„კონცეფცია მარტივია – დღეს გაყიდე ფეხსაცმელი და ხვალ გააჩუქე” – ეს სიტყვები ბლეიკ მიკოსკის, TOMS-ის დამფუძნებელს ეკუთვნის. 2006 წელს მან შეიმუშავა მოდელი One for One, რაც ყოველ გაყიდულ ფეხსაცმელზე თითო წყვილის გაჩუქებას გულისხმობდა. ამ კონცეფციას უკან საინტერესო ამბავი უდგას, რომელსაც, რა თქმა უნდა, ახლა მოგიყვებით.
ბლეიკ მიკოსკის ამბავი
არგენტინაში მოგზაურობის დროს ბლეიკ მიკოსკიმ ნახა გაჭირვებული ბავშვები, რომლებიც ფეხშიშვლები დადიოდნენ. ასევე მის თვალს არ გამორჩენია, რომ ყველა, ვისაც ფეხსაცმელი ეცვა, ესპადრელების სტილს იყენებდა. ყოველივე ნანახმა იგი შთააგონა, რომ შეექმნა ბიზნეს მოდელი, რომლითაც ყოველ გაყიდულ პროდუქტზე ერთი წყვილი ფეხსაცმლით გაჭირვებულ ბავშვს დაეხმარებოდა. პირველი საწარმო, რომელიც მან გახსნა, სამი სტაჟიორისა და თავად ბლეიკისგან შედგებოდა. საწარმოდ კი ის საკუთარ სახლს იყენებდა ლოს ანჯელესში.
TOMS-ის პირველი ნაბიჯები
სახელწოდება TOMS მომდინარეობს ტერმინიდან shoe for Tomorrow Project. პირველი დიზაინი, რომელიც საწარმომ შექმნა, არგენტინული ესპადრელების მსგავსი იყო, რადგან მისი ინსპირაციით შეიქმნა. ბლეიკმა თავდაპირველად 500 წყვილი გამოუშვა, თუმცა ფეხსაცმელმა იმხელა მოწონება დაიმსახურა, რომ ზუსტად 6 თვეში ეს რიცხვი 10000-მდე გაიზარდა. ამ გაყიდვებიდან მიღებული მოგების ნაწილი ბლეიკმა საზოგადოებრივი პროექტების განხორციელებაში გამოიყენა. ის ეხმარებოდა ადამიანებს, რომლებსაც ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. ამ ნაბიჯების მიღმა მყოფი იდეა ყოველთვის ეფუძნებოდა მდგრადი ბიზნეს მოდელის შექმნას.
გუნდი საწარმოებს აფუძნებდა ადგილობრივ რეგიონებში, რითაც სურდა არა მხოლოდ წარმოების გაფართოება, არამედ წყაროების შექმნა იმ ქვეყნებში, რომლებშიც მუშაობდა.
სოციალური საწარმო
სოციალური საწარმო არის მდგრადი ბიზნესი, რომელიც შექმნილია სოციალური მიზნისთვის. ის ეხმარება როგორც თემებს, ისე ინდივიდებს. მიუხედავად იმისა, რომ TOMS იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან კომპანიებს შორის, რომლებიც მუშაობდნენ ამ გზით, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს წარმატებამ სხვა კომპანიებიც შთააგონა. TOMS დღესაც ბევრს შრომობს დროისა და ფულის ინვესტირებაზე, რათა გააჩინოს და მხარი დაუჭიროს ახალ სოციალურ პროექტებს მთელ მსოფლიოში.
ამ ბრენდის მთელი ისტორია დამყარებულია ქველმოქმედებაზე. დაარსების დღიდან ის ეხმარება ბავშვებს, დედებს, გვატემალაში 300,000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა მხედველობის აღდგენის მკურნალობა და ოპერაცია. ის ასევე ეხმარება მედიკამენტებით მათ, ვისაც წამლის შეძენის საშუალება არ აქვს.
ბრენდი, როგორც ინსპირატორი
TOMS-ის ისტორიამ არა მარტო სხვა კომპანიები, არამედ ზოგადად, ბევრი ადამიანი შთააგონა. 2007 წელს პეპერდინის უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფმა წამოიწყო კამპანია „ერთი დღე ფეხსაცმლის გარეშე”. შვიდი წლის შემდეგ, 2014 წელს, კამპანია გაიზარდა და გახდა ყოველწლიური ღონისძიება TOMS კომპანიისთვის. ეს ღონისძიება მაგალითია იმისა, რომ ნებისმიერს შეუძლია რაღაცის დაწყება და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა.
TOMS ახლა
ამჟამად TOMS ფეხსაცმლის გარდა სათვალეს, ტანსაცმელს, ჩანთებსა და ყავასაც კი აწარმოებს. საერთაშორისო მასშტაბით, მისი პროდუქცია 500-ზე მეტ მაღაზიაში იყიდება. ფეხსაცმლის გაჩუქების პროგრამები კი 70-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს, მათ შორის: შეერთებულ შტატებში, არგენტინაში, ეთიოპიაში, რუანდაში, ესვატინში, გვატემალაში და სხვაგან.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი