შენობებმა კარგად იციან, როგორია დაბადება, სიკვდილი და ყველაფერი, რაც მათ შორისაა. წლების მანძილზე აკვირდებიან ისტორიას პოლიტიკური ცვლილებების, სოციალური რეფორმებისა და მფლობელობის თუ დანიშნულების უთვალავი ცვლილების დროს. ალბათ გასაკვირი არაა, რომ ამდენი თანამედროვე ხელოვანი იკვლევს შენობებს, როგორც მეხსიერების შემნახველებს. ამჯერად, გიამბობთ ქართველი ხელოვანის თოლია ასტახიშვილის შესახებ, რომელმაც 2022 წელს პრესტიჟული Chanel Next Prize მოიპოვა. მისი შემოქმედებითი ენერგია ბერლინსა და თბილისზე ნაწილდება. თავისი განსხვავებული შემოქმედებით ის ინტერდისციპლინური ხელოვნების სფეროსთან აახლოებს საზოგადოების პერსპექტივას.
ასტახიშვილის შემოქმედებითი გზა ხატვითა და ფერწერით დაიწყო, თუმცა დროთა განმავლობაში მისი ხელოვნება გასცდა ტრადიციული მედიუმების საზღვრებს. დღეს, იგი ქმნის მასშტაბურ არქიტექტურულ ინსტალაციებს, სადაც ერთმანეთს ერწყმის ვიდეო, ხმა, საარქივო მასალა და ნაპოვნი ობიექტები. განსაკუთრებით საინტერესოა მისი მიდგომა კოლაბორაციული ხელოვნებისადმი – ასტახიშვილის ინსტალაციები ხშირად აერთიანებს სხვა ხელოვანების ნამუშევრებს.
2023 წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა ქართველი ხელოვანისთვის. გერმანიის სამ პრესტიჟულ სივრცეში – Haus am Waldsee-ში, ბონის ხელოვნების გაერთიანებასა და ბილეფელდის ხელოვნების გაერთიანებაში – მან წარმოადგინა პერსონალური გამოფენები. “The First Finger (chapter II)”, “The First Finger” და “I think it’s closed” – თითოეული ეს პროექტი წარმოაჩენს ასტახიშვილის უნარს, შექმნას კომპლექსური, მრავალშრიანი ნარატივები სივრცის, მეხსიერებისა და კოლექტიური გამოცდილების შესახებ.
ასტახიშვილის საერთაშორისო აღიარება კიდევ უფრო გაიზარდა 2024 წელს, როდესაც თავის პირველ პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა აშშ-ში. ნიუ-იორკში მდებარე SculptureCenter-ში დაგეგმილი გამოფენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართველი ხელოვანის კარიერაში და კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მზარდ გავლენას თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო სცენაზე.
ასტახიშვილი პირად და გამოგონილს ამბებს საგამოფენო სივრცეების რეზონანსულ წარსულთან აერთიანებს. მაგალითად, მისი 2023 წლის ინსტალაცია Haus am Waldsee-ში, სახელწოდებით “The First Finger (chapter II)” (რომელიც იყო ორმაგი გამოფენის ნაწილი Bonner Kunstverein-თან ერთად), გახლდათ შენობის ომისდროინდელი გერმანიის ისტორიის გამოძახილი – თავდაპირველად იქ მდიდარი ებრაელი ოჯახი ცხოვრობდა, შემდეგ სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა და საბოლოოდ სახელოვნებო სივრცედ იქცა.
ხელოვანი არ გადმოსცემს ასეთ კონკრეტულ ისტორიებს პირდაპირ თავის გამოფენებში, მაყურებელს იწვევს დაფიქრდეს არქიტექტურის სხეულებრიობასა და ადამიანის გავლენაზე ფართო გაგებით. მისი გამოფენები რთული და მრავალშრიანია, ავლენს შენობების იმ ფენებს, რომლებიც ჩვეულებრივ დაფარულია. ამისთვის ის ქმნის საკუთარ სტრუქტურებს თაბაშირისა და ცემენტის გამოყენებით.
„მოგონებები დალექილია კედლებზე ლაქებისა და ნალექების სახით, ნახატებში, ფოტოებში, ჩანახატებსა და არქიტექტურულ ელემენტებში, რომლებიც ერთმანეთშია ჩაწნული,“ – ამბობს ასტახიშვილი. „მეხსიერება არის რეზერვუარი იმ რაღაცეებისა, რაც არ დავიწყებულა და შემორჩა, რადგან მასპინძელი არსებობდა მათ შესანახად. არსებობს თაროები და საკუჭნაოები, ნიშები და თაღები, დერეფნები და შესასვლელები, რომლებიც გონების დაგროვილ ნარჩენებს ინახავს.“
ასტახიშვილის ნამუშევრები გამოხატავს ადამიანების ორმხრივ ურთიერთობას არქიტექტურასთან – ჩვენს მოძრაობებზე რადიკალურად მოქმედებს ის აშენებული ფორმები, რომლებიც გარს გვარტყია და გვათავსებს, მაშინ როცა ჩვენც ვტოვებთ მათზე კვალს.
ხელოვანი ხაზს უსვამს, თუ როგორ არის წარსული მდიდრულად ჩაქსოვილი ჩვენს ფიზიკურ სამყაროში, თუმცა რჩება ჩვენი პირდაპირი ხედვის მიღმა. ისინი თხრიან და აღმოაჩენენ, გამოხატავენ ღრმა საჭიროებას – იგრძნონ წარსული არა მხოლოდ ჩვენს სხეულებსა და გონებაში, არამედ სხვადასხვა სივრცეებში, რომლებშიც ვმოძრაობთ და ვცხოვრობთ.
წყარო: news.artnet