in

თოდუას კლინიკა ახალგაზრდა ექიმების მხარდასაჭერად ახალ პროექტს იწყებს

15 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო „პულმანის“ საკონფერენციო დარბაზში, თოდუას კლინიკის,  საქართველოს ონკოლოგიის სკოლის და საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება თოდუას კლინიკის ახალგაზრდა ექიმთა პირველი სიმპოზიუმი თემაზე – „მეტასტაზური ძუძუს კიბო: დიაგნოსტიკა და მკურნალობა“. დასწრება წინასწარი რეგისტრაციით არის შესაძლებელი.

როგორც თოდუას კლინიკის გენერალური მენეჯერი გიორგი დიასამიძე აღნიშნავს, ეს სიმპოზიუმი განსაკუთრებულია იმით, რომ ის მთლიანად ახალგაზრდა ექიმების ორგანიზებით ტარდება. კლინიკის მრავალწლიანი ტრადიცია – ახალგაზრდა ექიმების მხარდაჭერა და მათთვის პროფესიული ზრდის შესაძლებლობების შექმნა, ამჯერად, ახალ ფორმატში გრძელდება: „საქართველოს ჰყავს ახალი თაობა – ერუდირებული, საერთაშორისო განათლების მქონე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მიმდევარი ექიმები, რომლებიც პროფესიონალიზმითა და თავდადებით ემსახურებიან მოსახლეობას“.

სიმპოზიუმი მიზნად ისახავს შექმნას უნიკალური პლატფორმა ქვეყნის მასშტაბით. აქ ახალგაზრდა ექიმებს საშუალება ექნებათ გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი ცოდნა და თანამედროვე ხედვა მედიცინის აქტუალურ საკითხებზე. სიმპოზიუმსა და ახალგაზრდა ექიმების მხარდაჭერაზე გიორგი დიასამიძე გვესაუბრა.

M: როგორ უწყობს ხელს თოდუას კლინიკა ახალგაზრდა ექიმების განვითარებას და რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის?

კლინიკის დაარსების პირველივე დღიდან, ყველაზე დიდი აქცენტი სწორედ ახალგაზრდა ტალანტებისკენ გახლდათ მიმართული. თავიდანვე უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად მიიჩნეოდა მათი პროფესიული ზრდა და ამისთვის ყველა პირობა შეიქმნა. ახალგაზრდა ექიმებს კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კლინიკებში მიეცათ. ეს მიდგომა დღემდე გრძელდება.

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ჩვენს კლინიკაში 50-მდე ახალგაზრდა ექიმს მივეცით დასაქმების შესაძლებლობა. ამავე პერიოდში 40-მდე ექიმი გავაგზავნეთ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად. განსაკუთრებით მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ამერიკის, იტალიის, გერმანიისა და ავსტრიის წამყვან კლინიკებთან. მაგალითად, ჩვენმა სპეციალისტებმა სწორედ ამ ქვეყნებში გაიარეს ხანგრძლივი ტრენინგები რადიოლოგიის,  მიმართულებით. აღსანიშნავია ახალგაზრდა ონკოლოგების მხარდაჭერაც და მათი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი ერთ-ერთი ახალგაზრდა ონკოლოგი 2020 წლიდან დღემდე არის “ESO-ევროპის ონკოლოგიის სკოლის” რეგიონული ელჩი, 2023 წლიდან დღემდე კი “ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოების (ESMO)” ახალგაზრდული კომიტეტის წევრი, მის მიერვეა დაფუძნებული საქართველოს ონკოლოგიის სკოლაც. ახალი თაობის წარმატება საერთაშორისო მასშტაბით რასაკვირველია პაციენტების კეთილდღეობაზე აისახება. უცხოელ კოლეგებთან კოლაბორაციით პაციენტების ინდივიდუალური შემთხვევები საერთო კონსილიუმებზე განიხილება, სადაც  მათი ექპერტული მოსაზრება ქართველი ექიმების გადაწყვეტილებებს კიდევ უფრო ამყარებს.  ეს ყველაფერი დასტურია იმისა, რომ თოდუას კლინიკა ყოველთვის მზადაა გრძელვადიანი ინვესტიცია ჩადოს ახალგაზრდა ტალანტების პროფესიულ განვითარებაში.

M: რა გავლენა აქვს ამ მიდგომას დარგის განვითარებაზე?

ახალგაზრდები, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენთან დაიწყეს სამედიცინო საქმიანობა, დღეს უკვე წამყვანი სპეციალისტები არიან და უფროსი თაობის პროფესიონალებთან ერთად აგრძელებენ ქართული სამედიცინო სფეროს განვითარებას. პროფესიულ წინსვლასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი ემოციური მხარდაჭერა და მოტივაციის, განვითარებისთვის საუკეთესო პირობების შექმნა. ეს თოდუას კლინიკის ტრადიციად ჩამოყალიბდა – ყოველწლიურად ათობით რეზიდენტს, ასობით სტუდენტსა და ახალგაზრდა ექიმს ვუწევთ მხარდაჭერას კარიერული განვითარებისთვის.

ღრმად გვწამს, რომ ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის ორიენტირებულ სფეროში, ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია სწორედ ახალ თაობაში უნდა ჩაიდოს. დღეს, უახლესი ტექნოლოგიის შეძენა უკვე აღარ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ მთავარი სწორედ გამოცდილი ექიმებისგან მიღებული ცოდნაა, რომელსაც ჩვენი კლინიკა თაობიდან თაობას გადასცემს.

M: რა როლი აქვთ სამედიცინო ღონისძიებებს პროფესიული თვალსაზრისით?

ძალიან მნიშვნელოვანია! საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციები ექიმებს საშუალებას აძლევს გაეცნონ უახლეს სამედიცინო სიახლეებს და ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა. მედიცინა მუდმივ განახლებასა და განვითარებას მოითხოვს. ამიტომ, ნებისმიერი შესაძლებლობა ექიმისთვის, გაეცნოს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სამედიცინო სიახლეებს, უაღრესად მნიშვნელოვანია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისკუსიები და კითხვა-პასუხის ფორმატი, რომელიც კონფერენციების შემდეგ იმართება ხოლმე. აქ განიხილება ისეთი შემთხვევები, რაც რეალურ პრაქტიკაში გვხვდება და კოლეგები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ. ეს არის ინფორმაციის გაცვლის არაჩვეულებრივი საშუალება, რაც მედიკოსებს თვითგანვითარებასა და მჭიდრო საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ეხმარებათ.

მედიცინის სიღრმისეული გაგება სცდება ერთი კონკრეტული მიმართულების, დაავადების ტიპის ან ორგანოს მიმოხილვას. სწორედ ამიტომ, კონფერენციები, იქნება ეს ახალ თუ უკვე კარგად ნაცნობ საკითხებზე, წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას ცოდნის გაზიარებისთვის. განსაკუთრებით გვახარებს, რომ ამ მნიშვნელოვან შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობენ როგორც მოქმედი ექიმები, ასევე რეზიდენტები და სტუდენტები საქართველოს მასშტაბით.

M: 15 თებერვალს, თოდუას კლინიკის ორგანიზებით, ახალგაზრდა ექიმთა პირველი სიმპოზიუმი გაიმართება. რა მნიშვნელობა აქვს ამ ღონისძიებას და როგორ არის შესაძლებელი დასწრება?

სიმპოზიუმის მთავარი თემაა „მეტასტაზური ძუძუს კიბო: დიაგნოსტიკა და მკურნალობა“, სადაც ჩვენი კლინიკის მრავალპროფილური გუნდი – ონკოლოგები, რადიოლოგები, სხივური თერაპევტები და სხვა სპეციალისტები – თავიანთ გამოცდილებას გააზიარებენ. მოხსენებებში განვიხილავთ პაციენტის მართვის სრულ ციკლს – დაწყებული დიაგნოსტიკიდან, დამთავრებული მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაციით. განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ საერთაშორისო პრაქტიკასა და ახალ მეთოდებზე, რომლებიც ამ პაციენტების მართვაში გამოიყენება.

რაც შეეხება დასწრებას, სიმპოზიუმი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ჩვენი სოციალური ქსელების საშუალებით, სადაც გამოქვეყნებულია შესაბამისი ბმული.

M: სამომავლოდ, როგორ განაგრძობთ ახალგაზრდა ექიმების ხელშეწყობას?

ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ახალგაზრდების განათლების მხარდაჭერას, იქნება ეს ადგილობრივი ტრენინგები თუ საერთაშორისო მივლინებები. ამასთან, ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების დანერგვაზე.

ამ მიმართულებით ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სპეციალისტებთან და ვგეგმავთ, რომ ხელოვნური ინტელექტი უფრო ფართოდ დავნერგოთ კლინიკაში. ამის შესახებ სულ მალე უფრო დეტალურად გიამბობთ.

[R]

ნახეთ: Super Bowl-ის 10 გამარჯვებული რეკლამა — Ad Meter 2025

როგორ ვუპასუხოთ გასაუბრებაზე კითხვას „მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ“?