in ,

Tokyo Life – ჟურნალი იაპონურ კომიქსებსა და ანიმაციაზე

Startauperi
Startauperi

„მანგა“ კომიქსის იაპონური შესატყვისია, „ანიმე“ კი ანიმაციას ნიშნავს. ქართულ ბაზარზე, ცოტა ხნის წინ, ჟურნალი Tokyo Life გამოჩნდა, რომლის კონტენტიც სწორედ იაპონური პოპ კულტურის ეს მიმართულებებია. მისი დამფუძნებელი მე-11 კლასის მოსწავლე თემო გიორგაძეა: „ყოველთვის მიზიდავდა იაპონური კულტურა. რამდენიმე წელია, ვსწავლობ იაპონურ ენას. სწავლის პერიოდში, გავიღრმავე ცოდნა იაპონიის შესახებ. ჩემი მიზანი და ოცნებაა იაპონიაში მოგზაურობა და სწავლა. თავისუფალ დროს ვთარგმნი ანიმეებს და ვცდილობ მაქსიმალურად გავავრცელო ეს კულტურა საქართველოში“.

M: რატომ გადაწყვიტეთ ჟურნალის გაკეთება? 

ეს არ არის პირველი პროექტი, რომელიც ამ სფეროში დავიწყე (ანიმეს ვგულისხმობ). როდესაც იაპონიით და იაპონური პოპ კულტურით დავინტერესდი, ძირითად მასალას ინგლისურად ვეცნობოდი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ენა საკმაოდ კარგად ვიცი, გარკვეულ დისკომფორტს მიქმნიდა და მინდოდა, სხვებისთვის საქმე გამემარტივებინა. თავიდან ინგლისურიდან  ვთარგმნიდი მანგებს. შემდეგ, ჩემს მეგობართან ერთად, შევქმენი ანიმე ვებგვერდი, დავიწყეთ ქართულად ნათარგმნი და დუბლირებული ანიმეების განთავსება. ამ ბოლო დროს ვფიქრობდი, კიდევ რისი გაკეთება შემეძლო და როდესაც გადავხედე უცხოურ სიახლეებს, აღმოვაჩინე, რომ დიდი აქტუალობით სარგებლობს იაპონური ჟურნალი Sonen Jump. მივხდი, რომ ეს იდეა საქართველოში გაამართლებდა და დავიწყე ჟურნალზე მუშაობა.

M: რა იბეჭდება  Tokyo Life- ში?

ჟურნალში იბეჭდება ინფორმაცია იაპონურ კულტურაზე, იაპონურ ანიმაციაზე, ანიმეზე. ქართულად ითარგმნება იაპონური კომიქსები ანუ მანგები. ასევე, შეტანილია იაპონური ენის შემსწავლელი გაკვეთილები. თავიდან მინდოდა, ჟურნალი ყოველთვიური ყოფილიყო, მაგრამ როდესაც ვნახე, რამდენად შრომატევადი საქმეა, გადავწყვიტე, ორ თვეში ერთხელ გამომეშვა.

M: სად და რა სახით ვრცელდება?
ვწერთ ანიმე თემატიკის ჯგუფებში და ვავრცელებთ  Facebook რეკლამებს. ჟურნალის შეძენა შესაძლებელია ვებგვერდ Tokyo.ge-ს  Facebook გვერდზე, „ონლაინ“ შეკვეთით. გვაქვს ადგილზე მიტანის სერვისი. მაღალი ფასი ჟურნალის მცირე ტირაჟითაა გამოწვული.
M: როგორც ბიზნესი თუ არის მომგებიანი? 
საკმაოდ მომგებიანია, რაც ერთმა უმთავრესმა  ფაქტორმა განაპირობა. Tokyo Life-ს არ ჰყავს ბაზარზე კონკურენტი. თუ ვინმეს ამ სფეროში პროდუქტი სჭირება, მე მომმართავს.
M: მარკეტინგული მიზნებისთვის თუ შეიძლება Tokyo life-ის გამოყენება?
ჟურნალში შესაძლებელია განთავსდეს იაპონური ენის შემსწავლელი ცენტრების რეკლამები, ანიმე მაღაზიების და ასევე ამა თუ იმ ღონისძიებების შესახებ, რაც შეიძლება ამ სფეროში ჩატარდეს, ეს იქნება მუსიკალური კონცერტი თუ ფესტივალი.
M: ვისთვის არის Tokyo Life? 

ჟურნალი არის მათთვის, ვისაც აინტერესებს ტრადიციული იაპონური კულტურა და თანამდეროვე იაპონური პოპ კულტურა. ჩემი აზრით, პრინტ მედია გარკვეული ასაკის მკითხველისთვისაა განვითარებული. არსებობს საბავშვო ჟურნალები, სპორტ ჟურნალები და საინფორმაციო პრესა, მაგრამ არ არსებობს ისეთი ჟურნალი, რომელიც თინეიჯერს დააინტერესებს. ჩემი მიზანიც ესაა, რომ დავაინტერესო ჩემი ასაკის მკითხველი.

კვება, როგორც ცხოვრების კანონზომიერება – ჯანსაღი კვების კულტურა საქართველოში

როდის გრძნობთ თავს ძალიან კარგად? – Starbucks-ის კამპანია