12 ივნისს, თბილისში ჯაზის „ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდოს მფლობელი, 18 წლის ფრანგი გიტარისტი და კომპოზიტორი ტომ იბარა დაუკრავს. კონცერტი 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრში გაიმართება. მუსიკოსი, მსმენელის წინაშე, 5 კაციან ჯგუფთან ერთად წარდგება და ახალ ალბომში („Sparkling“) შესულ კომპოზიციებს შეასრულებს. ბენდის შემადგენლობა ასეთია: პიანო, დრამი, ბასი, საქსოფონი და ელექტრონული გიტარა (ტომ იბარა). იბარას კარიერაში ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა, 2016 წელს სენტ – ემილიონის ფესტივალზე, მარკუს მილერის ბენდთან ერთად გამოსვლა იყო.
ტომ იბარას კონცერტი ფესტივალ „თბილისი რიტმის“ ფარგლებში იმართება და ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება.
რაც შეეხება თავად ფესტივალს, მისი ორგანიზატორი კომპანია „თაგის არტია“.
„ჩვენი მიზანია, საქართველოში, საერთაშორისო აღიარების მქონე მუსიკოს – შემსრულებელთა კონცერტების ორგანიზება, ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდების ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენა და ერთობლივი, შემოქმედებითი პროექტების რეალიზება“, – ამბობენ ფესტივალის ორგანიზატორები.
„თბილისი რიტმი“ უკვე მეორე წელია ტარდება და, როგორც წესი, რამდენიმე კონცერტს აერთიანებს. წელს ფესტივალი, 23 ივნისს, Check in Georgia-სთან ერთად განხორციელებული პროექტით, ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ „33ა“-ს კონცერტით დაიხურება.
[R]