in

being Tokareshka – პარადოქსული მემუარები

– როგორ ხარ? 

– კარგად!

– ნამდვილად კარგად, თუ ისე მეუბნები, სტანდარტულად?

– მგონი, კარგად – ასე უფრო სწორი იქნება!

არსებობენ ადამიანები, პირველივე საუბრის ან შეხვედრისას, ისეთ განცდას რომ გიტოვებენ, თითქოს, ოდესღაც, რომელიმე განზომილებაში, უკვე იცნობდით ერთმანეთს. იმიტომ, რომ ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, მაშინვე ნაცნობი და გასაგებია. კიდევ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ, ამბის მთხრობელებად იბადებიან და სადაც არ უნდა იარონ, ბოლოს, მაინც აქ მოდიან, ამბებთან – ჰყვებიან სიტყვით, კადრით, მუსიკით. და არსებობენ ადამიანები, ეს და კიდევ ძალიან ბევრი თვისება ერთად რომ აქვთ, ზოგჯერ, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში რომ მოდის, ისეთებიც კი. აი, ჩვენი ამბის მთავარ პერსონაჟამდეც მივედით – ის Redberry-ს კრეატიული დირექტორი თორნიკე არეშიძეა, ან როგორც მას მთელი შემოქმედებითი ინდუსტრია და ნახევარი ქალაქი იცნობს – Tokareshka. თავად რომ ჰკითხო, ცნობისმოყვარე, ცოდნისმოყვარე, მაღალი დონის ჰუმანიტარი, დიდი პასუხისმგებლობის მქონდე და ზომიერად არასერიოზული კაცია. 

„ბავშვობიდან, საშინელი ცნობის და კიდევ უფრო ცოდნისმოყვარე ვარ. თითქმის, ყველაფერი მაინტერესებს და თითქმის, ყველაფერი ვიქნებოდი, ერთი დღით მაინც . . . ფილმსაც გადავიღებდი, წიგნსაც დავწერდი, მუსიკაში კიდევ ვცდიდი ბედს, დავხატავდი. კარგი ის არის, რომ ცოტ-ცოტა ყველაფრის კეთება ჩემი მთავარი საქმეა. მაგრამ, რაღაც მომენტში, კიდევ უფრო მეტად მომინდება, მქონდეს მეტი დრო, რომ ვკონცენტრირდე ერთ რამეზე და გავახარო პერსონალური ჭიები“.

ასეთი ჭიები, ალბათ, ყველას გვყავს გულში და რატომ არ უნდა გავახაროთ-ხოლმე?! მით უმეტეს, თუ ისეთ საქმეს აკეთებ, ძალიან რომ გიყვარს?!

„ვაკეთებ საქმეს, რომელიც უზომოდ მიყვარს, წლები გადის და უფრო მიყვარდება. მგონი, გამომდის და მინდა, კიდევ უკეთ გამომივიდეს. „უკეთ“-ს მუდამ დაჰყვება „უკეთესი” ანუ, კიდევ დიდხანს მომიწევს ამ საქმის უზომო სიყვარული“.

მისი ნამუშევრები არის ყველგან და ვიცით ყველამ, აქვს ძალიან ბევრი ჯილდო, თავად კი, არსად ჩანს. მითხრა, შენმა კამპანიებმა უნდა ილაპარაკოს შენზე და არა შენ – მათზეო. ამბობს, რომ სიახლეები ძალიან მოსწონს და ნებისმიერი თავგადასავლისთვის მზადაა. ამ ამბავზეც ძალიან ადვილად წამომყვა. რამდენიმე დღე და კომუნიკაციის, მგონი, ყველა საშუალება და და გვჭირდა. და აი, გიყვებით მის გზას ბავშვობიდან – დღემდე.

ბავშვობაში . . . 

Tokareshka: ძალიან გამიმართლა, საუკეთესო ოჯახში გავიზარდე. გაღარიბებული ინტელიგენციის ოჯახში. მიუხედავად ძალიან დიდი გაჭირვებისა და 90-ანების მთელი სიმძიმისა, რაც ძალიან კარგად მახსოვს, ჩემებმა მომცეს მთავარი – უზარმაზარი სიყვარული და თავისუფლება, ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც მე მინდოდა. და არა ისეთი, როგორიც მათ უნდოდათ. ისე, შეიძლება, ეგეთიც უნდოდათ. მამაჩემი ფიზიკოსი, პროფესორი იყო, პატარა რომ ვიყავი, ძილის წინ, „ჰობიტს“ მიკითხავდა. ჯერ ინგლისურად კითხულობდა, გონებაში თარგმნიდა და მე ქართულად მიყვებოდა. თვითონ ინგლისურში მეცადინეობდა, მე ფანტაზიის უნარს მიმდიდრებდა, მერე დაძინება ძალიან მიჭირდა. კიდევ ერთი ძალიან მაგარი თვისება ჰქონდა – ყოველდღიური სიმძიმეების მიუხედავად, ყოველთვის ახერხებდა, რომ რაღაცით აღტაცებული ყოფილიყო – რაიმეს ამოიკითხავდა თავის „შოპენჰაუერში“ და არსს ჩასწვდებოდა, ან ფეხბურთში მოხდებოდა რამე გასაოცარი, ლამაზი, ან უბრალოდ რაიმე ამბავს, ახალ ფაქტს გაეცნობოდა და ის ანიჭებდა ბედნიერებას. იმ წამს, მართლა ბედნიერი იყო, მეც ძალიან მიხაროდა ეს წამი. ვცდილობდი, საქმის კურსში ვყოფილიყავი ამ აღტაცების წამოყვირებებში. სწორედ ერთ-ერთი ასეთი წამოყვირების შემდეგ შევეკითხე, ასე რამ აღაფრთოვანა. იუმორისტულ წიგნს კითხულობდა ინგლისის ისტორიაზე, მეფე ჯონზე რაღაც ხუმრობა მოეწონა. მითხრა, ინგლისელებს ძალიან მაგარი უნარი აქვთ, საკუთარი ისტორია იუმორისტულად გადაიაზრონ და საკუთარი თავს და სამყაროს მსუბუქად შეხედონო. ძალიან მომეწონა ეგ ამბავი და ჩემს გონებაშიც საფუძვლიანად დაილექა. ამის შემდეგ, თვითირონია და საკუთარი თავის თუ სამყაროს მსუბუქი აღქმა, ჩემს ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად ვაქციე. მგონია, ღირებული ღირებულებაა. უფრო მეტი თუ გაიზიარებს უფრო მსუბუქი სამყარო გვექნება. მამა ძალიან კარგი იყო, მეც მინდა, ეგეთი ვიყო.

წლები პატარაობის შემდეგ . . . 

რაც შეიძლება მძიმე მუსიკას ვუსმენდი, ჯერ კლასიკურ გიტარაზე ვუკრავდი, მერე ელექტრო გიტარა მიყიდა ჩემმა ძმამ, „გოგარეშკამ“. „როკსტარობა“ მინდოდა, სულ ეს იყო. მახსოვს, სახლში ვუკრავდი და ვმღეროდი. უცბად, ფარდას ცეცხლი წაეკიდა, წამით არ გავჩერებულვარ, პირდაპირ გადავაბი ტექსტი „ფარდას უკიდია ცეცხლი“, დედაჩემი და გოგა შემოცვივდნენ, ფარდას ეკიდა ცეცხლი, მე ვიდექი და ვმღეროდი. აი, ეგეთი ტიპი ვიყავი. ალბათ, არ ვიყავი კარგად, „როცა 16-ის ხარ და ამბობ, კარგად ვარო, მატყუარა ხარ, ან – იდიოტი”. ამ ასაკისთვის, მგონი, ზედმეტი რაოდენობის ტრანგრესიული ლიტერატურა მქონდა წაკითხული, თუ უბრალოდ, ამოკითხული და თავი ყველაზე ჭკვიანი ტაილერ დარდენი [ფილმ „მებრძოლთა კლუბის“ მთავარი პერსონაჟი] მეგონა, ყველა ჭკვიან ტაილერ დარდენს შორის.

კიდევ რას გვეტყვი საკუთარ თავზე?

კონცენტრაციის პრობლემა მაქვს. მგონია, ზოგადად, ჩემს თაობას აქვს ეს პრობლემა. თაობა, რომელიც არაფრიდან, 11-13 წლის ასაკში, უცბად, ინტერნეტში „შეაგდეს“. ენციკლოპედიური ცოდნის „მუღამების“ დაკმაყოფილებისთვის საუკეთესო ინსტრუმენტი მომცეს. ჰო და, იმის მერე „ვსქროლავ“ და დავდივარ ერთ ამბიდან, ისტორიიდან, სამყაროდან – მეორეში. ვიზუთხავ და ვისრუტავ. უცბად, ტონა ინფორმაცია დაატყდა ტვინს და ტვინმაც ყველაფერში გარკვევა მოინდომა. ეს ამბავი კარგი იყო იმ მხრივ, რომ ზოგადზე ზოგადი განათლება სწრაფად მივიღე. მაგრამ, მეორეს მხრივ, დამაბნია, ყველაფერი მომწონდა და მაინტერესებდა არ ვიცოდი, რა მინდოდა და თან, ყველაფერი მინდოდა. ახლა რომ ვაფასებ, სინამდვილეში, კარგ რამეს ვაკეთებდი „ინსაითებზე“ დევნა მქონდა გამოცხადებული – „ინსაითებს“ ვიჭერდი ფიზიკურ სივრცეში, სამყაროზე დაკვირვებით, გამოცდილებით. ასევე – ცოდნაზე, „რეფერენსებზე“ დაფუძნებულ „ინსაითებს“.

როგორ დასრულდა ეს დევნა? ან შენი დღევანდელი „ინსაითები“ როგორია? 

ბავშვობაში, იატაკზე რომ წევხარ და უყურებ, მზის სხივთან ერთად, ფანჯრიდან, როგორ შემოდის მტვრის პატარა ნაწილაკები. მგონი, ყველას გაუკეთებია, შენც ხომ გიცდია? აი, ეს არის „ინსაითი“, ის, რაც ადამიანებს აერთიანებთ, უბრალოდ, იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, რომ ყურადღებას არ აქცევ. არა და, ცოტა ჩაღრმავებაა საჭირო, ამით რომ სიამოვნების მიღება დაიწყო და სხვებთან სალაპარაკო თემად აქციო. ეს ყველაფერი, დღეს, საქმეში ითარგმნება, როგორც კონკრეტული გადაწყვეტა, კრეატიული „პატერნი“ ან უბრალოდ ლამაზი კადრი. დღესაც, იგივე „ინსაითებს“ ვიჭერ, უბრალოდ, გავიზარდე და უფრო ცივი გონებით ვაკეთებ ამას. ბავშვურობა, რა თქმა უნდა, არ დამიკარგავს და ძალიან ძალიან ვუფრთხილდები, ამაში ჩემი 11 წლის შვილი, დიდი მეგობარი და „ტიკ-ტოკ“ ინფლუენსერი ნუცაც მეხმარება. იმ დღეს, ტელეფონზე ვსაუბრობდი, რეზოსთან [რეზო შელია, ასევე Redberry-ს კრეატიული დირექტორი] რაღაც იდეას ვამუშავებდი და აღტყინებული ბოლთას ვცემდი. ნუცა-დრუნცამ შემომხედა და დაასკვნა, მგონია როცა ტელეფონზე ლაპარაკობ ან რამეზე ხმამაღლა ფიქრობ, შენი სხეული იმიტომ მოძრაობს, რომ იმ ადამიანს ეძებს, ვისთანაც აქვს საქმეო. გაოგნებული დავრჩი, რა კარგი „ინსაითია“, არა?!

ნუცა და Tokareska

პროფესიული არჩევანი

არჩევანი გამიჭირდა. სკოლაში ჰუმანიტარულ საგნებში 5-ები მყავდა ტექნიკურში – 3-ები, ფიზიკის გარდა. ლოგიკა მესმოდა, რაღაც დონემდე, „მელამაზებოდა“, მაგრამ უბრალო ჩონჩხი არ მიზიდავდა, ყველაფერში ისტორიები, ფორმა და ფანტაზიის გასაქანი მინდოდა, აღმომეჩინა. საბოლოდ, ჩავაბარე „გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში“, პრაგმატულად ბიზნესსა და მართვაზე. მარკეტინგი მომეწონა, მაგრამ მესამე კურსიდან მხოლოდ ორი არჩევანი იყო ფინანსები და ტურიზმის მენეჯმენტი (იმ დროების სტრატეგიული, ახალი პროფესია, „საერთაშორისო ურთიერთობებთან“ ერთად). ტყეში სიარული და ჩვენი ლამაზი ბუნება – ისტორიით ტკბობა ბავშვობიდან მიყვარდა და ვიფიქრე, ტურიზმის მენეჯმენტს ავირჩევ, ტყეში მექნება სამსახური-მეთქი. ფინანსებს სჯობდა. ასეც მოვიქეცი, მაგრამ მალევე, მივხდი, საერთოდ არ მსიამოვნებს სხვების ტყეში ტარება, არ გამომდის ახალ ხალხთან ურთიერთობა და საერთო ენის გამონახვა. მე-4 კურსზე დავიწყე მუშაობა კურიერად. უცბად, აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში – საერთოდ ვერ ვხვდები, ან იქ რას ვაკეთებ, ან ტურიზმის მენეჯმენტზე რატომ ვსწავლობ. მოკლედ, ამ განცდებში დავამთავრე „ალმა მატერი“. შემდეგ, ცოტა ხანს, სასტუმროში ვმუშაობდი ადმინისტრატორად, სასაცილო და საინტერესო ამბები ხდებოდა, მაგრამ მთლიანობაში, არ „ასწორებდა“. ამ დროს დავიწყე გეგმა B-ზე მუშაობა – YouTube-ზე  ინდიზაინის და ფოტოშოპის ტუტორიალების ყურება და დიზაინ პროგრამების ათვისება. ერთ დღესაც, ჩემი კარგი მეგობარი მოვიდა, სასტუმროში, რამდენიმე ფრილანს პროექტის გაკეთების საშუალება მომცა, კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით. ამის შემდეგ, ამ ჩემმა კარგმა მეგობარმა, ძალიან კარგი შემოთავაზება მიიღო და მეც იქ  წამიყვანა…

ალბათ, გახსოვს, საშუალოდ დონის ამერიკული  სამეცნიერო ფანტასტიკა Fringe. ამ სერიალში არის მომენტი, როდესაც პერსონაჟები ძენ – ბუდიზმზე საუბრობენ და ერთ-ერთი ამბობს: „თუ ცხოვრებაში ბუდა შეგხვდა, მოკალი“. ფრაზამ მომნუსხა, მოძღვრებით დავინტერესდი, ბევრი ჩინური სიბრძნე წავიკითხე, მგონი ტყუილად, ეს ფრაზაც საკმარისი იყო, აღმოვაჩინე ისეთი რამ, რაც შემდეგ, ჩემი თვითშემეცნების და ცოდნის მიღების გზაზე მნიშვნელოვანი შუქურა გახდა. გადავწყვიტე – ყველაფერი უნდა ვისწავლო საკუთარი გამოცდილებით.

გამოგივიდა? შესაძლებელია, ყველაფერი მარტომ ისწავლო?

ნაწილობრივ გამომივიდა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, დროს ზედმეტად თუ არ უფრთხილდები. ჩემი აზრით, გამოცდილება საუკეთესო მენტორია, თუმცა ნელ-ნელა ვისწავლე სხვისი გამოცდილების პატივისცემა, მიღება, გადააზრება და ამით საკუთარი გამოცდილების გამდიდრება. დღეს, გზაზე შეხვედრილ ბუდას აღარ მოვკლავ, ზრდილობიანად მოვუსმენ, თავს დავუქნევ, რაღაცებს ჩავინიშნავ და მალევე გავეცლები.

„მწუხარე სახის რაინდის“ თავგადასავლები

ამ დროს იწყება ჩემი ყველაზე ეპიკური და საგმირო პერიოდი ცხოვრებაში. მე და ეს ჩემი კარგი მეგობარი საერთაშორისო ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტზე ვმუშაობთ, საქმე საინტერესოა – რის გამოც ტურიზმზე ჩავაბარე, იმას ვაკეთებ – დავდივარ ტყეში, ვათვალიერებ, ვიკვლევ, აღვწერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და თან არავინ დამყავს, მხოლოდ საკუთარ თავზე ვარ პასუხისმგებელი და იმ საქმეზე, რომელსაც ვაკეთებ.

უცნაური და გამორჩეულ ეს პროექტი იმით იყო, რომ ჩვენი უფროსები ჯვაროსნები იყვნენ, ქართველი ტამპლიერები, მხარს უჭერდნენ კონსტიტუციური მონარქიის იდეას. ძალიან საინტერესო და კარგი ადამიანები, რომლებთანაც გულწრფელად დავმეგობრდით და მათი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან და ურთიერთობებიდან მართლა ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ.

აი, ზუსტად, აქ გავხდი რაინდი. ნამდვილი რაინდი, რაინდად კურთხევის ნამდვილი ცერემონიით. 

ჩემს აღქმაში, „ფაზლი“ შეიკრა – მწუხარე სახეს რაინდობაც დაემატა და ლეგიტიმურად გავხდი „მწუხარე სახის რაინდი“ ჩემი საყვარელი ნაწარმოების [მიგელ დე სერვანტესის „დონ კიხოტი“] მთავარი პერსონაჟი.

ორი წლის შემდეგ, პროექტი დასრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ძალიან საინტერესო ცხოვრება გვქონდა, გავიგე უამრავი ამბავი, ცოდნის და ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილე, გავედი ჩემი „ბაბლიდან“, ვისწავლე ახალი იდეების თუ მსოფლმხედველობის მიღება და პატივისცემა. ერთი სიტყვით, მრავალფეროვანი გამოცდილება დავაგროვე. ვიყიდე ახალი კომპიუტერი და assassin creed ორჯერ დავხურე.

ამ პერიოდში, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სამყარო არ არის თეთრი და შავი. არ არის მხოლოდ რადიკალური ფორმები და პირობითი რეალობა, სადღაც, შუაშია, ნაცრისფერია. ის უკვე შენზეა დამოკიდებული, ამ ნაცრისფერს საით წაიყვან, „როგორ შეფუთავ”. ერთი სიტყვით, რადიკალი „შუაშისტი“ ვარ.

მგონი, უფრო პარადოქსული ადამიანი ხარ. ამბობ, რომ კომუნიკაცია რთულია შენთვის და დღეს, იმ სფეროში საქმიანობ, სადაც ყველაფერი კომუნიკაციაზე დგას. ამბობ, ადამიანებთან ურთიერთობა არ შემიძლია, ტურიზმიც მაგიტომ დავტოვეო და ყოველ დღე, მხოლოდ იმას აკეთებ, რომ სხვებს ამბებს უყვები.

კი, ასეა – პარადოქსების კაცი  ვარ, პარადოქსების ინდუსტრიაში. მარტო პარადოქსებისაც არა, უბრალოდ ეს „ქოფი“ მომეწონა.

შემდეგი გაჩერება – Leavingstone 

მერე „ლივინგსტონში“ მოხვდი. აქ „ლომიდან“ – „ლომამდე“ პერიოდში [„კანის ფესტივალზე“ Leavingstone-მ ორჯერ აიღო ბრინჯაო] მომიწია მუშაობა, მართლა საოცარი, განსაკუთრებული გარემო და ფილოსოფია იყო, რომელიც, რეალურად, მუშაობდა. ძლივს მოვხვდი ადგილზე, რომელსაც 25 წელი ვეძებდი – კრეატიულ ინდუსტრია შემიყვარდა, ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ ჩემი თავი მრავალმხრივ გამომეცადა. სააგენტოში „კავეას“ დიზაიენერ/კონტენტქრიეითორად“ დავიწყე მუშაობა, ლეგენდარული „ფეიჯი“ გავაკეთეთ. მიხარია, Cavea-სადმინი“ რომ ვიყავი. მალევე, პირველი კამპანია მოვიფიქრე და „ლივინგსტონის“ კრეატიულ გუნდში მომეცა საშუალება მეკეთებინა ის, რაც გამიხარდებოდა – ვფიქრობდი, ვამონტაჟებდი, ვდიზაინერობდი, ვქოფირაითერობდი, ვპროდუსერობდი, ვფიჩავდი, ვასრულებდი. ჩემს „მულტითასქინგ“ სურვილებს ნდობა გამოუცხადეს. ალბათ, იმიტომ, რომ მართლა ძალიან მინდოდა, შემქმნა და დიდი საქმეები მეკეთებინა. მეორე „ლომიც“ მოვიგეთ, ამჯერად, ჩემი მონაწილეობით. „ლივინგსტონში“ გატარებული წელიწად-ნახევარი ყველაზე გრძელ დროდ მეჩვენება. ყველაზე მეტი რამ ვისწავლე, დროის ამ მონაკვეთში.

ბოლო გაჩერება Redberry – „ორი კაცის ბატალიონი“

შემდეგ მე და რეზო [რეზო შელია] „რედბერიში“ წამოვედით. ჩემი [არ ვიცი, რა დავარქვა] „მრავალწახნაგურობა“(?) კარგად მოერგო კრეატიული დირექტორის საქმეს. ბოლოს და ბოლოს, ვიპოვე მოწოდება, უნდა მეკეთებინა ერთი საქმე, რომელიც ბევრი საქმის ელემენტს და ამ ელემენტების შეკვრას ისახავდა მიზნად. თურმე, ეს ყოფილა, რაც აქამდე მინდოდა. ამას რეზოს გახსნილი გონება, ნიჭი და ასმაგი მოტივაცია დაემატა და კარგი გუნდი გადმოვედით, „რედბერიში“ – ორი კაცის ბატალიონი.

Ad Black Sea-ს მეორე წელი იყო (სარეკლამო ფესტივალი, ბათუმში, 2015 წლიდან იმართება), დარბაზში ვისხედით, „ლივინგსტონმა“ ყველაფერი მოიგო და მთელი სააგენტო სცენაზე „ავარდა“. გვიხაროდა, ჩვენც ვიყავით ამ წარმატების ნაწილი, მაგრამ უკვე სხვა ბანაკში ვისხედით, მოწინააღმდეგე ბანაკში. დაჯილდოების შემდეგ, მე, რეზო და გაგა [გაგა დარსალია – „რედბერის“ დამფუძნებელი] ბათუმის რომელიღაც პატარა, უსახურ სკვერში ვისხედით. ბევრი ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, „რედბერიც“ უნდა ასულიყო იმ სცენაზე და ჩვენც უნდა შეგვექმნა ჩვენი განსხვავებული, მაგრამ აგრეთვე ჯადოსნური ისტორია. ორ წელიწადში მიზანს მივაღწიეთ.

Redberry „წლის კრეატიული სააგენტო“ გახდა – 2019 წელი

მთელი ამ წლების განმავლობაში, რომელ პროექტს გამოარჩევდი?

მე და რეზო 12-10კაციან  „რედბერიში“ ახალი მოსულები ვიყავით. ჩვენს პირველ ბრიფებზე „ვნადირობდით“. ნახევარ-წლიანი „ომის“ შემდგომ, ერთდროულად, ორი კამპანია გავყიდეთ. ერთ იყო  „პეჟო“-ს „სთანთ“ ვიდეო, ამ ეპოქის ბოლო ჰიტი. შემდეგ, „სთანთი“ აღარასოდეს გაგვიკეთებია. მეორე ბრიფი უფრო საინტერესო ჩანდა, დამკვეთი Atipfund Georgia და USAID იყო. დავალება – ოჯახურ ძალადობაზე პრევენციის მიზნით, დამკვეთის ცხელი ხაზის დატვირთვა. კამპანია  – პრობლემის მიმართ გულგრილობის გამომხატველ ყველაზე გავრცელებულ სიმბოლოზე „თვალების დახუჭვაზე“ „ავაწყეთ“. ავაწყეთ ინტერაქტიული ვებგვერდი, რომელიც თვალების დახუჭვაზე რეაგირებდა. თვალებს რომ ხუჭავდი, ძალადობა გრძელდებოდა, გესმოდა Postred მიერ, ბინაურალური ტექნოლოგიით დამზადებული, შემზარავი ხმები. გახელისას ძალადობა ჩერდებოდა და გამოდიოდა მესიჯი – „აიხილე თვალები, შეაჩერე ძალადობა“, ცხელი ხაზის „ქოლ“ თუ „ექშენთან“ ერთად. კამპანიაში, ასევე, იყო სატელევიზიო რგოლების სერია, რომელიც ვებგვერდის „ექსფერიენსს“, მესამე პირის საშუალებით გაჩვენებდა და პრინტი, რომელიც რეგიონებში ბილბორდებზე გამოვფინეთ. ამ „ქეისზე“ დიდ იმედებს ვამყარებდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე, მანამდე, ამერიკელ მომღერალ Usher-ს კლიპი გადაუღია იგივე ტექნოლოგიით. ამ ფაქტმა, საფესტივალო ცხოვრება ოდნავ შეუსუსტა „ქეისს“, მაგრამ, ამის მიუხედავად, არც თუ ისე ცოტა ჯილდო მოგვიტანა. თუმცა, ეს ჯილდოები მეასე ხარისხოვნად მეჩვენება, რადგან კამპანია იყო წარმატებული – ცხელ ხაზზე დატვირთვა 500%-ით გაიზარდა. დავინახეთ, ჩვენმა შრომამ რა შედეგი გამოიღო. ფიქრი იმაზე, რომ მე, რეალურად, დავეხმარე ძალადობის, თუნდაც, რამდენიმე მსხვერპლს და შესაძლოა, მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა, ყველაზე დიდი ჯილდოა, რაც აქამდე მომიპოვებია.

გამორჩეულად საყვარელ კამპანიებზე ერთიც უნდა ვახსენო, რადგან… მინისო!!! და არა შმინისო, თბილისო, თრთვილისო, ქრცვილისო, ივნისო, ივლისო ან შაქარი შენს პირსო!!!

 

კიდევ, იმიტომ მიყვარს, რომ მარო [მარი გვახარია] იყო ახალი გადმოსული არტ-დირექტორად „რედბერიში“ და პირველი კამპანიაა, რომელიც ერთად გავაკეთეთ.

მარი & Tokareshka

ამპანია, რომელზეც თვლი, რომ არ შედგა და თუ არის ასეთი, რატომ ფიქრობ?

უფრო კამპანია, რომელიც არ „გავუშვით“. იმიტომ რომ, ზუსტად იმ დროს, გლობალური პანდემია დაგვეწია და ზომბებზე ლაზღანდარობა, ცოტა, უადგილოდ ჩავთვალეთ. დავალება – The Walking Dead-ის ბოლო სეზონის პრემიერისადმი ინტერესის აღძვრა, იდეა – „შილა“ – კულინარიული გადაცემა, „სეტაპი“ – პოსტ აპოკალიფსური TV შოუს ჟიურის წევრები – ჯაჭვებით დაკავებული ზომბები, მონაწილეები – გამაღიზიანებელი ბიჭი, ნიჰილისტურად  განწყობილი გოგონა და ზურა ყიფშიძე. კი ზურა ყიფშიძე, საუკეთესო ციტატა – „მკვდარია, ქართული კინოსავით“. სპოილერი – რაღაც მომენტში, ზურა ყიფშიძე სალათის ფურცლებში დამალულ  ვინჩესტერს იღებს….სამწუხაროდ, „ჰორორი“ რეალურ ცხოვრებაში გადმოვიდა და ამ ვიდეომ დღის სინათლე ვერ იხილა, The Walking Dead დასრულდა. ვიდეო გვაქვს, ოდნავ „გადასამონტაჟებელია“. მაინც ვფიქრობდით დადებას. თუმცა, ჩვენ რომ ვიცით და „შილას“ მაისური რომ დამრჩა, მაგითიც ბედნიერი ვარ. ახლა კი, უკვე თქვენც იცით.

მოდი, „კაიაკი“-ზეც ვისაუბროთ. ვიდეორგოლი უკვე ნახა ჩვენმა მკითხველმა, თუმცა, დეტალურად არ მოგვიყოლია, თავად კამპანიაზე . . .

კაიაკი“ არის უნიკალური პლატფორმის ბრენდი, რომლის საკომუნიკაციო ტერიტორია პირდაპირ მიბმულია სამიზნე სეგმენტის – მილენიალების და Gen Z-ის გემოვნებასა და იუმორზე. ამ ხალხზე არ მუშაობს FMCG ბრენდების აბსტრაქტული დაპირებები და ღირებულებები. Self awareness – გათვითცნობიერებულობა არის მთავარი ტონი და პირობა, რითაც მართლა შეგიძლია, მისწვდე ამ ადამიანებს. ჩვენდა სასიკეთოდ, თავად ვართ ამ სეგმენტის წარმომადგენლები. შესაბამისად, ბრიფის ამოხსნა საკმაოდ გაგვიადვილდა. ჩვენ რაც მოგვწონს და ჩვენ რაზეც გვეცინება, ის უნდა ყოფილიყო ამ რეკლამაში. ჰო და, ვიხუმრეთ ყველაფერზე – საკომუნიკაციო ტერიტორიებზე, ბრენდების ბუნდოვან ღირებულებებზე, ბაზარზე გამეფებულ სტერეოტიპებზე, საკუთარ თავზე და რაც მთავარია, ზოგადად, რეკლამაზე. სამიზნე სეგმენტმა გაგვიგო და გაერთო ჩვენთან ერთად. იმედი მაქვს, დალიეს, სანამ გავაფუჭებდით 🙂 და ახლაც, ამ ტექსტის კითხვისას, სვამენ კარგად „ჩაციებულ“ „კაიაკის“, სამას სამოცდახუთივე შვრიის გემოს გრძნობენ და გერმანული ტრადიციებისადმი, რაღაცნაირი, პატივისცემაც აქვთ.

არავითარი „ბულშითი“! – რეკლამა ლუდი „კაიაკისთვის“

 შემოქმედებით ინდუსტრიაში რომ შემოვედი, ბევრი არაფერი ვიცოდიო,  მაგრამ ახლა ძალიან გამოცდილი ხარ. როგორ ფიქრობ, ამ სფეროში წარმატებისთვის რა არის საჭირო?

ძირითადად, მარკეტინგული მიზნების მიღწევის ინსტრუმენტი – შემოქმედებითი  ინდუსტრიის ეს ყველაზე ყოფითი, რეალური და მიწაზე დანარცხებული ახსნა მომწონს და მელამაზება. მიზნის მიღწევა მთავარი სიტყვები და ამოცანაა, საშუალება კი მილიარდნაირი შეიძლება იყოს. ერთ-ერთი საშუალება – მედიუმი, მიზნის მისაღწევად  შესაძლებელია, ხელოვნების რომელიმე დარგი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შემოქმედებითი ინდუსტრია თავადაა ხელოვნების რომელიმე დარგი. ერთი სიტყვით, არ მიყვარს ამ სფეროს  ზედმეტი აბსტრაქცია და რომანტიზაცია, მგონია, რომ ისედაც არ აკლია ეგ სიკეთე.

მჯერა, ნებისმიერ საქმეში წარმატების მთავარი გასაღები საქმის სიყვარულია, თუმცა, ჩვენთან, კონკრეტულად, ერთი საქმის სიყვარული არ კმარა. მგონია, რომ მთლიანობაში უნდა აღიქვამდე, გაინტერესებდეს და გიყვარდეს რეკლამა,  მთელი თავისი მექანიკებით, ფორმით და შინაარსით, „ხვდებოდე, რა არის კარგი და სწორი“ მარტივად ჟღერს. სინამდვილეში, მნიშვნელოვანი „სქილია“, რომლის დახვეწასაც  ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება. კიდევ, კარგი გუნდია საჭირო  – ერთი გახსნილი ტვინი კარგია, ორი – უკეთესი.  საკმარისია, იპოვო თანამოაზრეები, იფიქრო შინაარსზე, შემდგომ შესძინო ფორმა და შეეცადო, იდეალურად შეასრულო დასახული მიზანი.

დღეს, ხვალ, მერე . . .

ყოველთვის ვცდილობ, დღეს დღეს ვიყო. წარსულის ვარამმა და მომავალზე შფოთვამ  ხელი არ შემიშალოს, მივიღო სიამოვნება დღევანდელი დღიდან. შესაბამისად, როგორც წესი საკუთარ თავს მესამე პირში არ აღვიქვამ ხოლმე. ვიყო პროცესში, ვქმნიდე რაიმე ღირებულებას  და ვიკმაყოფილებდე ცოდნისმოყვარეობას – ეს არის ის, რაც მაბედნიერებს და მიქმნის კარგ დღეებს.

დღეს კარგი დღე იყო: მე და რეზომ, მგონი, რაღაც კარგი მოვიფიქრეთ კამპანიისთვის, შევკარით, ახალ კლიენტსაც გავესაუბრეთ, „დავიბრიფეთ“, მერე გამოვედი, მეორედ ავიცერი და ამდენი ხნის განმავლობაში, პირველად მაქვს განცდა, რომ  კარგად ვარ, კარგად, „მგონის“ გარეშე.

ხვალ, სხვა ექსპერიმენტს, განსხვავებული არქიტექტურით აგებულ „სთორის“ თუ „სთორითელინგს“ დავუთმობ დროს. მიუხედავად იმისა, რომ ამ უგრძელეს სტატიაში, ძირითადად, ჩემს თავზე და საქმეზე ვსაუბრობ, მაინც ყოველთვის მიმაჩნდა, რომ პირველ რიგში, შენი საქმე უნდა საუბრობდეს შენზე და არა შენ – შენ საქმეზე. თუმცა, ორივე შემთხვევაში, ჩემი თავია საქმე, რომლის კეთება მინდა და მიყვარს. ასე რომ, შემიძლია, შეგპირდეთ აუარება მომხიბვლელ ამბავს, რომელთაც მივცემ დასაბამს.

მერე – ვარ ბებერი მეტალისტი, გაბრწყინებულ საქართველოში, იმხელა პენსია მაქვს, რომ შემიძლია უცხოეთში ვიარო კონცერტებზე, ყოველ თვეში (მეტალ ბენდები ამ რეალობაშიც არ ჩამოდიან საქართველოში). და კიდევ, იმდენი კარგი პროფესიული, თუ პირადი „ქეისი“ მაქვს დაგროვილი, რომ შემიძლია, ყოველ დღე ახალი გავიხსენო და სიამოვნებით გავიბღინძო. რა თქმა უნდა, მაშინაც ვქმნი, კოლექციას ვამდიდრებ.

კიდევ, ერთი ასეთი თვისება მაქვს – რაღაც ახალი სფერო, ამბავი რომ მაინტერესებს, ტვინი მეკეტება, მივდივარ სახლში, ღამეს ვათენებ, ვკითხულობ სტატიებს, ლიტერატურას. მეორე დღეს, ამ ამბის false ექსპერტი გეცხადები და ჭკვიანური სახით, აქეთ გიხსნი რაღაცებს. ეს ახალი ინტერესები, ძირითადად, მალევე მინელდება ხოლმე. მაგრამ გამონაკლისებიც ხდება – ბოლო ასეთი სოკოა, ახალი ჯადოსნური სამყარო, რომელიც შარშან აღმოვაჩინე და სერიოზულად „მოვიწამლე“. მოყვარული „მესოკოვის“ დონეს მივაღწიე, შაბათ-კვირას ავდივარ ტყეში და ვაგროვებ, ვსწავლობ, ვიკვლევ, ვსეირნობ. ტყესთან და ბუნებასთან სიახლოვის სურვილს ამ ახალი სპორტული ინტერესით – „ჩუმი ნადირობით“ ვივსებ. ეს პირველი სოკოა, რომელიც ვიცანი და სახლში წამოვიყვანე.

კი ეგაა, წერეწოა!

 

p.s. თუ ამ ამბის კითხვისას, სადღაც, შუაში აზრი გაგიწყდათ, სიტყვას მოყოლილ შეკითხვებამდე უკან „ასქროლეთ“ და მერე ისევ შეწყვეტილი ადგილიდან განაგრძეთ კითხვა, ე.ი. მთავარი გამომივიდა – თქვენ ნამდვილი თორნიკე არეშიძე გაიცანით. იმიტომ, რომ ასეთია Tokareshka – საინტერესო ამბებით, პერსონაჟებით, თავგადასავლებით, მსუბუქი თხრობით, ამბიდან ამბავზე გადახტომით, ცოტა არეული საუბრით და გადამდები ემოციებით. ძალიან მინდოდა, ასეთივე ყოფილიყო სტატიაც. დანარჩენი თქვენ მითხარით!

 

ავტორი: ლილე ხმალაძე

გმირი მღრღნელი, რომელიც ნაღმებს ყნოსვით პოულობდა, პენსიაზე გადის

პატარა ნაბიჯი, რომელიც დიდ მოძრაობას იწვევს – Hennesy-ის კამპანია