შოკოლადი ძველ ფორმას დაუბრუნდა. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებდა, რომ ბრენდი, რომელსაც ადამიანები სცემენ პატივს, უკვე პროდუქტი კი არა ემოციაა.
Toblerone „შვეიცარიულობას” კარგავს
2023 წელს Toblerone-ს მოაშორეს წარწერა – Swiss Made, რადგან წარმოების ნაწილმა სლოვაკეთში გადაინაცვლა. შვეიცარიულმა კანონმდებლობამ მოითხოვა, რომ პროდუქტის მინიმუმ 80% შვეიცარიაში უნდა იწარმოებოდეს, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ცნობილი ბრენდი ასოცირდებოდეს თავის იდენტობასა და ფესვებთან.
ბრენდი ყოველთვის დიდ სიამაყეს იჩენდა თავისი ისტორიის მიმართ. მაგალითად, კამპანია “Be More Triangle”, რომელიც 2021 წელს დაიწყო, აღნიშნავდა თავის დიდ და მრავალფეროვან ისტორიას. ბრენდის დევიზი ისაა, რომ, როცა მის შეფუთვას ხსნი, არ იღებ უბრალოდ შოკოლადს — შენ ხსნი ამბავს.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.