in

„მადლობა, რომ ამ ბრძოლაში გვეხმარებით“

ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის გენერალური მენეჯერი გიორგი დიასამიძე ახალი სოციალური კამპანიის შესახებ

მშობლიური გარემო, ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობები ან თუნდაც, უცნობი ადამიანები ემოციურად გვაძლიერებენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრძოლის მთავარი სამიზნე ონკოლოგიური დაავადებაა. ზუსტად ამაზეა ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ახალი კამპანია. პირველი ვიდეორგოლის მთავარი გმირია პაციენტი, რომელიც წერილებით მადლობას უხდის სრულიად უცნობ ადამიანს, ტელევიზიით თავისი ისტორიის მოყოლით რომ გადაარჩინა, დედას, მოძღვარს, კლინიკის პიანისტს, რომელიც ამ რთული გზის გავლის დროს პოზიტიურად განაწყობდა პროცედურებამდე.

გიორგი დიასამიძე (ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის გენერალური მენეჯერი): ჩვენი პაციენტის, ნონას ისტორია კიდევ ერთი დასტურია, იმის, თუ რა შეუცვლელი ძალა აქვს მშობლიურ გარემოში მკურნალობას და სწორ ემოციურ მხარდაჭერას.

უფრო ვრცლად რომ ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლიურ გარემოში მკურნალობა და სწორი ემოციური მხარდაჭერა? 

მშობლიური გარემო უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მკურნალობის პროცესში. ასეთ დროს, პაციენტის სხვადასხვა ემოცია სწრაფად ენაცვლება ერთმანეთს – ღიმილი, ცრემლი, სევდა, სიხარული, იმედი – მნიშვნელოვანია ამ ემოციების გამოხატვის დროს მშობლიურ გარემოში იყო, ახლობელ ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, შინაურ ცხოველთან, კოლეგებთან. რადგან ხშირად სწორედ ეს გარემო ხდება სიმშვიდის გარანტი. ჩვენ, ადამიანები, ყოველდღიურად უამრავ დეტალს ვაქცევთ ყურადღებას, უცნობ ადამიანებსაც კი, ვისაც ყოველ დღე ვხვდებით ნაცნობ ქუჩაზე. სახლი, სადაც ვცხოვრობთ, საწოლი ოთახი, სადაც ყველაზე მშვიდად გვძინავს, ადგილები და ნივთები, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის, მოგონებები, რომლებიც დადებით მუხტს გადმოგვცემს, სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობა გვაძლევს ემოციურ სიძლიერეს! უცნობ გარემოში ადაპტირება კიდევ უფრო სტრესულია, როდესაც მკურნალობისთვის იცვლი საცხოვრებელს – პაციენტისთვის ხშირად მშობლიურ ენაზე ექიმებთან კომუნიკაციასაც კი დიდი როლი ენიჭება. ჩვენი გასტრონომიული ჩვეულებების გამო, ორგანიზმს უჭირს ახალ საკვებთან შეგუება, განსხვავებული სასმელი წყლის მიღება, ალერგიულ დერმატიტს ხშირად იწვევს კანისთვის მიუჩვეველი წყლის შეხებაც.

თქვენი კლინიკა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა, მიმდინარე კამპანიაც ამას მოწმობს – რატომ ონკოლოგიაზე განსაკუთრებული აქცენტი? 

გიორგი დიასამიძე

ონკოლოგიური დაავადებები სიკვდილიანობის მაჩვენებლებით, მსოფლიოში, რიგით მეორეა, გულსისხლძარღვთა დაავადების შემდეგ. სამწუხაროდ, ბევრი სტერეოტიპი, ცრუ ინფორმაცია და არასწორი დამოკიდებულებაა სწორედ ონკოლოგიური დაავადებების მიმართ.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პოზიტიურად ცვლის მოსახლეობის დამოკიდებულებას, ქცევას. სამედიცინო სფეროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აკისრია სწორ კომუნიკაციაში. ჩვენი კამპანიებით, ვცდილობთ, დავამსხვრიოთ არაერთი მითი – მოსახლეობის ნაწილს აქვთ დიაგნოზის მოსმენის შიში, დაავადებულ პაციენტებს კი ხშირად ჰგონიათ, რომ ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია „ანგრევს“. ჩვენს კლინიკაში თითოეულ პაციენტს განიხილავენ ინდივიდუალურად, საერთაშორისო პროტოკოლების მიხედვით. სწორად და ინდივიდუალურად დაგეგმილი მკურნალობა გართულებებს და გვერდით მოვლენებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ჩვენი თითოეული კამპანიით გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ ყველაზე მთავარი რამ – როდესაც ხარ ინფორმირებული, ხარ ძლიერი!

ამ ვიდეორგოლის მთავარი გმირი ქუთაისიდან არის. ალბათ, სხვადასხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდანაც ბევრი პაციენტი გყავთ. როგორ მოახერხეთ ასეთი ნდობის მოპოვება?  

ჩვენთან პაციენტები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოდიან და არამარტო ქვეყნის. ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ყველა თანასწორი ვართ. ვფიქრობ, ეს ნდობა განპირობებულია მრავალწლიანი, თავდაუზოგავი შრომით, გამოცდილებით, სამედიცინო პერსონალის მუდმივი განათლებით.

საჯაროდ ათეულობით პაციენტის ისტორია გვაქვს გადმოცემული. ეს რიცხვი რეალურად, გაცილებით მეტია – ათეულობით ათასი პაციენტი თავად არიან ცოცხალი მაგალითები, რომ კიბო განაჩენი არ არის, რომ დროული დიაგნოსტიკა პრინციპულად მნიშვნელოვანს ხდის მკურნალობის ეფექტურად წარმართვას.

განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით ნდობას, რომელიც 30-წლიანი გამოცდილებით, პროფესიონალი ექიმებით, ჩვენი სოციალური კამპანიებით და პაციენტებზე განსაკუთრებული ზრუნვით მოვიპოვეთ.

 კიდევ რა აქტივობებს გეგმავთ ამ კამპანიის ფარგლებში?

კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენს მკითხველს უკვე შესაძლებლობა აქვს კამპანიის მთავარ ვიდეოს გაეცნოს, რომელსაც მოჰყვება ფოტოსესია პაციენტებისა და იმ ახლობელი ადამიანების, ვინც განსაკუთრებული როლი ითამაშეს მათი გამოჯანმრთელების რთულ, მაგრამ მნიშვნელოვან გზაზე.

იქნება მორიგი ვიდეორგოლიც, სადაც კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ საზოგადოებას, თუ რამხელა როლი აქვს სწორ ემოციურ მხარდაჭერას. კამპანიას სრული მხარდაჭერა ექნება სოციალურ ქსელებში, ონლაინ მედიასა და სატელევიზიო გადაცემებში.

 

[R]

Microsoft-ს Discord-ის შეძენა $10 მილიარდად სურს

საცხობი – საკონდიტრო „ზელა“ – „წისქვილი ჯგუფის“ ახალი ბრენდი