ბევრი ადამიანისთვის საკუთარი საქმიანობა იდენტობის განუყოფელი ნაწილია — ამის მიხედვით განსაზღვრავენ ვინ არიან, რას წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რამდენად ხართ ცხოვრების ან ნაწილზე დამოკიდებული, ამოცანები და პასუხისმგებლობები სამსახურის მხოლოდ ერთი მხარეა. რეალურად, ამ ყველაფრის მიღმა პროფესიული კულტურა დგას — კონკრეტულად უფროსთან და კოლეგებთან. ამიტომაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როცა ადამიანის უმეტესობა ტოქსიკურ სამუშაო გარემოს აწყდება…
ტოქსიკური ავტორიტეტები
თუ თქვენ ოდესმე გიმუშავიათ ტოქსიკურ უფროსთან, თქვენ იცით, რა ქცევები ახასიათებთ მათ. რა თქმა უნდა, მხოლოდ ხელმძღვანელები არ არიან სამუშაო ადგილის კულტურის შექმნაზე პასუხისმგებელნი, მაგრამ სწორედ ისინი ადგენენ ზოგად ტონს. სტატიაში ასეთი ლიდერების რამდენიმე ქცევას განვიხილავთ:
1. წარმატების საკუთარ თავზე მიწერა, დანაშაულის კი სხვებისთვის გადაბრალება. ლიდერის წარმატება იმ ადამიანებით განისაზღვრება, რომლებსაც მართავენ. შესაბამისად, როდესაც პროექტი წარმატებულია, გუნდის წევრებს აუცილებლად უნდა გადაუხადოს მადლობა. მეორე მხრივ, როცა რაღაც ცუდად მიდის, საკუთარი თავის „ბრალეულობაც“ უნდა აღიაროს.
2. ყვირილი, კრიტიკა და დასჯა. თუ ოდესმე უყვირია ხელმძღვანელს, დიდი შანსია, რომ გონებაში ღრმა კვალად დაგრჩათ. ეს იმიტომ ხდება, რომ ნეგატიური ურთიერთქმედება უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ტოქსიკური ავტორიტეტები კი საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, ემოციები მაქსიმალურად გამოავლინონ, გამოიყენონ დასჯის შიში, რათა თანამშრომლებმა თავდაუზოგავად იშრომონ.
3. ტოქსიკური პროდუქტიულობა. იფიქრეთ „ქაოსურ კულტურაზე“, რომელიც განადიდებს ისეთ რამეებს, როგორიცაა ძილის ნაკლებობა, გვიანობამდე მუშაობა და ყოველთვის „დაკავებულის“ პოზიცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის კულტურა, რომელიც ერთმანეთისგან ვერ არჩევს მუდმივ მუშაობას და ღირებულ შედეგებს. თავის მხრივ, ამგვარი დამოკიდებულება იწვევს სტრესს, შფოთვასა და გადაწვას.
4. ტოქსიკური ლოიალობა. ალბათ, ყველა ლიდერს იმის იმედი აქვს, რომ თანამშრომლები ლოიალურები იქნებიან კომპანიის მიმართ. უბრალოდ, ზოგჯერ ეს აღქმა ძალიან ბევრს მოითხოვს ადამიანებისგან — თითქოს, ვალდებულნი არიან, საკუთარი კეთილდღეობა კომპანიას შესწირონ. ტოქსიკური ლიდერები ყველაზე ხშირად ამ სახის ვალდებულებას ითხოვენ, მაგრამ საბოლოოდ საპირისპირო შედეგს იღებენ.
5. ტოქსიკური პოზიტიურობა. შესაძლოა, ეს უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე საგანგაშო ნიშანს წარმოადგენს… მაგალითად, წარმოიდგინეთ თანამშრომლები, რომლებიც სტრესულ სიტუაციაში იმყოფებიან და უცბად მოუწოდებენ, ნათელ მხარეს შეხედონ. ასე მათ აკისრებენ პასუხისმგებლობას, გაუძლონ რაღაცას, რაც არანორმალურია. ჯანსაღ სამუშაო გარემოში ლიდერები თანაგრძნობით გამოირჩევიან, დასაქმებულებს კი უფლება აქვთ, ღიად გამოხატონ სატკივარი.