19
მაი
2017

ტოკიოში ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

19 მაი 2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 19-დან 24 მაისის ჩათვლით, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში  ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება, სახელწოდებით: „What’s New, Georgia?”. ღონისძიების ფარგლებში, ქართველ დიზაინერებს საშუალება ექნებათ საკუთარი ნამუშევრები გააცნონ უცხოელ აუდიტორიას, დაამყარონ ბიზნესკონტაქტები და სახელი გაითქვან საერთაშორისო ბაზარზე.

mBank

აღსანიშნავია, რომ გამოფენის კვირეულში საკუთარ კოლექციებს წარადგენენ ისეთი ქართული ბრენდები, როგორებიცაა: ლაკო ბუკია, ლალო კარდიგანსი, ჩუბიკა, ლაშა დევდარიანი და რია ქებურია, ხოლო ორგანიზაცია „Project ArtBeat“, რომელიც 2014 წელს  დაარსდა და ქართული ხელოვნების სფეროში ინოვაციურ წამოწყებას წარმოადგენს, აღნიშნული კვირეულის ფარგლებში გამართავს ფოტოგამოფენას სახელწოდებით “Mother Georgia”, by Brian Griffin, რომელზე გამოსაფენი ფოტოებიც ბრიტანელმა ფოტოგრაფმა 1989 წელს საქართველოში იაპონური ცნობილი ბრენდის დაკვეთით  „Comme des Garçons“ გადაიღო.

გამოფენის პარალელურად, გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, სადაც იაპონელ აუდიტორიას საშუალება ექნება გაეცნოს ქართულ კულტურასა და შემოქმედებას. ამასთანავე, მოეწყობა ქართული ღვინის დეგუსტაციის საღამო, ხოლო უქმე დღეებში ერთ-ერთი იაპონური რესტორანი ქართული სამზარეულოს კერძების პრეზენტაციას გამართავს.

მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ საქართველო  და ზოგადად, ქართველი დიზაინერები დიდი პოპულარობით სარგებლობენ მოდის საერთაშორისო ბაზარზე, რაშიც დიდი წვლილი უცხოეთში მოღვაწე, წარმატებულ ქართველ დიზაინერებს მიუძღვით. თუმცა, ამჟამად აღნიშნული ღონისძიებების მთავარი ორგანიზატორი ახალგაზრდა იაპონელი ხელოვანი Yoshie Itasaka-ა, რომელმაც, ბოლო 6 წლის მანძილზე, მოგზაურობის პერიოდში, საქართველოში 3 თვე გაატარა. სწორედ საქართველოში ყოფნის პერიოდში, Yoshie Itasaka-მ სხვადასხვა ფოტო გადაიღო, რომლებზეც აღბეჭდილია საქართველოს კულტურული სიმდიდრეები, გამორჩეული არქიტექტურა, ტრადიციული სამზარეულო,  ბუნება და ქართველი ხალხის ცხოვრების სტილი.

განხილვა