წყნარი ოკეანის კუნძულ ტონგასთან ძლიერი წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ მსოფლიო ახალი, პატარა კუნძულის ზრდის მოწმე ხდება. ჯერჯერობით უცნობია, სტატისტიკურად რამხელა მსხვერპლი მოჰყვა ამოფრქვევას, თუმცა ხელისუფლება აქტიურად ცდილობს ამის გარკვევას.
საგულისხმოა, რომ 2015 წელს, იმავე წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ახალი კუნძული წარმოიქმნა. თანამგზავრული გამოსახულების კომპანია Planet Labs-ის თანახმად, მეცნიერები ელოდნენ, რომ ის რამდენიმე თვეში დაიშლებოდა… თუმცა უკვე 7 წელი გავიდა და დაშლის ნაცვლად, პირიქით, ინტენსიური ზრდა დაიწყო. ექსპერტების აზრით, ბოლო პერიოდში მცირე ამოფრქვევამ მისი ზომა თითქმის 50%-ით გაზარდა.
“ფოტოები ნათლად აჩვენებს კუნძულის ახალ სტრუქტურას. თუ PlanetScope-ის მიერ დეკემბრის შუა რიცხვებში გადაღებულ კადრებს შევადარებთ, აშკარაა, რომ კუნძულის ზედაპირის ფართობი თითქმის 45 პროცენტით გაიზარდა”, — აცხადებს დენ სლეიბეკი, NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრის მეცნიერი.
მართლაც საოცარია იმაზე ფიქრი, რომ პატარა კუნძული რეალურ დროში იბადება და იზრდება… მაგრამ ინტერნეტისა და სატელიტური კავშირის ნაკლებობა ართულებს ახლომდებარე კუნძულის მაცხოვრებლების კეთილდღეობის გადამოწმებას. მეცნიერების იმედს თუ დავეყრდნობით, უახლოეს კვირებში აუცილებლად გავიგებთ ახალი კუნძულისა და მოსახლეობის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას.