15
Oct
2018

ქართული ფილმის ფესტივალი იაპონიაში!

15 Oct 2018

ტაკეჰიდე ჰარადა

ტოკიოში ქართული ფილმის ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალი, 13 ოქტომბერს, კინოთეატრ ივანამი-ჰოლში გაიხსნა და 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში, ივანამი-ჰოლში, 17 ქართული ფილმის ჩვენება არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების იდეა კინოთეატრის თანამშრომელს, მწერალსა და პროდიუსერ ტაკეჰიდე ჰარადას ეკუთვნის. მის აღიარებულ ნაშრომებს შორის არის 2007 წელს გამოცემული წიგნი “დიდი ხის სახლი: ჩემი ნიკო ფიროსმანი”. 2018 წელს, ტაკეჰიდე ჰარადამ ქართული კინოსა და თეატრის შესახებ წიგნი გამოსცა, რამდენიმე თვის წინ კი, ჰარადას ილუსტრაციებითა და იასუჰირო კოჯიმას თარგმანით, ვაჟა-ფშაველას პოემებისა და მოთხრობების კრებულიც გამოიცა იაპონურ ენაზე. ტაკეჰიდე ივანამი-ჰოლის დატოვებას აპირებს, შესაბამისად, ეს მისი ბოლო პროექტი იქნება კინოთეატრის ფარგლებში. დეტალებზე ფესტივალის თანაორგანიზატორ იასუჰირო კოჯიმასა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, დავით ვაშაძეს, ვესაუბრეთ.

იასუჰირო კოჯიმა: “ბატონი ტაკეჰიდე ჰარადა ქართული კინემატოგრაფით, ჯერ კიდევ, 40 წლის წინ, შენგელაიას “ფიროსმანის” ნახვის შემდეგ აღფრთოვანდა. 2018 წლის მაისში, მან წიგნიც გამოსცა იაპონიაში, ქართული კინემატოგრაფიის შესახებ. შემდეგ წელს, ბატონი ტაკეჰიდე კინოთეატრის დატოვებას აპირებს. სურდა, მანამდე დიდი ხნის ოცნება აეხდინა და ქართული კინო იაპონელი მაყურებლისთვის გაეცნო. ქართული კინოს ფესტივალის ტოკიოში, ივანამი-ჰოლში, ჩატარების იდეაც მას ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ კინოს იაპონიაში კარგად არ იცნობენ, ფესტივალის დაწყებამდე, ინფორმაცია მედიის საშუალებით აქტიურად გაშუქდა და როგორც ბატონი ჰარადა აღნიშნავს, თეატრს, ღონისძიების ფარგლებში, მოსალოდნელზე მეტი ადამიანი სტუმრობს.”

დავით ვაშაძე: “კინოთეატრიდან წასვლამდე, ბატონ ტაკეჰიდე ჰარადას სურვილია, გააცნოს ქართული კინო იაპონელ მაყურებელს. ქართულ კინოს 40 წელია, რაც იცნობს და თვლის, რომ ერთ-ერთი ძლიერია მთელ მსოფლიოში. განსაკუთრებით, “ფიროსმანმა” მოახდინა მასზე დიდი შთაბეჭდილება. ფესტივალისთვის ფილმებიც თავად აარჩია და ფესტივალის პროგრამაც ბატონმა ტაკეჰიდემ შეადგინა. ფილმების სუბტიტრები იასუჰირო კოჯიმამ თარგმნა.

M: რამდენად ახლოა იაპონელი მაყურებელი ქართულ კინემატოგრაფიასთან?

დიდი კულტურის ქვეყნისთვის კინო ღრმა კულტურის ქვეყნიდან, ძალიან საინტერესოა. ტოკიოში იყო “ნამეს” პრემიერა და ეს ფილმი ბევრად უფრო ახლოს მივიდა იაპონელებთან, ვიდრე სხვა ქვეყნის მაყურებელთან. ამიტომ, ჩემი აზრით, ყველა ფილმი, რომელიც ამ პროგრამაშია მოცემული, ძალიან საინტერესო იქნება იაპონლებისთვის. როგორც იცით, ჰარადამ წიგნიც გამოუშვა ქართული წიგნის შესახებ, სადაც ამბობს, რომ ქართული კინო ყველაზე ჰუმანური კინო, რადგან აქ ყველაფერი პოეტურად არის გადმოცემული. ძალადობაც კი ქართულ კინოში მძაფრად არ არის ასახული და დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტრადიციებს.”

აღსანიშნავია, რომ ივანამი-ჰოლში გამართულ ფესტივალზე მაყურებელს 17 ქართული ფილმის ნახვის საშუალება ექნება: “ჩემი ბებია”, “ჯიმ შვანთე”, “ქეთო და კოტე”, “ფიროსმანი”, “დიდი მწვანე ველი”, “დედუნა”, “სუსა”, “გაიღიმეთ”, “შემთხვევითი პაემნები”, “სხვისი სახლი”, “დედე”, “ხიბულა”, “აღსარება”, “მზის ქალაქი”, “საშიში დედა”, “ანარეკლი”, “მეიდანი – სამყაროს ჭიპი”.

განხილვა