Tokina – ამ სახელს ფოტოგრაფები და ვიდეოგრაფები კარგად იცნობენ. ბრენდი განთქმულია ხარისხიანი ფოტო და კინოლინზების შექმნით. რა გასაკვირია, რომ ფოტო-ვიდეო ტექნიკის არაერთი ბრენდის მსგავსად, მისი სამშობლოც იაპონიაა. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ, ჩვენ კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით.
Tokina-ს შექმნის ისტორია 1950 წლიდან იწყება, როდესაც ტოკიოს ერთ-ერთ უბან შინჯუკუში Tokyo Optical Equipment Manufacturing გაიხსნა. მისი ჩამოყალიბება კავაგუჩი დენკიჩის სახელს უკავშირდება. თავდაპირველად, კომპანია ისეთ დეტალებზე მუშაობდა, როგორიცაა ბრტყელი სარკეების წარმოება, ლინზები ბინოკლებისთვის, სლაიდ-პროექტორებისთვის და სხვა ბიზნესებს აწვდიდა მათ.
ძალიან რთული პერიოდი იყო. მეორე მსოფლიო ომიდან, სულ რამდენიმე წელი იყო გასული და ეკონომიკურ სიდუხჭირეში კომპანიას შეკვეთები საკმაოდ არასტაბილურად შემოსდიოდა. 1959 წელს, გარკვეული რესტრუქტურიზაციის შემდეგ, კომპანიამ სახელდება შეიცვალა და Tokyo Optical Equipment (Tokyo Koki) დაირქვა. იმავე პერიოდში, Nikon და სხვა იაპონური კამერების მწარმოებლების გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა, შესაბამისად კომპანიამ ლინზების შემუშავება დაიწყო, SLR კამერებისთვის.
მაინც, როგორ აღმოჩნდა ფოტო/ვიდეო ტექნიკის მიმართულებით? Tokyo Koki-მ დაიწყო ლინზების წარმოება უცხოური OEM დამკვეთებისთვის. კომპანიის დამფუძნებლები საკუთარი ლინზების წარმოებაზე ოცნებობდნენ. პირველი ლინზები, რომლებიც Tokyo Optical Equipment-ის მიერ შეიქმნა იყო 135 მმ f/3.5 და 100 მმ f/4 პრაიმ ტელეფოტო ლინზები HANIMEX ბრენდისთვის. ეს ის იყო დრო, როდესაც იაპონიის ფარგლებს გარეთ ოპტიკური პროდუქტების ექსპორტისთვის კომპანიებს JCII (იაპონური კამერების და ოპტიკური ინსტრუმენტების ინსპექტირებისა და ტესტირების ინსტიტუტი) ავალდებულებდა, რეგისტრირებული ბრენდით ემუშავათ.
საკუთარი ბრენდი Tokyo Optical Equipment-მა 1960 წელს დაარეგისტრირა და ლინზების წარმოების ბიზნესპროცესიც გამართა. კომპანიის პრეზიდენტი, კავაგუჩი დენკიჩი და მისი გუნდი ოცნებობდნენ, ჰქონოდათ შესაძლებლობა გამოეფინათ საკუთარი ლინზები ცნობილ გერმანულ გამოფენა Photokina-ზე. გადაწყვიტეს ოცნება აეხდინათ, სახელწოდება Photokina-დან “Tokina” აიღეს და ის ურთიერთშემცვლელი ლინზების ბრენდად დაარეგისტრირეს. მოგვიანებით, 1974 წელს, კომპანიამ საკუთარი პროდუქტი წარადგინა Photokina-ზე. ეტაპობრივად იზრდებოდა მოთხოვნა SLR ცვლად ლინზებზე, რამაც კომპანიას უბიძგა ახალი სიმაღლეებისკენ და ტექნოლოგიებში ინვესტიცია Tokina Optics Co., Ltd.-ში ჩადეს.
1985 წელს, როდესაც Minolta-მ კამერების ბაზარზე დიდი გავლენა იქონია ახალი თაობის AF სისტემით. AF ბევრად ეფექტური, ზუსტი და სწრაფი იყო, წინამორბედებთან შედარებით. ლინზების სხვა ბრენდების მსგავსად, Tokina-ც გამოწვევის წინაშე დადგა, თუმცა ამ გამოწვევას გაუმკლავდა და AF-ით მხარდაჭერილი პირველი ობიექტივი გამოუშვა 1988 წელს.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.