17
Apr
2018

ქართული ენა სქესს არ ასხვავებს! – გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანიის წარმატება ტოკიოს საერთაშორისო ფოტოკონკურსზე

17 Apr 2018

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის გლობალური კამპანიის, HeForShe-ს ერთ-ერთმა ფოტომ ტოკიოს საერთაშორისო ფოტოკონკურსზე (TIFA) ჯილდო 4 ნომინაციაში მიიღო.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

ფოტო, რომელზეც ქართველი პარამოფარიკავე, მსოფლიო ჩემპიონი ხმლით ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილი და რაპირით ფარიკაობაში 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ლუკა ღაღანიძე არიან აღბეჭდილები, სპორტული ღონისძიებების კატეგორიაში ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა. ამას გარდა, მან ღონისძიებების კატეგორიაში მეორე ადგილი დაიმსახურა, პორტრეტების კატეგორიაში კი ვერცხლისა და საპატიო ჯილდოები მიიღო.

გამარჯვებული ფოტო გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის გლობალური კამპანიის, HeForShe-ს ეგიდით, 2017 წლის ზაფხულში გავრცელდა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და სპორტის დახმარებით ქალთა გაძლიერებას ეძღვნება. სოციალური კამპანიისა და ამ ფოტოს იდეის ერთ-ერთი წყარო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ქართულ ენაში გრამატიკული სქესი არ არსებობს. აქედან გაჩნდა თანასწორობისკენ მიმართული მთავარი შეტყობინებაც – „ქართული ენა სქესს არ ასხვავებს, რატომ ასხვავებ შენ?“

ვიდეორგოლებსა და პოსტერებში, რომლებიც კამპანიის ფარგლებში მომზადდა, სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელი ქალები და კაცები მონაწილეობდნენ. ისინი თანასწორობის იდეის გარშემო გაერთიანდნენ, რათა ეჩვენებინათ, რომ ქალებისა და კაცების შესაძლებლობები სპორტშიც თანაბარია, წარმატების მიღწევასა და გამაჯვებისთვის ბრძოლაში კი სქესს მნიშვნელობა არ აქვს.

„ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, პროექტს შთამაგონებლად რამდენიმე ასპექტი აქცევს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მთავარია მიზანი, რომელსაც ის ემსახურება.

ამ კამპანიაში ჩართულობამ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობის შესაძლებლობა მომცა“, – აღნიშნავს ფოტოგრაფი ანდრეი კოვალოვი, რომელმაც პროექტის ფოტოები გადაიღო.

გაეროს ქალთა ორგანზიაციამ კამპანია საქართველოს სპორტისა და ახალაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და სარეკლამო სააგენტო McCann Tbilisi-სთან პარტნიორობით განახორციელა.

განხილვა