in

„ერთგულად ვდგავართ ჩვენი ქვეყნის და ხალხის სამსახურში“ — თოდუას კლინიკის გენერალური მენეჯერი, გიორგი დიასამიძე

როდესაც თოდუას კლინიკაზე ვსაუბრობთ, პირველი რაც გვახსენდება, ის არის, თუ როგორ შეცვალა მან არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის სამედიცინო სისტემა. უამრავი წარმატებული და ინოვაციური ნაბიჯის გადადგმის შედეგად, კლინიკა 32 წლის იუბილეს ნამდვილად დიდი მიღწევებით აღნიშნავს… მათი საქმიანობა სფეროს ფართო მასშტაბებს ფარავს და მრავალი მიმართულებით უზრუნველყოფს პაციენტების ჯანმრთელობას, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სამედიცინო ცენტრი.

მიმაჩნია, რომ ჩვენ დიდი წვლილი მიგვიძღვის ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ფორმირებაში, რადგან ძალიან დიდი ნაბიჯი სწორედ თოდუას კლინიკაში მომუშავე ან აქ აღზრდილი სპეციალისტების მიერ გადაიდგა იმისათვის, რომ იქ ვყოფილიყავით, სადაც ახლა ვართ. ვფიქრობ, ჩვენი მიღწევები და საქმიანობა ყველას უმარტივებს ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობას“,ამბობს გიორგი დიასამიძე, თოდუას კლინიკის გენერალური მენეჯერი.

სწორედ გიორგი დიასამიძესთან ერთად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა დგას ამ უდიდესი წარმატების მიღმა, როგორია ბრენდის მთავარი ღირებულებები და სამომავლო გეგმები.

M: თოდუას კლინიკა უკვე 32 წელს ითვლის… როგორ შეაჯამებდით ამ წლებს და განსაკუთრებით რომელ მიღწევას ან ინოვაციურ სიახლეს გამოყოფდით?

32 წელი საკმაოდ დიდი დროა იმისათვის, რომ მარტივად შევაჯამოთ განვლილი წლები, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში ნამდვილად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა ჩვენს კლინიკაში, რამაც შეცვალა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის სამედიცინო სისტემა. პირველ რიგში, ეს არის რადიოლოგიის, როგორც დარგის ჩამოყალიბება. სწორედ თოდუას კლინიკას უკავშირდება რეგიონში პირველი კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დამონტაჟება. ასევეა ლაბორატორიული მიმართულების განვითარებაც, რადგან თოდუას კლინიკა იყო პირველი დაწესებულება, სადაც სრულიად ავტომატიზებული ლაბორატორია გაიხსნა 90-იან წლებში. ეს კი იმ პერიოდისთვის ნამდვილად განსაკუთრებულად საჭირო და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. რეალურად, მსგავსი გარდამტეხი სიახლეებით ვაგრძელებთ 32 წელი მუშაობას.

აქვე უნდა აღინიშნოს ონკოლოგიის მიმართულება, რომლის რეფორმა და თანამედროვე ონკოლოგიის ჩამოყალიბებაც ჩვენს კლინიკაში დაიწყო. ამავდროულად, გამოვყოფდი გენეტიკურ გამოკვლევებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქვეყნის ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რადგან მასალები მანამდე უცხოეთში იგზავნებოდა საკვლევად. ამრიგად, გენეტიკური გამოკვლევების საშუალებით, პაციენტებმა ძალიან დიდი რესურსი დაზოგეს, როგორც ფინანსური, ისე დროის კუთხით.

მიუხედავად იმისა, რომ დაარსებიდან 32 წელი გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა, ჩვენი ძირითადი ღირებულებები კვლავ უცვლელია, რადგან პაციენტზე ორიენტირებულობა არის ის, რამაც აქამდე მოგვიყვანა.

ერთგულად ვდგავართ ჩვენი ქვეყნის და ხალხის სამსახურში

M: საინტერესოა, რა არის ბრენდის მთავარი დაპირება საზოგადოებისთვის?

მთელი ჩვენი სისტემა პაციენტზე ორიენტირებულია. ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ, პაციენტის საჭიროებებს ეფუძნება. იმისათვის, რომ მათ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიიღონ და ამავდროულად, აუცილებელია ოპერაციათა მენეჯმენტის მაღალ დონეზე უზრუნველყოფა — რეალურად, ადამიანები, რომლებიც თავიანთ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, მხოლოდ სამედიცინო მომსახურებით არ კმაყოფილდებიან. ადრე საქართველოში მიიჩნეოდა, რომ სამედიცინო დაწესებულებისთვის მთავარი კარგი ექიმი და აპარატურა იყო, ხოლო მაგალითად რიგში დგომა პრობლემას არ წარმოადგენდა… ჩვენი მიზანი კი ისაა, რომ პაციენტები ყველაფრით კმაყოფილები იყვნენ. ამიტომ, ამაზე უწყვეტად ვმუშაობთ — უამრავ ტრენინგს ვატარებთ, რათა ჩვენი მომსახურება მაქსიმალურად ადაპტირებული, გამარტივებული, ბიუროკრატიისგან თავისუფალი და მარტივად ხელმისაწვდომი იყოს. ამრიგად, თოდუას კლინიკაში პაციენტი უმაღლეს სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, მასთან დაკავშირებულ სხვა სერვისებსაც სრულფასოვნად იღებს.

ასევე, ჩვენს ბრენდს რაც გამოარჩევს სხვებისგან, ის არის, რომ კლინიკაში მომუშავე თითოეული ადამიანი მაქსიმალურად ორიენტირებულია პერსონალიზებული მედიცინის დანერგვაზე — ეს თითოეული პაციენტის შემთხვევის ინდივიდუალურად განხილვას და მულტიდისციპლინური შეხვედრის ჩატარებას გულისხმობს. ამასთანავე, უგულებელვყოფთ მხოლოდ გაიდლაინებით ხელმძღვანელობას — მათ მიღმა ვიყენებთ გამოცდილებას, განათლებას, კვლევებისგან მიღებულ შედეგებს. ამის შესაძლებლობას სრულად იძლევა ჩვენი კლინიკა, რადგან პრაქტიკულად, როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული, ყველა სერვისი ხელმისაწვდომია ჩვენთან. ერთ სივრცეში შესაძლებელია ყველა ტიპის გამოკვლევის ჩატარება. ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ პაციენტებმა მათთვის ძვირფასი დრო არ დაკარგონ.

M: დაპირებებთან ერთად მთავარი კონკურენტული უპირატესობაც რომ გამოვყოთ…

ბრენდის მთავარი უპირატესობა ხედვაში მდგომარეობს, რომელიც სამ ნაწილადაა დაყოფილი: 1) პაციენტებზე მზრუნველობა; 2) განათლება, რომელშიც დიდ რესურსს ვდებთ; და 3) მეცნიერება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია — ათობით საერთაშორისო კვლევაში ვართ ჩართული და ეს ნამდვილად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ სამი მიმართულების გაერთიანებით მომხმარებლებს საუკეთესო სერვისი შევთავაზოთ.

ამის ნათელი მაგალითია ფილტვის კიბოს სამკურნალო პრეპარატ „სემიპლიმაბის“ კვლევა, რომელიც მსოფლიოს სხვა ცენტრებთან ერთად თოდუას კლინიკაშიც მიმდინარეობდა. პრეპარატის ავტორიზაციის მიღებამდე, FDA-ის წარმომადგენლები სწორედ თოდუას კლინიკას ეწვივნენ ჩატარებული კვლევის ხარისხის შესამოწმებლად.

ინსპექციას უზუსტობა არ გამოუვლენია, რის შედეგადაც, პრეპარატი ხელმისაწვდომი გახდა მთელი მსოფლიოსთვის. ეს ძალიან პრესტიჟულია ქვეყნისთვის, რადგან ნდობა რომელიც ჩვენ დავიმსახურეთ, არა მხოლოდ თოდუას კლინიკას, არამედ საქართველოსაც ღირსეულად წარმოაჩენს.

ამასთანავე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული პრეპარატის პრეზენტაცია ათამდე კონფერენციაზე მოხდა.

M: მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადაგიდგამთ და ბევრ სამედიცინო მიღწევასაც ითვლით — როგორ ფიქრობთ, რა არის ის ძირითადი ხედვა თუ მიდგომა, რამაც ამ წარმატებამდე მოგიყვანათ?

უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტების საჭიროებების განსაზღვრის პროცესში ჩართული იყვნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. ამიტომ, ჩვენი მენეჯმენტი დაკომპლექტებულია ისეთი პროფესიონალებით, რომლებსაც აქვთ განათლება როგორც სამედიცინო, ისე მენეჯმენტის მიმართულებით — ასე ვაღწევთ თანხვედრას და ბალანსს თანამედროვე სამედიცინო მომსახურების სტანდარტის დამკვიდრებაში.

M: რას იტყვით ხელოვნურ ინტელექტზე? როგორ შეეხება მისი განვითარება სამედიცინო სფეროს და თოდუას კლინიკა რამდენად არის მზად ამ ცვლილებებისთვის?

მიმაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტი არის მედიცინის მომავალი, თუმცა ჯერჯერობით ის მედიცინაში აქტიურად არ დამკვიდრებულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძალიან ბევრ პროექტზე მუშაობა. ჩვენს კლინიკაში AI-ის ენდოსკოპიურ და რადიოლოგიურ გამოკვლევებში ვიყენებთ — მაგალითად მოწყობილობას, რომლის მიერ პოლიპის ავტომატურად აღმოჩენაა შესაძლებელი. ექიმმა რომ ვერ მოახერხოს მისი დაფიქსირება, ალგორითმი მარტივად გაართმევს ამას თავს. დამეთანხმებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პროცესში ექიმთან ერთად ხელოვნური ინტელექტიც მონაწილეობს.

ასევე, ხელოვნური ინტელექტის სფეროში განსაკუთრებით აღსანიშნავია გაფართოებული რეალობის სისტემები — მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი სერვისი მოიაზრებს პალატაში მოთავსებული პაციენტისთვის სიმულაციის შექმნას, თითქოს ის სხვაგან იმყოფება. ეს ამცირებს პაციენტის სტრესს და საავადმყოფოს ატმოსფეროს განცდის ნაცვლად, შეუძლია წარმოიდგინოს, რომ რომელიმე კუნძულზე ან საყვარელ ადგილას იმყოფება. ამავდროულად, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შესაძლებელია პაციენტისთვის სიმულაციის ჩვენება, თუ რა პროცესები უნდა გაიაროს ოპერაციის დროს, რა უნდა გააკეთოს ექიმმა.

გარდა ამისა, საინტერესოა ე. წ. „ციფრული ტყუპები“ — ეს არის ადამიანის ელექტრონული კოპირება, რათა ექიმს გაუმარტივდეს ოპერაციის წინასწარი დაგეგმვა. ალბათ, მთლიანობაში ათასობით მიმდინარე პროექტია ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება აღნიშნული სფერო. თუმცა ვინაიდან საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, ინოვაციებს ბევრი კვლევაც დასჭირდება.

ერთ საინტერესო პროექტში თოდუას კლინიკაცაა ჩართული. ინგლისის ერთ-ერთი კომპანია აწარმოებს სათვალეს, რომელიც ჰოლოგრამული გამოსახულებით კონკრეტული პაციენტის ოპერაციის მდგომარეობას გვაჩვენებს. ამჟამად პროექტი FDA-ის ავტორიზაციის მოლოდინშია.

საბოლოოდ, ხელოვნური ინტელექტი ის არის, რაც სრულიად შეცვლის სამედიცინო სფეროს, ზრუნვის ხარისხს, მომსახურების სტანდარტს, გააუმჯობესებს მრავალ დეტალს, რაც საბოლოოდ მიმართული იქნება იმისკენ, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრად უკეთესად იქნება მოვლილი.

M: სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით რა სიახლეები გაქვთ?

აქ ერთ მთავარ სიახლეს გამოვყოფდი — ეს არის პაციენტების ნაკადი სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნებიდან. გამოიკვეთა მოთხოვნა  პლასტიკურ ქირურგიასა და CHECK UP სერვისზე. ამ ეტაპზე ჩვენს მიზანს სამედიცინო ტურიზმის გაფართოება წარმოადგენს, რათა მხოლოდ შუა აზია და მეზობელი ქვეყნები არ მოვიცვათ. ამიტომაც, სამედიცინო ტურიზმის დეპარტამენტი ორ ნაწილად გაიყო — რამდენიმე თვეში ცალკე კომპანიად ჩამოყალიბდება, რომელიც მხოლოდ ამ საკითხზე იქნება ფოკუსირებული.

M: ალბათ, სამომავლო გეგმებიც უნდა ვახსენოთ — უახლოეს მომავალში რას აპირებთ?

ამ ეტაპზე თბილისში ერთი ახალი ფილიალის გახსნაზე ვმუშაობთ, ხოლო ცენტრალური ფილიალის ტერიტორიაზე ახალი ქირურგიული კორპუსი შენდება.

[R]

რაც გვაერთიანებს – არ გვაჩერებს

როგორ ზრუნავს BCA HEALTHY CLUB ჯანსაღი კორპორატიული კულტურის დანერგვაზე?