in

ჩაიტარე ჩექაფი – თოდუას კლინიკა გვახსენებს, რომ მთავარია ჯანმრთელობა

„მთავარია ჯანმრთელობა” – ამ ფრაზას ხშირად ერთმანეთსაც ვეუბნებით და საკუთარ თავსაც, თუმცა ყოველდღიურობაში სხვა პრიორიტეტები გვაქვს და საკუთარი ჯანმრთელობის გადამოწმებას, როგორც წესი, მხოლოდ მაშინ ვიხსენებთ, როცა კონკრეტული ჩივილები გვაწუხებს.

სწორედ ამ ქცევის შეცვლას ცდილობს „თოდუას კლინიკა“, რომელიც საზოგადოებას პერიოდულად, სხვადასხვა კამპანიით ახსენებს, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ მაშინ არ უნდა იწყებოდეს, როცა სხვა გზა უკვე აღარ არის – პრევენციული შემოწმება, დროული დიაგნოსტიკა და ჩექაფის კულტურის დამკვიდრება კლინიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გზავნილები, რომლებსაც კლინიკა დროდადრო გვაწვდის, რეალურად მუშაობს, რადგან დროულ გადამოწმებაზე მიმართვიანობა სულ უფრო იზრდება. ეს კი იძლევა საშუალებას, ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს ნებისმიერი პრობლემა და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.

ბოლო კამპანიაც ამ იდეას აგრძელებს. ის თითქოს მსუბუქად და სახალისოდ იწყება, თუმცა საბოლოოდ ძალიან სერიოზულ გზავნილამდე მიდის – ახლა დროა, შენ მიაქციო ყურადღება შენს ჯანმრთელობას!

 
ჩექაფის მნიშვნელობაზე, პრევენციული მედიცინის როლზე, დაგვიანებული დიაგნოსტიკის პრობლემასა და კამპანიის მიზანზე ვესაუბრეთ თოდუას კლინიკის Check-up-ისა და პერსონალიზებული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თამარ ეჯიბაძეს; და მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნატალია დარჩიაშვილს.

M: რა არის ჩექაფი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

თამარ ეჯიბაძე: ჩექაფი არის ჯანმრთელობის პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება, რომლის მთავარი მიზანი დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა მანამდე, სანამ ადამიანს რაიმე სიმპტომი ან ჩივილი ექნება, რადგან ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ უნდა იწყებოდეს მხოლოდ ჩივილის გაჩენის შემდეგ. რეგულარული პროფილაქტიკური შემოწმება გვაძლევს შესაძლებლობას, დროულად შევაფასოთ რისკები, აღმოვაჩინოთ საწყისი ცვლილებები და, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტმა დროულად მიიღოს რეკომენდაცია ან მკურნალობა.

ჩექაფი არ არის მხოლოდ კვლევების ერთობლიობა – ეს არის ჯანმრთელობის პრევენციული მართვის პრაქტიკული გზა.

M: რატომ გახდა საჭირო ჩექაფის შესახებ კიდევ ერთი კამპანიის დაწყება?

ნატალია დარჩიაშვილი: უკვე რამდენიმე წელია ვაკვირდებით, რომ პაციენტებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად კვლავ რჩება დაგვიანებული დიაგნოზი. ადამიანები ექიმთან ხშირად მაშინ მიდიან, როცა პრობლემა უკვე შესამჩნევია და სიმპტომებიც გამოხატულია.

ჩვენთვის, როგორც ონკოლოგიის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი კლინიკისთვის, განსაკუთრებით საყურადღებოა ის რეალობა, რომ საქართველოში სიმსივნური დაავადებები ჯერ კიდევ ხშირად ვლინდება გვიან სტადიებზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი კამპანიების მთავარი მიზანია, ეტაპობრივად შევცვალოთ საზოგადოების დამოკიდებულება ჯანმრთელობის გადამოწმების მიმართ.

გვინდა, ჩექაფი ადამიანებმა აღიქვან არა როგორც აუცილებლობა მხოლოდ ჩივილის შემთხვევაში, არამედ როგორც ჯანმრთელობაზე ზრუნვის რეგულარული და ბუნებრივი ნაწილი.

M: როგორ ხდება ჩექაფის პაკეტის შერჩევა და რა როლი აქვს ჯანმრთელობის პერსონალურ მენეჯერს პაციენტისთვის?

თამარ ეჯიბაძე: ჩექაფის პაკეტის შერჩევა ინდივიდუალურად ხდება. ჩვენ ვითვალისწინებთ პაციენტის ასაკს, ცხოვრების წესს, გენეტიკას, არსებულ ჩივილებს, რისკ-ფაქტორებსა და იმ მიზანს, რის გამოც ადამიანი შემოწმებას იტარებს.

რასაკავირველია გვაქვს სტანდარტული პაკეტებიც: General, Advanced და Premium, თუმცა უმეტესად პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ჩექაფ პაკეტებს ვგეგმავთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ადამიანს ერთნაირი საჭიროება არ აქვს. სხვადასხვა ასაკში, ცხოვრების სტილისა და გენეტიკური ფონის მიხედვით, რეკომენდებული კვლევებიც განსხვავებულია.

ჯანმრთელობის პერსონალური მენეჯერი ჩექაფის პროცესში პაციენტის მთავარი მეგზურია. მისი როლია, პაციენტს დაეხმაროს კვლევების სწორად დაგეგმვაში, პროცესის კომფორტულად გავლასა და საჭირო სერვისების დროულად მიღებაში.

ჩვენი მიზანია, ჩექაფი იყოს არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ ადამიანურად კომფორტული გამოცდილება. პაციენტმა უნდა იგრძნოს, რომ მასზე ზრუნავენ, უხსნიან პროცესს და ეხმარებიან სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

M: როგორ დაიგეგმა მიმდინარე კამპანიის კონცეფცია?

ნატალია დარჩიაშვილი: გვსურდა, კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ჩექაფის მნიშვნელობა და აუდიტორიისთვის გვეთქვა, რომ ჯანმრთელობის გადამოწმება აუცილებელია მაშინაც, როცა კონკრეტული ჩივილი არ გვაქვს.

გვინდა, ამ მიმართულებით ვიყოთ ერთგვარი ლიდერები და აქტიურად ვიზრუნოთ ჩექაფის კულტურის დამკვიდრებაზე. კამპანიის იდეითა და ბრიფით რამდენიმე კრეატიულ სააგენტოს მივმართეთ, საბოლოოდ კი ვითანამშრომლეთ სააგენტო „სუპერმარკეტთან“, რომელმაც ვიდეორგოლის კონცეფცია შეიმუშავა. აღსრულების ნაწილში კი ფრილანსერებთან ვიმუშავეთ.

მთავარი ვიდეორგოლის გარდა, კამპანიის ფარგლებში ჩაშვებული იქნება რილსები სოციალურ მედიაში, გვექნება ჩვენებები YouTube-ზე და მოვიცავთ ტრადიციულ მედიასაც, რათა სასურველ აუდიტორიამდე სხვადასხვა არხით მივიდეთ.

M: ამ კამპანიის ფარგლებში შეიქმნა რისკფაქტორების კალკულატორიც. რა მიზანი აქვს მას?

ნატალია დარჩიაშვილი: კამპანიის ფარგლებში, საკომუნიკაციო აქტივობებთან ერთად, შეიქმნა ვებსაიტი checkup.ge, რომელიც პრევენციული ჯანმრთელობის მიმართულებით მომხმარებლისთვის მარტივ ციფრულ გზამკვლევს წარმოადგენს. პლატფორმაზე განთავსებული კალკულატორები საერთაშორისო გაიდლაინებს ეფუძნება და მომხმარებელს ეხმარება, მოკლე კითხვარის საშუალებით შეაფასოს ინდივიდუალური რისკფაქტორები კონკრეტულ დაავადებებთან მიმართებით. შედეგების მიხედვით სისტემა აჩვენებს პერსონალიზებულ რეკომენდაციებს და იმ პროფილაქტიკური კვლევების ჩამონათვალს, რომლებიც მომხმარებლისთვის შესაძლოა იყოს რელევანტური.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობის გადამოწმება უფრო მარტივი, გასაგები და ხელმისაწვდომი გავხადოთ. როცა ადამიანს შეუძლია რამდენიმე წუთში მიიღოს საწყისი ინფორმაცია საკუთარ რისკებზე, იზრდება შანსი, რომ მან დროულად დაგეგმოს შემდეგი ნაბიჯი – ექიმთან კონსულტაცია ან საჭირო პროფილაქტიკური კვლევა.

M: თუ ამ კამპანიის შემდეგ ადამიანმა მხოლოდ ერთი რამ უნდა დაიმახსოვროს, რა იქნებოდა ეს?

ნატალია დარჩიაშვილი: ჩვენი მთავარი მოწოდება ძალიან მარტივია – ჩაიტარეთ ჩექაფი. ეს არის შესაძლებლობა, დროულად აღმოვაჩინოთ ის, რაც შეიძლება დღეს ჩუმად მიმდინარეობდეს, მაგრამ მომავალში სერიოზულ პრობლემად იქცეს.

თუ ამ კამპანიის შედეგად ერთ ადამიანს მაინც დავეხმარებით და გადავარჩენთ, მთავარი მიღწევაც ეგ იქნება.

[R]

Meta Edits-ს AI-ასისტენტსა და დესკტოპვერსიას ამატებს

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო