in

ახალი სახელი, ლოგო, ფერები და მისია – ნახეთ „თოდუას კლინიკის“ რებრენდინგი

ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის დაარსებიდან, 30 წელი გავიდა. კომპანიამ, ეს საიუბილეო თარიღი, ბრენდის განახლებით აღნიშნა. ვიზუალური მახასიათებლების გარდა, კომპანია ახალი სახელით დაიწყებს პოზიციონირებას – ახლა მას „თოდუას კლინიკა“ ჰქვია და აქვს შეცვლილი ლოგო, სადაც გაჩნდა ყვითელი ფერი და კიდევ უფრო თანამედროვე გახდა წინანდელი ლურჯი. რაც შეეხება მისიას, სურთ, რომ „თოდუას კლინიკა“ უფრო გლობალური ბრენდი გახდეს. ამ ყველაფერზე, მათი მარკეტინგის გუნდთან ერთად, იმუშავეს სააგენტომ „ზიგ-ზაგი“ და კომპანიამ „ორი“. 

რატომ გახდა ცვლილებები საჭირო და როგორია განახლებული ბრენდი?! ამ თემებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე უკვე „თოდუას კლინიკის“ გენერალურ მენეჯერ გიორგი დიასამიძეს ვესაუბრეთ

გიორგი დიასამიძე: თანამედროვე სამყაროში, ნებისმიერი სფერო მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვაში უნდა იყოს. ბრენდები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ცდილობენ, უფრო მეტად პროგრესულები და საინტერესოები გახდნენ, ამავდროულად, ადვილად დასამახსოვრებლები სიმბოლოებით და ფერებით წარდგნენ მომხმარებლის წინაშე. სწორედ თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, უცხოელ პარტნიორებთან კონსულტაციების, თუ ჩვენს მიერ მოწვეულ ფოკუს ჯგუფებთან კომუნიკაციის დროს დადგა რებრენდინგის საკითხი, რომ შეცვლილიყო კლინიკის ლოგო, როგორც ჩვენი იდენტობის, უნიკალურობის მთავარი სიმბოლო და ვიზუალური სტილი.

მოდით, რებრენდინგზე საუბარი ვიზუალური იდენტობის განხილვით დავიწყოთ. რა შეგიძლიათ გვითხრათ ბრენდის ახალ ფერებზე? 

პირველ რიგში, მოვახდინეთ ლურჯი ფერის მოდერნიზაცია. გარდა ამისა, შემოვიტანეთ ყვითელი, რომელსაც მინიმალურად გამოვიყენებთ საკომუნიკაციო ატრიბუტებზე. ამ ფერით გამოვხატავთ სიცოცხლის სიყვარულს, ის იმედის, სითბოს და სინათლის ემოციებს აღძრავს ადამიანებში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ლურჯის და ყვითლის  ჰარმონიული სინთეზი. ამასთან, შევინარჩუნეთ აკადემიური ფონი, თანამედროვე ელემენტებით.

რაც შეეხება ახალ ლოგოს . . . 

მზე, ვარსკვლავი, ჯვარი, სიცოცხლის ხე და გზები, რომლებიც იკვეთებიან ერთ კონკრეტულ ადგილას – სწორედ ამ სიმბოლოებთან ხდება ჩვენი განახლებული ლოგოს ასოცირება. ახლებურად დანახული ბრენდი მეტ ინტერესს იწვევს გარეგნულ ცვლილებებზე დაკვირვების დროს. არ გვინდა, შევზღუდოთ ადამიანების ხედვა. პირიქით, გვიხარია, რომ უამრავ პოზიტიურ დეტალს ხედავენ ერთ სიმბოლოში, სადაც ჩვენი მხრივ, ვეცადეთ ძველი ლოგოს  ხასიათი შეგვენარჩუნებინა და დაგვემატებინა ისეთი ელემენტები, ადამიანს მხოლოდ დადებით ემოციებს რომ გაუჩენდა. მზე არის კეთილი ძალის, ძლიერი ენერგიის, სითბოს სიმბოლო, მზეში ოსტატურად ჩასმული ჯვარი კი ოდითგანვე კავშირში იყო მედიცინასთან და მკურნალობის ძალასთან.

შეიცვალა თქვენი სამედიცინო ცენტრის დასახელებაც და ახლა მას „თოდუას კლინიკა“ ჰქვია. 

„კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“ – ასე ეწოდებოდა ჩვენს სამედიცინო ცენტრს წლების განმავლობაში. ბაბუას, ფრიდონ თოდუას არ სურდა, არ მიაჩნდა სწორად მისივე სიცოცხლეში დარქმეოდა კლინიკას დამფუძნებლის სახელი.

მისი გარდაცვალების შემდეგ, კლინიკას ეწოდა „აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი“. თუმცა, დღეს ვთვლით, რომ ბრენდს უნდა ერქვას ის სახელი, როგორც საზოგადოება მას მათთვის მარტივ, საკომუნიკაციო ენაზე მოიხსენიებს. სწორედ ამიტომ, რეგალიების და ტიტულების გარეშე დავტოვეთ თანამედროვე, მოკლე და ადვილად დასამახსოვრებელი სახელი. „თოდუას კლინიკა“ – ეს სახელწოდება თავის თავში ყველაფერს გულისხმობს, რაც ამ 30 წლის განმავლობაში შექმნილა, ძალიან დიდი შრომის, მონდომების, ენთუზიაზმის ფასად და, რა თქმა უნდა, პროფესიონალი ექიმების ძალისხმევით.

კიდევ ერთი სიახლე ახალი ფილიალია – „თოდუას კლინიკა ვერაზე“, რა სერვისებს შესთავაზებს პაციენტებს?

აბსოლუტურად განსხვავებული ვიზუალური კონცეფცია ექნება „თოდუას კლინიკა ვერას“ – მოდერნიზებული და კიდევ უფრო დახვეწილი. სწორედ ვერის ფილიალი გახდა ერთ-ერთი მამოტივირებელი და მიზეზი ჩვენი რებრენდინგისა.

რაც შეეხება თქვენს სამომავლო გეგმებს . . . 

განსაკუთრებული რესურსი ჩავდეთ მომსახურების ხარისხის განვითარებაში, რადგან ვთვლით, რომ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, პაციენტი არამხოლოდ კვალიფიციურ მკურნალობას, არამედ საუკეთესო სერვისსაც უნდა იღებდეს, კომფორტულ გარემოში. საკუთარი სურვილების გათვალისწინებით ვიმოქმედეთ, თუ რა გვსურდა მიგვეღო სამედიცინო ცენტრისგან, რა გვაკლდა სერვისის კომპონენტში, სიღმისეულად გავაანალიზეთ თითოეული სუსტი რგოლი და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ მომსახურება კიდევ უფრო ინდივიდუალიზებული გავხადოთ, პაციენტებს ჰყავდეთ  პერსონალური მენეჯერი და თავს დაცულად გრძნობდნენ იმ სივრცეში, სადაც ვუფრთხილდებით და ვზრუნავთ მათ ჯანმრთელობაზე.

აღსანიშნავია, რომ IT სამსახურის და მარკეტინგის განყოფილების ერთობლივი ძალისხმევით, სრულიად სხვა ეტაპზე გადავა სერვის მარკეტინგი. ვქმნით აპლიკაციას, რომელიც არა მხოლოდ ჩაწერის, ანალიზების და სხვა დანიშნულებების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, არამედ, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ყოველდღიური ცხოვრების გამარტივების გზაც იქნება.

„თოდუას კლინიკა“ ოდითგანვე მიიჩნეოდა ინოვატორ, თანამედროვე, მაღალი სტანდარტების მქონე კლინიკად რეგიონში.

ჩვენი მისიაა, გავხდეთ გლობალური ბრენდი. ამისთვის, ალბათ, დიდი დრო და რესურსი დაგვჭირდება, თუმცა, ჩემს გუნდთან ერთად ყოველდღიურად მივიწევთ ამ მიზნისკენ.

აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო მარკეტინგის გუნდს, რომელმაც ფაქტობრივად შექმნა სტანდარტი, თუ როგორი უნდა იყოს სამედიცინო მარკეტინგი, როგორ მოახდინო სწორი კომუნიკაცია, მიაწვდინო ასობით ათას ადამიანს ხმა – პაციენტებს, მათ ახლობლებს, გულშემატკივრებს, ესაუბრო პრევენციის როლზე, სხვადასხვა დაავადებების შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე, აკეთო გამორჩეულად  ჰუმანური კამპანიები, რომლებმაც უამრავი ადამიანის ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესა. მადლობას ვუხდი მარკეტინგულ სააგენტო „ზიგზაგს“ (ნათია გოგიას) და კომპანია „ორს“ – სოფო გურასპაშვილს და გვანცა ჩიჯავაძეს, რომლებმაც დაინახეს, გაიაზრეს ის საჭიროება, რომელსაც რებრენდინგის დაწყებამდე ვამუშავებდით და რომელთა დახმარებითაც ჩვენი სურვილი დღეს უკვე რეალობად იქცა.

 

[R]

Facebook-ის ახალი აუდიო ფუნქცია – მარტივად აღმოაჩინეთ პოდკასტები და მუსიკა

„ლიბერთის“ ახალი HR სტრატეგია აქვს – დასაქმებისა და წინსვლის რა შესაძლებლობებია კომპანიაში?