in

თორნიკე არეშიძე (Tokareshka) – #პირველისამსახური

თორნიკე არეშიძე

2010 წელი – მთლიანობაში ოდნავ უკეთესი, ვიდრე ეს: გამოდის სკოტ პილიგრიმი, ჰაიტიში მიწისძვრაა, სამყაროს და საქართველოს ზომიერად “უჭერს”. ვარ 20 წლის, “პატარააო” აღარ მეთქმის, მეოთხე კურსელი. ტურიზმის მენჯმენტის ფაკულტეტზე სწავლისას ვხვდები, რომ ფატალური შეცდომა დავუშვი პროფესიის არჩევისას. არ ვიმჩნევ. საბოლოოდ ვაანალიზებ იმასაც, რომ ჩემგან მუსიკოსიც არ დადგება. ვუსმენ ბლექ მეტალს, ვკითხულობ კამიუს, გაბრაზებული ვარ, მივდივარ პეტერბურგში – რა? სად? როდის? – ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საპატიო ბოლო ადგილის მოსაპოვებლად. რუსული არ ვიცით, არაუშავს, ფული არ მაქვს საერთოდ, მაგას უშავს… ვიცნობ ყველაზე ლამაზ გოგოს სამყაროში, შეყვარებული ვარ, ერთად ვართ, ფული არ მაქვს საერთოდ, ვშოულობ! როგორც იქნა, ნაცნობობით, არაუშავს.

ასე და ამ დროს გავხდი კურიერი კომპანიაში – “შენი კურიერი”. ბიზნესის მუშაობის პრინციპი მარტივი იყო, ადმინისტრატორი ტელეფონით იღებდა შეკვეთას, რაიმე X პროდუქციაზე (კბილის ჯაგრისი, ორმაგი ჩიზი, “მარგანცოვკა”). შემდგომ არკვევდა ამ ყველაფრის ფასს, აანალიზებდა, სად იმყოფება ადრესატი, სად შეიძლება ვუყიდოთ ის, რაც უნდა. თან, ჩვენი ოფისი სადაცაა ეგ ამბავიც გასათვალისწინებელია. განტოლების ამოხსნის შემდგომ, ურეკავდა კლიენტს და ეუბნებოდა ფასს და მიტანის Y თანხას. ჩემი მოვალეობა იყო, ყოველ სამ დღეში ერთხელ, 24 საათიან ცვლაში მეყიდა და მიმეტანა ეს ყველაფერი, მძღოლთან ერთად, რომელსაც მანქანა გაზზე ყავდა. “ჩაი”-ს ვიყოფდით, tips – ჯერჯერობით, არ იყო ჩვენს ლექსიკონში, ზომიერად ვერთობოდი, ზომიერად საინტერესო/სასაცილო სიტუაციებში ვყოფდით თავს, ერთი სიტყვით, მომწონდა, რასაც ვაკეთებდი. 4 თვეში “შენი კურიერი” დაიხურა.

ყველაზე სიანტერესო შემდეგი 5 წელი იყო – კოდური სახელით “მწუხარე სახის რაინდის თავგადასავლები”, მაგრამ ამაზე არ მოგიყვებით, სხვა ბრიfი მაქვს. ბოლოს, საკუთარი თავის ძიებისა და საკმაოდ თავშესაქცევ პროცესში, გაგანია სამსახურეობრივი ორომტრიალისას, ავალამ დამირეკა და მითხრა “კინო რო გევასება და იცი, ვიციო, კავეა იხსნება – კინოთეატრი და ემუშავე ჩვენგან, არ გინდაო?”. “რა ვიცი-მეთქი”. მივედი გასაუბრებაზე, დამხვდა ია დარახველიძე, დამავალა რაღაც. გავუკეთე. ამიყვანა ლივინგსტონში დიზაინერ/”კონტენტშიკად”. აქედან უკვე #ჩემიპირველინამდვილისამსახურის ისტორია იწყება…

თორნიკე არეშიძე (Tokareshka) – Redberry-ის შემოქმედებითი დირექტორი

გამოწვევა 13-ებისგან: “იმიტომ, რომ გავხდით PUBG Mobile-ის პირველი გუნდი საქართველოდან, რომელმაც მოწვევა მიიღო რეგიონალურ ჩემპიონატზე”

„500 Startups ყველაზე დიდი საქმეა, რაც კი ადგილობრივი ეკოსისტემისთვის გაკეთებულა“ – ლაშა ანთაძე